ჯანდაცვა

ინტერვიუ ანდრია ურუშაძესთან

პასუხისმგებლობის გადანაწილება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის

ქართული ჯანდაცვის სისტემა რეფორმირების პროცესშია. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სახელმწიფოს ის ნაბიჯებია, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის რეფორმას, ფარმაცევტულ ბაზარს და მოქალაქეთა სამედიცინო დაზღვევას ეხება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტაბულა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს ესაუბრა.

 

რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე?

ჯანდაცვის რეფორმა რთულად, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის ათპუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვაა. ესაა ჯანმრთელობის რეფორმის უმთავრესი ორიენტირიც. ბევრი მოქალაქე ჩვენი სისტემის ხარისხით და შეცდომებით ჯერ კიდევ უკმაყოფილოა. ამიტომ, რეფორმის კიდევ ერთი ორიენტირია მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება, დაზღვეული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

ჩვენი სტრატეგიული ამოცანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტურობის ზრდაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება არაერთ სერვისსა და ჩარევას გულისხმობს. საუბარია იმ მოქალაქეთა დაფინანსებაზე, რომელთა დაავადება საფრთხეს უქნის გვერდით მყოფებს. დღეს სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება სერვისები, რომლებიც უკავშირდება ტუბერკულოზით, შიდსით ან ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქეების მკურნალობას. გარდა ამისა, არის სკრინინგის პროგრამები – ასევე სახელმწიფოს ხარჯზე. აგრეთვე, იგულისხმება ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის მკურნალობა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები დღეისათვის ხელმისაწვდომი და უფასოა ყველა მოქალაქისთვის. 

რატომ თვლით, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და არა თავად ადამიანებმა?

როდესაც მოქალაქის ინფექციური დაავადება საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს, საზოგადოების ინტერესებშია, ამ სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ფინანსური ბარიერები არ იყოს. იმ დაავადებებისას, რომლებიც ცხოვრების არაჯანსაღ წესს უკავშირდება, აუცილებელია პირად პასუხისმგებლობაზე საუბარი. თუმცა, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მოტივაცია და საკმარისი ცოდნა ჯანმრთელობის დასაცავად. თანაც, არა მარტო უფასოა, არამედ ხშირად დამატებით შემოსავალსაც ტოვებს ოჯახში – მაგალითად, სიგარეტზე გაწეული ხარჯი არამიზნობრივია. ამიტომ, ბუნებრივია, ყველას ვურჩევთ, იცხოვროს ცხოვრების ჯანმრთელი წესით.

როგორ მიმდინარეობს საავადმყოფოების განკერძოების პროცესი? 

ხარისხიან ჯანდაცვას სჭირდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი საავადმყოფოები, კვალიფიციური პერსონალი. 2007 წელს 100 საავადმყოფოს  მშენებლობის საინვესტიციო პროექტი ბევრმა მიზეზმა შეაფერხა. ერთ-ერთი იყო ომი. რუსეთის აგრესიამ ჩვენს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამას დაერთო გლობალური ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, მშენებლობა ყველაზე მძიმე წლებშიც არ შეჩერებულა. მომავალი 6 თვის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 149 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა-რეაბილიტაცია. ადამიანები, რაიონებსა თუ დიდ ქალაქებში, ხედავენ, რომ ბევრი შენობა პრაქტიკულად მზადაა, დანარჩენების მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. აუცილებლად შესრულდება ჩვენი დაპირება – ყველა რაიონსა და ქალაქში იქნება ახალი, რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტით აშენებული საავადმყოფო. მოსახლეობისთვის ეს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 რჩება თუ არა ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნად მომსახურების სფეროს ლიბერალიზაცია?

სიტყვა „ლიბერალიზაცია” ბუნდოვანია – ჩვენი ერთ-ერთი პრინციპია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა და თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს საავადმყოფოების ყოველდღიურ ადმინისტრირებასა და მართვაზე. ის ხელს უწყობს კერძო ინიციატივებს ჯანდაცვის სექტორში – ამან უკვე გამოიღო კარგი შედეგი. აუცილებელია, ვისაუბროთ ხარისხის კონტროლზეც, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე, გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას – როგორ გავხადოთ და შევინარჩუნოთ ეს სერვისი ხელმისაწვდომი მოქალაქისთვის.

 კრიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ისმის, სწორედ ფასების შესაძლო ზრდას ეხება.

 სამედიცინო მომსახურებაზე ფასები არც ახლაა დაბალი. თანაც, მომსახურების ფასებს ერთვოდა დამატებითი ხარჯები – ასეულობით ჩვენი მოქალაქე იძულებული იყო, თავისი რაიონიდან დიდ ქალაქებში წამოსულიყო და იქ მიეღო სამედიცინო მომსახურება. პასუხი ამ კითხვაზე არის დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. 4 წლის წინ 40 ათასამდე მოქალაქე იყო დაზღვეული, დღეს მილიონ-ნახევარზე ვსაუბრობთ. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივა  გულისხმობს მომავალი წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვის დაზღვევას. ანუ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, ვისაც ფინანსური ხელიმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა, ასაკის გამო არ აზღვევდნენ, ან მშობელზე იყო დამოკიდებული – გახდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევის მფლობელი. 

რომელია ის კონკრეტული სამედიცინო ობიექტები, რომელთა გაყიდვას სახელმწიფო არ აპირებს? რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, მაგალითად, შიდსის ცენტრი – რატომ არ უნდა ჰყავდეს მას კერძო განმკარგავი?

მოვა დრო და ყველა ერთად გადავწყვეტთ, როგორ უნდა იმართოს უკეთ ის, რაც დღეისათვის სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. 

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სახელმწიფო საავადმყოფოს ყველაზე უკეთესი მმართველია. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთ მიიღწევა ხარისხის ზედამხედველობა და მართვის ეფექტურობა, თუ საავადმყოფოს მართვას ამაზე სპეციალიზებული ჯგუფი დაიწყებს. ეს არა გაყიდვა, არამედ ფონდების და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაა. პასუხისმგებლობები და ურთიერთვალდებულებები კონტრაქტით გაწერილია. ერთ-ერთი პირობაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების შენარჩუნება – იდგა კითხვა, რომ  განკერძოების შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე რაიონი დარჩენილიყო, ვთქვათ, ვაქცინაციის გარეშე. ახალ დაწესებულებებში საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვანი მომსახურების შენარჩუნება სავალდებულოა. 

განკერძოება სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც გაზრდის...

ხარისხის კონტროლს ცალკე განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ინტერესია, ეს ხარისხიანი გახდეს და მასზე ვაწესებთ ზედამხედველობას. ეს გამომდინარეობს სანებართვო პირობებიდან და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან.

 დაზღვევა ახსენეთ. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, 2015 წლისთვის სახელმწიფო დაზღვევა 2,5 მილიონ ადამიანს ჰქონდეს. რა გათვლებს ეყრდნობა ეს გეგმა? 

ახლა არის დაახლოებით მილიონ-ნახევარი. მომავალ წელს 250 ათასი სკოლამდელი ასაკის ბავშვის და დამატებით 600 ათასზე მეტი ასაკით პენსიონერის დაზღვევას ვგეგმავთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ კერძო დაზღვევა სწრაფად ვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რიცხვი სავსებით რეალურია. დაზღვევა სამედიცინო მომსახურების გაიაფების საუკეთესო გზაა.

 თუმცა ამისთვის არსებობს კერძო სექტორი  და მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ყიდულობს დაზღვევას.

არსებობს ჯგუფები, რომელთაც სხვადასხვა ბარიერი ექმნებათ დაზღვევის შეძენისას – ფინანსური ან ასაკობრივი. ღარიბ მოსახლეობას უზარმაზარი ფინანსური პრობლემა ჰქონდა, რომ შეეძინა მისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, არ აზღვევენ ხანდაზმულ მოქალაქეებს. რაც შეეხება ბავშვთა დაზღვევას, ქვეყანას საკუთარი ამოცანები აქვს – მათ შორის ერთ-ერთია ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით. ეს არის პასუხი დემოგრაფიულ გამოწვევებზე. 

ჩვენ ავირჩიეთ გზა, როცა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის შესყიდვა, კერძო სამედიცინო დაზღვევის კომპანიებისგანაა შესაძლებელი. ეს კომპანიები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ იმ თამაშის წესებით, რასაც სახელმწიფო აწესებს – ფიქსირებული ფასი, ინფორმაციის მოწოდება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვა.  

ამავე დროს, ხელი უნდა შევუწყოთ კერძო დაზღვევის განვითარებას. ჩვენ მოტივაციას ვუჩენთ მოსახლეობას, რომ თავად გადაწყვიტონ, შეიძინონ თუ არა სამედიცინო დაზღვევა. ეს არის პასუხისმგებლობის გადანაწილება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის.

ვისაუბროთ ფარმაცევტულ სფეროში მიმდინარე რეფორმაზეც: ფარმაცევტული ბაზრის დერეგულაციას დადებითი შედეგები მოჰყვა (კონკურენციის გაზრდა, ახალი აფთიაქების გაჩენა, წამლებზე ფასების დაწევა). რა ბედი ეწევა არსებულ რეგულაციებს, ითვალისწინებს თუ არა რეფორმა მათ კიდევ უფრო გამარტივებას?

ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მოხდა ძალიან სწორი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენ აღიარებითი რეჟიმი დავაწესეთ ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში – ანუ მაღალი რეგულირების ქვეყნებში რეგისტრირებულ მედიკამენტებზე. აქ რეგისტრირებული მედიკამენტის საქართველოში შემოტანისას დამატებით კლინიკურ და სხვა სახის შემოწმებებს აღარ ვაკეთებთ – იმიტომ, რომ ის ერთხელ უკვე შემოწმებულია. ამან მედიკამენტის ხარისხი და სანდოობა მხოლოდ გაზარდა. პარალელურმა იმპორტმა წაახალისა თავისუფალი კონკურენცია და ფარმაცევტული ბაზარი მარწუხებისგან გათავისუფლდა. თავისუფალმა კონკურენციამ და მეტი მოთამაშის გამოჩენამ წამლების ღირებულების 23%-ით შემცირება გამოიწვია.

თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრინციპია. საინტერესო პროექტებს ვამუშავებთ, ერთ-ერთია მედიკამენტების ელექტრონული რეგისტრაცია. ამასთან ერთად, ვახორციელებთ კონტროლს ხარისხზე. რეგულირების სააგენტომ წელს რამდენიმე ათეული აფთიაქი დააჯარიმა, ზოგს ნებართვა შეუჩერა იმის გამო, რომ ირღვეოდა ფსიქოტროპული წამლების რეალიზაციის, წამლების შენახვის წესები და ვადები. წამლის ყიდვის დროს მოქალაქე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს.

სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმების ახალი ნაკადის დაბალანსებასა და სამედიცინო პერსონალის ადეკვატურ ბალანსს უნდა მივაღწიოთ. რა მექანიზმით აპირებთ ამას? რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო უკეთ განსაზღვრავს, რამდენი საექიმო კადრია საჭირო, ვიდრე თავად დასაქმების ბაზარი?

ადამიანური რესურსის დაგეგმვა იმის გასაგები ინსტრუმენტია, თუ რა პრობლემებია ჯანდაცვის სერვისის მიწოდების სფეროში. დღეს რეგისტრირებული ექიმი ბევრად მეტია, ვიდრე მოთხოვნა. სამაგიეროდ, ექთნების დეფიციტია. თანაც, ექიმების დიდი ნაწილი რეგისტრირებულია თბილისში და დიდ ქალაქებში. რაიონში კვალიფიციური ექიმის შოვნა დიდი პრობლემაა.

სირთულეა ისიც, რომ ექიმების 80% ვიწრო სპეციალიზაციისაა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროფესიული გადამზადების პროგრამებს, შევამციროთ ბარიერები, რომ ექიმს ადვილად შეეძლოს კვალიფიკაციის შეცვლა და სამუშაო ადგილის პოვნა. მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო გამოცდების სწორად ორგანიზებაც – დიპლომის აღებისას ექიმს არ შეუძლია, პირდაპირ განაგრძოს საქმიანობა, ჯერ საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა გაიაროს. სამწუხაროდ, წელს 1700 დიპლომიანი კურსდამთავრებულიდან მხოლოდ 30%-მა მოახერხა ბარიერის გადალახვა. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემებია ზოგადად, სამედიცინო განათლებაში და კადრების კვალიფიკაციაში. ცხადია, ამ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ექიმების და ექთნების მომზადება, თანამედროვე ლიტერატურასთან წვდომა და პროფესიულ განვითარებაში დახმარება.

რა ვითარებაა პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით? ომბუდსმენის 2010 წლის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობა მინიმალური და არამკაფიო იყო. რა ვითარებაა ახლა? გაითვალისწინეთ თუ არა რეკომენდაციები? 

შევქმენით საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც არის სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და ქალბატონი ხათუნა კალმახელიძეც. კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ციხეში სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს იმავე სტანდარტებს, რაც ციხის გარეთაა. გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯებიც. მაგალითად, ქსანში შენდება თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო დაწესებულება, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულები იმკურნალებენ. ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა – შეზღუდული აქვს მას გარკვეული უფლებები, თუ არა.

ტაბულა აშუქებდა ფსიქიატრიაში მიმდინარე რეფორმას, რომელიც ფსიქიკური ცენტრების რეაბილიტაციას, ჰოსპიტალგარე მკურნალობის განვითარებას და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას ითვალისწინებდა. რა ეტაპზეა ამჟამად რეფორმა?

რეფორმა ითვალისწინებდა ჰოსპიტალური დაწესებულებების რეაბილიტაციას, მწვავე განყოფილებების გახსნას ზოგად კლინიკებში, ბავშვთა  და ქრონიკული პაციენტებისთვის ცალკე განყოფილებების გახსნას. ეს ყველაფერი უკვე გაკეთდა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. ინფრასტრუქტურული ცვლილებები გაგრძელდება. ხელს ვუწყობთ ფსიქიკურად დაავადებულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს. პერსონალის გადამზადების კუთხითაც პროგრესია. ითარგმნება სახელმძღვანელოები. ფსიქიატრიის მიმართულებით თბილისში სერიოზული ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. ეს პროექტი ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება.

ტაბულა დაინტერესებულია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობითაც. რა ტემპებით მიმდინარეობს დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულებების გაუქმება და სახელმწიფოს მინდობილი ბავშვების გადაყვანა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში? იგეგმება თუ არა დიდი ბავშვთა სახლების საერთოდ გაუქმება?

ეს სახლები ჩანაცვლდება საოჯახო ტიპის, მინდობით აღზრდის და სხვა ტიპის სერვისებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში 75%-ით შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ დაწესებულებებში. უკვე 17 საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს. კიდევ 14 სახლი დამთავრდება თებერვლამდე, პირველი სახლი 25 ნოემბერს გაიხსნება გლდანში.

იმედი გვაქვს, ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობას ბიოლოგიურ ოჯახებში დავაბრუნებთ. ვიწყებთ პროექტს ქუჩის ბავშვებთან და თავშესაფარში გაზრდილ 18 წლის და მათზე უფროს მოქალაქეებთან დაკავშირებითაც. 

საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო (მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსი). მიუხედავად ამისა, პროფკავშირები გამუდმებით აპროტესტებენ, დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და მის შეცვლას მოითხოვენ. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, დაცულია თუ არა დღეს საქართველოში დაქირავებულთა ინტერესები?

ჩვენ შექმნილი გვაქვს სოციალური დიალოგის ინსტიტუტი, სადაც წარმოდგენილია როგორც პროფკავშირი, ასევე დამსაქმებელთა ასოციაცია – რომლის თავმჯდომარე მე ვარ – და სამინისტრო.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება ემყარებოდეს კონსენსუსს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, ამით თავიდან ავიცილებთ არა მხოლოდ არაპროფესიულ კამათს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, არამედ მნიშვნელოვან პრობლემებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს სოციალური ან პოლიტიკური დაძაბულობები. ბევრს, ვისაც შეხვედრივარ და აკრიტიკებს კოდექსს, საერთოდ არ წაუკითხავს ის.

ჩვენი შრომის კოდექსის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს შრომით ურთიერთობებზე. თავისუფლებას ანიჭებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს, მოლაპარაკების გზით, ორივე მხარისთვის მისაღები შრომითი კონტრაქტი დადონ. ეს არის თავისუფლება არა მხოლოდ დასაქმებულისათვის, არამედ დამსაქმებლისთვისაც. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში განვითარებული ბოლო მოვლენები, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისები და არასტაბილურობა, გარკვეულწილად, სწორედ ხისტი შრომის რეგულირებით ან სოციალური ვალდებულებებითაა გამოწვეული.

საქართველოს მთავრობის იდეოლოგიაა თანამგრძნობი ლიბერტარიანიზმი. როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი თანაგრძნობასა და ლიბერტარიანიზმს შორის? ეს საკითხი ყველაზე მეტად სწორედ იმ სფეროებს ეხება, რასაც თქვენი სამინისტრო კურირებს – ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და შრომა. 

მთავრობას აქვს თავისი როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. თუ ჯანდაცვის სექტორს ავიღებთ, ზედამხედველობა და გარკვეული სტანდარტის დაწესება, მოქალაქის გვერდზე დგომა, როცა მისი ინტერესები შეილახება, აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, ნებისმიერ მმართველს თუ სფეროს სჭირდება სწორი ორიენტირების, სტრატეგიული ამოცანების ჩამოყალიბება. აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს ერთიანი ხედვა, როგორ მივაღწიოთ, რომ ჩვენი ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გახდეს. მე ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობას ვერცერთ იდეოლოგიასთან ვერ ვხედავ. გზა, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა სთავაზობს საზოგადოებას, არის ყველაზე ეფექტური ამ ეტაპზე და იძლევა მოკლე ვადაში მთავარი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას: ესაა ეკონომიკური განვითარება, უმუშევრობის შემცირება, სოციალური უთანაბრობის შემცირება, მეტი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროზე – საზოგადოება თავის მიერ დაქირავებული მთავრობისგან ამას ელოდება. 

ბალანსს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ის დაცულია – თუმცა ამას ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს. 

კომენტარები