გურმანი

საშობაოდ სტრასბურგში

0 კომენტარი

წარმოიდგინეთ გირლანდებით მორთული, საზეიმოდ განათებული ძველი ევროპული ქალაქი, სადაც ნოემბრიდან ყველა ფეხის ნაბიჯზე შობაა ჩასაფრებული. ნელა მიაბიჯებთ ქუჩაში და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ არ არსებობს ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ციტრუსისა და დარიჩინის არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ან საჩუქრებისა და წითელ კოსტიუმში გამოწყობილი, თეთრწვერიანი ადამიანის მოლოდინი. თქვენს სისხლში ახლა მხოლოდ ენდორფინები გამოიყოფა. იჯერებთ იმას, რასაც მორიგი საშობაო, ამაღელვებელი სიუჟეტის მქონე ფილმის ყურების შემდეგაც არ ირწმუნებდით – საშობაო სასწაულები მართლა არსებობს...

და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთრის ცივ საღამოს გარეთ სასეირნოდ გასულს ცხელი გლუვაინისა და შემწვარი ნუშის სურნელი ისე წვდება ყნოსვას, როგორც რაღაც ისეთი, რასაც ყინვისგან და სეზონური ასთენიისგან ნებისმიერის ხსნა შეუძლია. აქ ყველაფერი, ქალაქის მთავარი ნაძვის ხიდან დაწყებული, ქუჩის უბრალო მორთულობამდე, დიზაინერების მოფიქრებულია, საშობაო პერიოდის ღონისძიებები კი წინასწარ ზუსტად დაგეგმილი. თუმცა ეს ყველაფერი არ ჰგავს comme il faut-ს პრინციპით მოწყობილ დეკორაციათა ერთობლიობას – სტრასბურგში, ისე, როგორც არსად, შობას მთელი არსებით ზეიმობენ.

ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის – სტრასბურგი ხომ „შობის დედაქალაქად” არის მიჩნეული. პირველი საშობაო ნაძვის ხე და მისი მოსართავი სათამაშოები სწორედ ალზასში გაჩნდა. ეს შორეულ შუა საუკუნეებში მოხდა. მაშინ აქ შობის დამდეგს არაეკლესიური დღესასწაული, „სამოთხის თამაშები” იმართებოდა, რომელზეც ვაშლებით მორთული ნაძვი სამოთხის ხეს ასახიერებდა. 1850 წელს, გვალვის გამო ალზასში ვაშლის მოსავალი არ იყო, აქაურებმა ტრადიციის დარღვევა არ მოინდომეს და ნაძვის ხის მოსართავად შუშის ბურთები გააკეთეს. 1870 წლიდან, ამ ლამაზმა ალზასურმა ტრადიციამ მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. თუმცა, ის, რაც სტრასბურგულ შობას ყველაზე ღირსშესანიშნავ და შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს, არა დეკორაციები, არამედ უძველესი ტრადიციის მქონე საშობაო ბაზრობაა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა – Christkindelsmärik – 1570 წლიდან იმართება და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია. დღესასწაულის პერიოდში აქ მთელი ევროპა იყრის თავს – რომ კიდევ ერთხელ დააგემოვნოს გემრიელი ალზასური კერძები და ტკბილეულობა, შეიძინოს ხელნაკეთი ნივთები და სათამაშოები, დაესწროს მხიარულ საშობაო ღონისძიებებსა და კონცერტებს... აქ ბაზრობა არ არის ადგილი, სადაც სპეციალურად უნდა მიხვიდე – ის ქალაქის თორმეტ მოედანზე ვრცელდება და სამასამდე პავილიონს მოიცავს. მათგან ერთ-ერთი, ასი კვადრატული მეტრის სიდიდის, მხოლოდ ფრანგული და უცხოური მედიის წარმომადგენლებსა და მათ გადამღებ ჯგუფებს უკავიათ.

სტრასბურგის მერია ბაზრობაზე ყოველ წელს სტუმრის სტატუსით სხვა სახელმწიფოს იწვევს. წელს საშობაო ბაზრობას შვეიცარია სტუმრობს, მომავალ წელს კი, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ამ როლში საქართველო აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქვეყნები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, ყურადღება ექცევა როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონეს, ასევე საერთოევროპული ფასეულობების პატივისცემას. ჩვენი ქვეყანა 2012 წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრის სტუმარი პირველად გახდება. სტრასბურგში გუტენბერგის მოედანზე ქართული სოფელი მოეწყობა, სადაც საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზაციულ მხარეს საკუთარ თავზე მასპინძლები იღებენ, თუმცა მოთხოვნებიც აქვთ – გამოფენილი პროდუქციის ოც-ოცდაათ პროცენტს კვების ნაწარმი უნდა შეადგენდეს.

შარშანდელ ბაზრობაზე სტატისტიკური მონაცემებით სტრასბურგს ორი მილიონ სამასი ათასი ტურისტი ეწვია. თუ ეკონომიკურ კრიზისს გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ასე რომ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასულ ადამიანებს ტრადიციული კერძებით, ეროვნული სამოსით და საინტერესო ღონისძიებებით აჩვენო – ქართული ქრისტესშობა ისეთივე ნათელი, სურნელოვანი და მხიარულია, როგორიც მზიან ალზასში...

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები