საფრანგეთი

აურზაური ლე პენის გამო

აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო გამოკითხვები დამაინტრიგებლად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებს, სოციალისტ ფრანსუა ჰოლანდსა და მემარჯვენე, ამჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შორის სხვაობა მცირეა. მათ ოდნავ ჩამორჩება უკიდურესად მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის, ლიდერი მარინ ლე პენი. იანვარში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჰოლანდს ამომრჩეველთა 26-29% უჭერს მხარს, სარკოზის – 23-26%, ლე პენს კი – 19-21%.

43 წლის, სამი შვილის მარტოხელა დედამ, მარინ ლე პენმა ნაციონალური ფრონტი შარშან მამამისისგან, ჟან-მარი ლე პენისგან ჩაიბარა. ამ უკანასკნელმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ხუთჯერ იყარა კენჭი. 2002 წელს მან არჩევნების მეორე რაუნდშიც გააღწია. რადიკალი კანდიდატის ასეთმა წარმატებამ ფრანგული და ევროპული საზოგადოება შოკში ჩააგდო. ექსპერტების აზრით, თუ 10 წლის წინ ჟან-მარი ლე პენის მეორე რაუნდში გასვლა სენსაცია იყო, წლევანდელ არჩევნებზე მისი შვილის ანალოგიური წარმატება გასაკვირი სულაც არ იქნება.

წელიწადზე მცირე დროში მარინმა მოახერხა ნაციონალური ფრონტი უფრო მიმზიდველ პარტიად გადაექცია. მამამისისგან განსხვავებით, მან უარი თქვა ქსენოფობიურ და ანტისემიტურ გამოხტომებზე, პარტიის რადიკალური პოზიცია შეარბილა და სცადა, ის ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის უფრო მისაღები გაეხადა. ნაციონალური ფრონტის პოლიტიკური პროგრამა 1999 წლისთვის ამომრჩეველთა 11 პროცენტისთვის იყო მისაღები, 2011 წლისთვის მაჩვენებელი გაორმაგდა, ამჟამად კი ლე პენის იდეებს ფრანგების 33% მისაღებად მიიჩნევს.

საფრანგეთს ევროზონის კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა. უმუშევრობა 10 პროცენტს აღწევს, ხოლო საფინანსო საკონსულტაციო კომპანია Standard & Poor’s-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი კატეგორიიდან ერთი საფეხურით დასწია. მარინ ლე პენს არ მოსწონს, რომ ევროზონის პრობლემების აღმოსაფხვრელად საფრანგეთი იხდის ფულს. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში მას სურს ფრანკი დააბრუნოს, საიმიგრაციო კანონები გაამკაცროს და ადგილობრივი მრეწველობა საერთაშორისო კონკურენციისგან პროტექციონიზმით დაიცვას. მის მხარდამჭერთა შორის სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები ჭარბობენ. ეს სოციალური ფენები ეკონომიკურმა კრიზისმა სხვებთან შედარებით მეტად დააზარალა.

ამ მოვლენებმა, ერთი მხრივ, ლე პენის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, მეორე მხრივ კი, ნიკოლა სარკოზის პოპულარობას ძირი გამოუთხარა. პრეზიდენტი არჩევნებისთვის დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტით ცდილობს. პრაქტიკულად გაჩერებული ეკონომიკის ასამოძრავებლად და უმუშევრობის პრობლემის შესამსუბუქებლად სარკოზიმ 430 მილიონი ევრო გამოყო.

საფრანგეთის პრეზიდენტობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ დომინიკ დე ვილპენსაც სურს. ის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და სარკოზის ხმებს წაართმევს. კიდევ ერთი კანდიდატი, სავარაუდოდ, ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ იქნება. მან 2007 წლის საპრეზიდენტო მარათონში ხმათა 19% მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა აპრილში იმავეს გაკეთება გაუჭირდება.

მარინ ლე პენის პოპულარობის ზრდა საფრანგეთის მემარცხენე პოლიტიკური ელიტისთვის მკვეთრი მესიჯია. საერთო ევროპული კრიზისისა და საფრანგეთის ეკონომიკური პრობლემების ფონზე ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მორალურად და ინტელექტუალურად გაკოტრებული მოჩანს. თუმცა ლე პენის გაპრეზიდენტებას არავინ ვარაუდობს. თუ არჩევნების პირველმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 6 მაისს დაგეგმილ მეორე რაუნდში ორიდან ერთ-ერთი კანდიდატი ლე პენი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური ძალები მის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ის საფრანგეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვერ გახდება, თუმცა შანსი აქვს, არჩევნების მთავარ თემად იქცეს.

კომენტარები