იარაღი

იარაღი, როგორც ხელოვნების ნიმუში?

შეუძლია ერთეული თუ ავტომატური გასროლა. პირდაპირი სროლის მანძილი 440 მეტრია, დამიზნებითი – 1000. თითქმის არასოდეს იჭედება – მისი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს, ნებისმიერ ამინდსა და გარემოში. უბრალო დიზაინით გამოირჩევა, მაგრამ იმდენად ძლევამოსილ სიმბოლოს წარმოადგენს, სახელმწიფოების დროშებსა თუ გერბებზეც კი აღმოაჩენთ. ახლახან ლონდონის დიზაინის მუზეუმმა ის თავის კოლექციას დაამატა. შესაძლოა, უკვე მიხვდით – საუბარია კალაშნიკოვის განთქმულ მოიერიშე შაშხანაზე, იგივე AK-47-ზე. სანამ ზოგიერთი კამათობს, რომელი უფრო მნიშვნელოვანი გამოგონებაა მეოცე საუკუნის ქმნილებებს შორის – კალაშნიკოვის ავტომატი თუ ატომური იარაღი – ჩნდება კითხვა – შეიძლება თუ არა იარაღი ხელოვნების ნიმუშად განვიხილოთ?

იარაღი ყოველთვის იყო ხელოვანთა შთაგონების წყარო, რაზეც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, სიჩუანში დამზადებული ბომბარდირის ქანდაკებაც მეტყველებს. დღეს მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – ბენ ტერნბულს მიაჩნია, რომ კომპიუტერული თამაშების წყალობით იარაღთან და, შესაბამისად, ძალადობასთან ზიარება ადრეულ ასაკში ხდება და პროტესტის ნიშნად მას სკოლის ძველ მერხებზე გამოსახავს. ამერიკელი მხატვრისა და მოქანდაკის, პიტერ გრონკვისტის ურთიერთობა იარაღისადმი ამბივალენტურია. სკანდალურმა და ექსტრავაგანტურმა ხელოვანმა მსოფლიოს თავი მილიტარისტული ინსტალაციით – „რევოლუცია გასაოცარი იქნება” – დაამახსოვრა. მის ნამუშევრებში ძალადობის მიმართ სიმპათია არ იგრძნობა. სამაგიეროდ, კარგად ჩანს, რომ იარაღი მასობრივი მოხმარების ისეთივე საგანია, როგორც მოდური ნივთები. პრადას, გუჩის, ფენდის და სხვა ბრენდების წარწერებითა თუ ნიშნებით გაფორმებული გრონკვისტის „გლამურული” თოფები გვახსენებს, რომ დიზაინის სფეროში ავტორიტეტად, არამხოლოდ ბირკინის ჩანთები შეიძლება მოგვევლინოს.

თუ გრონკვისტი ავტომატებით ირმების რქებსაც აფორმებს, შანელის მოდის სახლი ნაკლებ ექსტრავაგანტურობაზეც თანახმაა და პისტოლეტის ფორმის ქუსლით გვთავაზობს ფეხსაცმელს. იარაღის ხელოვნება ლონდონშიც აინტერესებთ. რამდენიმე წლის წინ Craze Gallery-ის გამოფენამ რამდენიმე ხელოვანის შემოქმედებას ერთად მოუყარა თავი და საზოგადოებას „ქაღალდის ომები” წარუდგინა. ექსპონატები ქაღალდისგან დამზადებული იარაღი იყო. შემოქმედებს იარაღის ესთეტიკურად გააზრებაში სწორედ კალაშნიკოვის ავტომატი – AK-47 დაეხმარა – ის მათი შთაგონების წყაროდ იქცა. სიმბოლურია ამერიკელი მოქანდაკის, ელ ფეროუს ხედვაც. მისი სინაგოგა ტყვიებზე დგას, მინარეთები კი ავტომატის ნაწილებითაა აგებული. ერაყში ეს რეალობაა. აქ მეჩეთი მართლა კალაშნიკოვის სავაზნეების ფორმის მინარეთებით ააგეს.

ასე რომ, კალაშნიკოვის ავტომატი არ შეიძლება იყოს უბრალოდ დიზაინის სფეროს პროდუქტი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ნებისმიერი სახის ავტომატი დიზაინის მუზეუმში მოხვდებოდა. სიმართლე ისაა, რომ ხელოვნების ეს ნიმუში ზოგან რელიგიის ნაწილად იქცა.

მიხაილ კალაშნიკოვმა ცნობილი AK გასული საუკუნის 40-იან წლებში, სამამულო ომის შემდეგ შექმნა. როგორც თავად ამბობს, სამშობლოს დასაცავად – რათა აღარავის შეძლებოდა მისი თანამემამულეების წყენინება. საბჭოთა კავშირი AK-47-ს დიდხანს უმალავდა დასავლეთს, სანამ 1956 წელს უნგრული ამბოხის ჩახშობა არ გახდა საჭირო. მას შემდეგ სსრკ-მა ამ იარაღის წყალობით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. მაგალითად, კალაშნიკოვის გავრცელებით მოკავშირედ გაიხადა ქვეყნები, რაც ამერიკამ თავისი M-1-ითა და M-14-ით ვერ მოახერხა. მიზეზი უბრალო იყო – ამერიკული იარაღი გადამწყვეტ მომენტში ხშირად ჭედავდა. მისი გამოყენება ისე ადვილია, რომ ახლო აღმოსავლეთში, თორმეტი წლიდან ყველას შეუძლია წამებში მისი დაშლა და აწყობა. სწორედ ამიტომ წერდა წლების წინ The Washington Post-ი, კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად რევოლუციური იარაღია, რომ საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდები და წარმოდგენა შეცვალა იმაზე, თუ როგორ მიიღწევა გამარჯვებაო.

ამის მიუხედავად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – არის თუ არა AK-47-ის ადგილი დიზაინის მუზეუმში? ნუთუ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე M-1, ან M-25? ბოლოს და ბოლოს, დღეს უკვე აღარ მიიჩნევა „ხელოვნების ნიმუშად” სამხედრო სფეროში – ზოგიერთი თანამედროვე ავტომატი ვიზუალურადაც უფრო ლამაზია და ფუნქციური თვალსაზრისითაც ტოლს არ უდებს, თუ უკეთესი არაა. მაგრამ არცერთი მათგანი არ ასოცირდება ისეთ ფენომენთან, როგორიცაა სამოქალაქო ომი, ან რევოლუცია, თუნდაც საბჭოთა კავშირი... სხვა

ავტომატებს არ ხატავენ სახელმწიფო გერბებზე. მის პატივსაცემად აფრიკაში უამრავ ბავშვს არქმევენ კალაშს. ბოლოს და ბოლოს, AK-47 ის იარაღია, რომელიც თანამედროვე მცირე თუ დიდი კონფლიქტების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

თუმცა, თუ ეს ხელოვნებაა, მაშინ ძალიან იაფი – აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ის ოცდაათ დოლარად იყიდება. ხელოვნება, რომლის დანახვაზეც შეუძლებელია ბინ ლადენი და სადამ ჰუსეინი არ გაგახსენდეს. „ნეტავ ბალახის სათიბი მანქანა გამომეგონებინა”, – თქვა კალაშნიკოვმა მოგვიანებით. ხელოვნების ნიმუში, რომელიც და ვინჩის ნახატზე უფრო ცნობილია, მის ავტორში სიამაყის გრძნობას უნდა აღძრავდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე რთულდება, როცა ის აღმოსავლური კონფლიქტებისა და ტერორიზმის სიმბოლო ხდება...

კომენტარები