სამხრეთ ოსეთი

ოსური არჩევანი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, 13 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო. მეორე ტურში, რომელიც 27 ნოემბერს შედგება, ერთმანეთს „საგანგებო სიტუაციების მინისტრი” ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა დაუპირისპირდებიან.   

თბილისი რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას „მარიონეტული რეჟიმის ფსევდოდემოკრატიული თამაშების მორიგი მცდელობა” უწოდა, რასაც ერთი მარიონეტული რეჟიმის მეორით ჩანაცვლება მოჰყვება. 

სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთეს. ვაშინგტონმა რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

ცხინვალის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ანატოლი ბიბილოვმა ხმების 25.44% მიიღო. ალა ჯიოევა მას მცირედი სხვაობით ჩამორჩა – ამომრჩეველთა ხმების 25.37 პროცენტი მოიპოვა. 

ანატოლი ბიბილოვი კანდიდატად მმართველმა პარტია „ედინსტვომ” დაასახელა. 12 ნოემბერს ცხინვალში გამართულ მიტინგზე ბიბილოვს საჯაროდ დაუჭირეს მხარი როგორც ედუარდ კოკოითიმ, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა შეკრებაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის მიმართვა წაიკითხა, რომელმაც ბიბილოვს მხარდაჭერა გამოუცხადა. კოსაჩევმა განსაკუთრებით მოიწონა კანდიდატის პროგრამის ის ნაწილი, რომელიც „რუსეთთან ერთობას” ითვალისწინებს. 

საბჭოთა სადესანტო ჯარების ყოფილი ოფიცერი ანატოლი ბიბილოვი, როგორც 1990-92 წლების, ასევე 2008 წლის სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობდა. ის მეთაურობდა ოსურ სპეცრაზმს, მოგვიანებით კი რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში მსახურობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საქმიანობას ბიბილოვი უთავსებდა კრიმინალური ჯგუფის წევრობას კიევში, რომელიც რეკეტს, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდა. 

ბიბილოვის მეტოქე ალა ჯიოევა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განათლების მინისტრის თანამდებობიდან 2008 წელს გაათავისუფლეს. იგი ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულეს. გასული წლის აპრილში მას 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ჯიოევა საკუთარ დანაშაულს უარყოფდა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, რეჟიმის ლიდერთან დაპირისპირებას უკავშირებდა. 

ედუარდ კოკოითი ყველანაირად შეეცადა სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას. ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა რეჟიმის მთავარი ოპონენტები. საარჩევნო უბნები არ გახსნილა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ცხინვალიდან გაძევებული მრავალი ოპოზიციონერი იმყოფება. 

კოკოითის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე  –  თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, ცხინვალში ადგილობრივ ძალოვნებს ჯერ საკუთარ სახლში რამდენიმე დღე ალყაში ჰყავდათ, შემდეგ კი რეგიონიდან გააძევეს. 

ამის შემდეგ თედეევმა მხარი ალა ჯიოევას კანდიდატურას დაუჭირა. მის სასარგებლოდ განცხადებები ყოფილმა „უშიშროების საბჭოს მდივანმა” ანატოლი ბარანკევიჩმაც გააკეთა. ჯიოევას სააგიტაციო პლაკატებზე კანდიდატი სწორედ თედეევსა და ბარანკევიჩთან ერთად  იყო გამოსახული. 

თედეევს კოკოითისთან ბრძოლის პირადი მოტივები აქვს. 2001 წელს მის გაპრეზიდენტებას სწორედ გავლენიანმა ძმებმა – ჯამბოლათ და იბრაგიმ თედეევებმა შეუწყვეს ხელი. თუმცა, მალევე მათი ურთიერთობა გაუარესდა, 2006 წელს, ვლადიკავკაზში, იბრაგიმ თედეევი გაურკვეველ გარემოებებში ჩაცხრილეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჯამბოლათ თედეევმა ძმის სიკვდილში კოკოითი დაადანაშაულა და შურისძიების პირობაც დადო.  

კოკოითის კონფლიქტი ანატოლი ბარანკევიჩთან აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ბარანკევიჩის ვერსიით, მან რეჟიმის ლიდერი სიმხდალესა და კორუფციაში დაადანაშაულა და თანამდებობიდან გადადგა, კოკოითიმ კი იგი რეგიონიდან გააძევა. 

კოკოითიმ კიდევ ერთი გავლენიანი ოპონენტის თავიდან მოცილება მოახერხა. ბიზნესმენი ალბერტ ჯუსოევი, რომლის კუთვნილი კომპანია ვლადიკავკაზი-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობას ახორციელებდა, 2009 წელს რეჟიმის ღია კრიტიკით გამოვიდა. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ გადასახადების გადაუხდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თავად ჯუსოევი კი ცხინვალში ჩასვლისგან მას შემდეგ თავს იკავებს.  

ის, რომ ჯიოევას წარმატებას რეჟიმის წინააღმდეგ საზოგადოების საპროტესტო განწყობამ შეუწყო ხელი, ანატოლი ბიბილოვმაც აღიარა. „ალას რადიკალური ქცევა ელექტორატს მოსწონს. მაგრამ ჩვენ ძველებურად მოვიქცევით – საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ და რადიკალიზმი არ დავუშვათ”, – განუცხადა ბიბილოვმა „კომერსანტს”. 

ჯიოევას მეორე ტურში გამარჯვება ედუარდ კოკოითიმ გამორიცხა. მისი თქმით, „ჩვენთან ქალებს არავინ  ჩაგრავს, მათ პატივისცემით ექცევიან. მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა”. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ მეორე ტურისთვის ადგილობრივი რეჟიმი მაქსიმალური სიმძლავრით ადმინისტრაციულ რესურსს აამოქმედებს, რათა ბიბილოვის გამარჯვება უზრუნველყოს. 

რა შედეგითაც უნდა დასრულდეს მეორე ტური, ახალი „პრეზიდენტი” ნებისმიერ შემთხვევაში პრორუსული იქნება. „რუსეთთან ერთობისკენ” კიდევ ერთი ნაბიჯი ცხინვალის რეგიონმა 13 ნოემბერს გადადგა – არჩევნებთან ერთად ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 84 პროცენტმა, რუსული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. 

კომენტარები