ამერიკა-საქართველო

რას უნდა ველოდოთ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში

0 კომენტარი

იანვარს საქართველოს პრეზიდენტს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმასპინძლებს. თეთრი სახლის წინასწარ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავზე, ობამა და სააკაშვილი ისაუბრებენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემდგომ გაძლიერებაზე – ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებით. პრეზიდენტი ობამა, საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში, კვლავ დაადასტურებს. პრეზიდენტები იმსჯელებენ მომავალ არჩევნებსა და რეფორმებზე. განცხადების მიხედვით, საუბარი შეეხება თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ავღანეთის ოპერაციაში.

ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი ბოლო დროს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ამ სფეროში, შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს კონგრესის მიერ დამტკიცებული აშშ-ის თავდაცვის ხარჯების ამსახველი დოკუმენტი – ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი. მასში საქართველოს საკითხი ცალკეა გამოყოფილი და გულისხმობს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უნდა „ნორმალიზდეს”, მათ შორის აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც აქტს გასული თვის ბოლოს მოაწერა ხელი, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს ნორმალიზაციის გეგმა კონგრესის თავდაცვის კომიტეტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ამ გეგმის მიზნებად ცხადდება საქართველოს მხარდაჭერა, რათა დაიცვას საკუთარი მთავრობა, ხალხი და სუვერენული ტერიტორიები, რაც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ დადებულ ძალის გამოუყენებლობის პირობასა და გაეროს ქარტიის 51-ე მუხლს. აქტი აშშ-ს მოუწოდებს, რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება და სერვისები არა მხოლოდ თავად მიჰყიდოს, ასევე დაარწმუნოს NATO-ს წევრი და კანდიდატი ქვეყნები, განაახლონ და გააფართოონ თავდაცვითი შეიარაღებისა და მომსახურების მიყიდვა. ეს უკანასკნელი საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნაწილია. მიზნები მოიცავს საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას კოალიციის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, NATO-ს პარტნიორობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად და ა.შ.

ნორმალიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მომზადებულ საჭიროებათა შეფასებას საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად. მას თანდართული უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა თხოვნა იარაღის შესყიდვის თაობაზე, რითაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმართა აშშ-ს. გეგმა საჯარო უნდა იყოს. თუმცა, დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიძლება შეიცავდეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შესაძლოა, საქართველოს შესახებ მუხლის შესრულება სავალდებულოდ არ ჩათვალოს. აქტის ხელმოწერის განცხადებაში მან საქართველოზე მუხლი იმ რიგ საკითხებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებაც არასავალდებულოდ შეიძლება მიიჩნიოს. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ის დაასახელა, რომ აქტის გარკვეული დებულებები (საქართველოს საკითხის ჩათვლით), შესაძლოა, მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევად ჩაითვალოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. არგუმენტადაა მოტანილი ისიც, რომ მუხლები ისე შეიძლება წაიკითხონ, რომ დიპლომატიურ კომუნიკაციასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე სენსიტიური საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვიოს. მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა. მან კითხვას, აპირებს, თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია აქტის საქართველოს ნაწილის შესრულებას – ურთიერთობების „ნორმალიზაციას”, მათ შორის, იარაღის მიყიდვას – უპასუხა, რომ ეს მათ მიდგომას დიდად არ ცვლის. მისი თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში უმეტესწილად განათლებასა და წვრთნებზეა ფოკუსირებული, ასევე, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთის ოპერაციაში. საქართველო, წლებია, NATO-ს ISAF-ის ოპერაციის აქტიური მონაწილეა. დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნაზე. ამის შემდეგ საქართველო გახდება NATO-ს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი – 1685 – სამხედრო ეყოლება ავღანეთში. რაც შეეხება თავდაცვითი იარაღის მიყიდვას, გორდონის თქმით, ამ საკითხს ისე უდგებიან, როგორც სხვა ქვეყნებთან – ცალკეულის განხილვისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. მან დაამატა, რომ ყველა ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

აგვისტოს ომის შემდგომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისას განათლებასა და წვრთნებზე არიან ფოკუსირებულები. თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა კი, როგორც ჩანს, შემდგომ ეტაპად, სამომავლო ნაბიჯად განიხილებოდა. უფრო ნათელ სურათს, თუ რა დისკურსი იყო ვაშინგტონში ამ საკითხზე, WikiLeaks-ით გავრცელებული მიმოწერა გვიჩვენებს. 2009 წლის ივნისში აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ბაიერლი, ვაშინგტონს წერდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუშლიდა. მისი აზრით, ამ ნაბიჯს შეეძლო, შეემცირებინა რუსეთის თავშეკავება ირანისთვის იარაღის მიყიდვაზეც. ბაიერლი მიიჩნევდა, რომ უფრო მეტად საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა კონცენტრირებულიყვნენ. ელჩის წერილის მიხედვით, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამჭვირვალე სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში, ასევე წვრთნა და დახმარება, იქნებოდა ის ერთადერთი წარმატებული სტრატეგია, რაც რუსეთს უბიძგებდა, უკეთ მოქცეულიყო. ამგვარი მოქმედება ხელს შეუწყობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩი, ჯონ ტეფტი, იმავე პერიოდში წერდა ვაშინგტონს, რომ საქართველოს მაქსიმალურად ლიმიტირებული თავდაცვითი ამოცანები ჰქონდა – ის, რომ, აგრესიის შემთხვევაში, თბილისი, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში დაეცვა, სანამ საერთაშორისო მხარდაჭერა იქნებოდა მობილიზებული. ამისთვის კი ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები ესაჭიროებოდა, რაც მას არ გააჩნდა. ტეფტი მიუთითებდა, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ხასიათის განსაზღვრა რუსეთის კარნახით რუსეთისთვის ჯილდოს ტოლფასი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ქმედებებზე პასუხი არ უგია. ამის შემდეგაც აშშ-ს ღიად არაერთხელ მოუწოდეს, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღება მიეყიდა. თავის მხრივ, 2010 წელს გორდონი აცხადებდა, რომ მათ საქართველოსთვის ემბარგო არ დაუწესებიათ. კითხვაზე, თუ რატომ არ შეასრულა აშშ-მა საქართველოს არცერთი თხოვნა იარაღის მიწოდებაზე წინა 2 წლის განმავლობაში, მაშინ უპასუხა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი დაძაბულობის შემცირება და იმის მიღწევა იყო, რომ რუსეთს შეესრულებინა აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები. ასევე, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ამ თემაზე ღიად საუბარს ქართული მხარე ერიდებოდა. თუმცა, რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის გაზაფხულზე აშშ-ში ვიზიტისას The Cable-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო აშშ-სგან გარკვეული რაოდენობის მსუბუქ შეიარაღებას ყიდულობდა, თუმცა, ქვეყანას მძიმე შეიარაღება ესაჭიროებოდა თავდაცვისთვის – ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო. 2011 წლის ოქტომბერში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმაც განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოსთვის იარაღის კომერციული მიყიდვა დაამტკიცა. მოგვიანებით მან მოუწოდა ადმინისტრაციას, საქართველოს გარკვევით განუცხადოს, რომ თავდაცვით შეიარაღებას მიჰყიდის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები