ასტრობიოლოგია

პლანეტა ყველას ეყოფა

0 კომენტარი

დღეს ვილაპარაკებთ უახლეს კვლევაზე ასტრობიოლოგიაში, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა გალაქტიკის სივრცეებში ისეთ ადგილებს მიაკვლიეს, სადაც, სავარაუდოდ, სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ორგანული ნაერთები წარმოიქმნება. 20-30 წლის წინ სიტყვა „ასტრობიოლოგია” ღიმილს იწვევდა. მას, უკეთეს შემთხვევაში, ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებდნენ და სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თუმცა NASA-მ პრაქტიკულად თავისი დაარსების დღიდან – 1959 წლიდან – დაიწყო კოსმოსში სიცოცხლის ძიების პროექტების განხორციელება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, 31 ოქტომბერს მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდი შეადგინა. თარიღი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. დედამიწის ბინადართა ზუსტი რიცხვის დადგენა უწყვეტი შობადობა-გარდაცვალებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს პლანეტაზე ამდენ ადამიანს ერთდროულად არასოდეს უცხოვრია.

გაეროს განცხადებამ ტომას მალთუსის მიმდევრები გაააქტიურა და ანტიპოპულაციონისტური გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია. ბრიტანელი მეცნიერი XIX საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ დედამიწას არ შეუძლია გამოკვებოს გაზრდილი მოსახლეობა. შესაბამისად, თუ კაცობრიობამ გამრავლების ტემპი არ შეამცირა, ეს მასობრივი შიმშილის, ეპიდემიების და ომების ხარჯზე მოხდება.

მალთუსიანიზმი რომ ეკონომიკური აბსურდია, მცირე ისტორიული ანალიზიც ამტკიცებს. საინტერესო ის უფროა, რომ ამ ანტიჰუმანურ თეორიას ჯერ კიდევ მრავალი მომხრე ჰყავს. ისინი შიშობენ, რომ დედამიწაზე 2050 წლისთვის – 9, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის – 10 მილიარდი მოსახლეობის გამოსაკვებად რესურსები არ მოიპოვება. შეშფოთება აზრსმოკლებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ეკონომიკურ დოვლათს ადამიანები ქმნიან.

მეტი სიცხადისათვის სჯობს ისტორიას გადავხედოთ. ჰომო საპიენსი განვითარების საინტერესო ტემპებით ხასიათდება. პირველი მილიარდის მისაღწევად 120-150 ათასი წელი დაგვჭირდა, მომდევნო 206 წელიწადში კი 6 მილიარდით გავმრავლდით. 1804 წლისათვის (მიახლოებითი თარიღი, როდესაც მსოფლიო მოსახლეობამ ერთი მილიარდი შეადგინა) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს არ აღემატებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა მალთუსის „ესეი მოსახლეობის პრინციპების შესახებ”. ავტორი ადამიანთა გამრავლების კვალდაკვალ ცხოვრების სტანდარტების კატასტროფულ ვარდნას წინასწარმეტყველებდა. რეალობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: 1800 წლიდან მოყოლებული, 40-ჯერ გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე (წლიური 179$-დან 6757$-მდე), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ კი 2000 წლისათვის 69 წელი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მალთუსი არა მარტო მომავლის, არამედ წარსულის შეფასებისასაც არაადეკვატური იყო. მისი თეორიის თანახმად, ნაკლები მოსახლეობის პირობებში ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია. საინტერესოა, როგორ ახსნიდა იმ ფაქტს, რომ 1500 წელს, როდესაც სულ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მსოფლიო 1.6-ჯერ უფრო ღარიბი იყო, ვიდრე გაორმაგებული მოსახლეობის პირობებში.

1927 წელს, როდესაც ერთა ლიგამ მონობის ყველა ფორმა საბოლოოდ გაუქმებულად გამოაცხადა, „თავისუფალმა” ადამიანებმა მეორე მილიარდს მიაღწიეს. ამ პერიოდში, მალთუსიანიზმი ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა 1960-იან წლებში პოლ ერლიხის „მოსახლეობის ბომბმა” თეორიას პოპულარობა დაუბრუნა.

ამერიკელი ბიოლოგი 1968 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ამტკიცებდა, რომ გადაჭარბებული მოსახლეობა 20 წელიწადში მსოფლიო შიმშილობამდე მიგვიყვანდა. შესაბამისად, საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. ერლიხის გავლენით, თუ მის გარეშე, ფაქტია, რომ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მართლაც მკვეთრად გაიზარდა შობადობის კონტროლი. იმდენადაც კი, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ვეღარ ახერხებს მოსახლეობის ჩანაცვლებას. მაგალითად, იაპონიასა და ევროპაში, შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე 1.5-ს უდრის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ერის დაბერებას და ეკონომიკურ დაღმავლობას უწყობს ხელს. შემცირებულ შობადობას, და უფრო მეტიც, ნებაყოფლობითი უშვილობის მასობრივ გავრცელებას, საზოგადოებაში ქალის როლის შეცვლით, ასევე მაღალი ურბანიზაციით ხსნიან. ზოგ შემთხვევაში, ამას ემატება მთავრობის უხეში ჩარევაც. ჩინეთის „ერთი შვილის” პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, მომავალში დასაქმებულთა და პენსიონერთა აბსოლუტურ შეუსაბამობას წარმოქმნის და უმწვავეს პრობლემად გადაიქცევა.

შობადობის მკვეთრი ვარდნა აღინიშნება განვითარებად ქვეყნებშიც: ირანი, მექსიკა, ბრაზილია, მოსახლეობის ჩანაცვლების პოზიტიურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ (2.1 ახალშობილი ერთ ქალზე), თუმცა ტენდენცია ცხადყოფს, რომ ეს დიდხანს არ გასტანს. სამაგიეროდ, მაღალია შობადობა განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში (აფრიკა – 4.7 ბავშვი თითოეულ ქალზე). ეს მსოფლიო ეკონომიკური დოვლათის გადანაწილებას კიდევ უფრო არათანაბარს ხდის. საბოლოოდ, დედამიწის მოსახლეობა არა ბევრი ახალშობილის, არამედ მედიცინის განვითარებისა და გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობის ხარჯზე იმატებს.

ჩნდება კითხვა, რა უფრო საშიშია: აზრსმოკლებული მალთუსიანური „წინასწარმეტყველება” თუ ახალდაბადებულთა არათანაბარი გადანაწილება და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაბერება? პრობლემა არასაკმარისი ბავშვებია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტნი ვართ, ეკონომიკური აქტივობაც მაღალია და ცხოვრების პირობებიც მუდმივად უმჯობესდება.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ დაბადების ბედნიერება სულ 108 მილიარდს ხვდა წილად, მათ შორის – ჩვენც. დღესდღეობით მათი 6.5% ანუ ყოველი მე-15 ადამიანია ცოცხალი. სამწუხაროდ, ბევრი დროს ანტიჰუმანური თეორიების პოპულარიზაციაში კარგავს. უფრო გონიერები კი საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ, შრომობენ და მომავალს ქმნიან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები