არქივი

ადამიანის უფლება-მოვალეობა

0 კომენტარი

ილია ჭავჭავაძის ტექსტებს თანამედროვეობა არასდროს აკლდა. ადვილი ენით დაწერილი და მარტივად გასაგები, ილიას ტექსტი ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიხსნის, რომ უზენაესი ღირებულება „საკუთარისა” და „სხვისის” ანუ უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემაშია. ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ილია შოტლანდიელებისა და სპარსელების ყოფის შედარებით ხსნის. მკაცრ პირობებში მცხოვრები შოტლანდიელები კარგად ერკვევიან საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში. ამიტომაცაა, რომ ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ძლიერდებიან და ვითარდებიან. სპარსელები კი, პირიქით, უხვად იღებენ ბუნებისგან სიმდიდრეს, მაგრამ „საკუთარისა” და „სხვისის” საზღვარი არ იციან და სიმდიდრეს ანიავებენ. სამწუხაროა, რომ „საკუთარი” და „სხვისი” დღესაც ბუნდოვან ტერმინებად რჩება და მათ შორის ზღვარის გავლება დღესაც გვიჭირს. ამიტომაც, იქნებ სჯობდეს, რთული და ძვირი ეკონომიკური პროექტების ნაცვლად, მეტი დრო ამ მარტივი ფორმულის გამოკვლევისთვის დაგვეთმო.

გიორგი მელაძე

 

ილია ჭავჭავაძე

ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და  ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქული, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი, – იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე – სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი – სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე – სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის „ჩემი აქ თავდებაო და სხვისი აქ იწყებაო”, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისი. 

რაც სხვისაა, – ჩემო მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა. 

უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით.  ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები