ჰაკერები

უსახელო „ჰაკტივისტები”

0 კომენტარი

„ჩვენ ვართ უსახელოები. ჩვენ ლეგიონი ვართ. არ ვპატიობთ. არ ვივიწყებთ. გველოდეთ” – ეს იდუმალი მესიჯი, ინტერნეტის მომხმარებლებისთვის კარგადაა ცნობილი.

კიბერაქტივისტები, იგივე „ჰაკტივისტები”, ანარქისტები, უსაქმურები – ამ მრავალფეროვანი ეპითეტებით ჰაკერების ჯგუფს, Anonymous-ს მოიხსენიებენ. მათ სავიზიტო ბარათს, გაი ფოქსის ნიღაბს, ყველგან გადააწყდებით – ინტერნეტში, საპროტესტო აქციებზე აშშ-ში, არაბეთსა თუ რუსეთში. თუ შეიტყვეთ, რომ რომელიმე კომპანიის ან სამთავრობო საიტს შეუტიეს, სავარაუდოდ, ეს სწორედ Anonymous-ის ნახელავია.

დაჯგუფების პირველი ხმაურიანი „საქმე” 2008 წელს, საიენტოლოგთა ეკლესიის საიტებზე იერიშია. ჰაკერთა რისხვა ეკლესიამ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც Youtube-იდან ტომ კრუზთან ინტერვიუს აღება მოითხოვა, საავტორო უფლების დარღვევის მოტივით. ეს ჯგუფმა ცენზურად შეაფასა.

დღეისთვის დაჯგუფების აქტივშია: თავდასხმა Sony-ზე, Amazon-ზე, Paypal-სა თუ ამერიკის ბანკზე. ცოტა ხნის წინ, Anonymous-ის რუსულმა ფრთამ, შეტევა პუტინის ახალგაზრდულ ორგანიზაცია Наши-ზეც განახორციელა და ბლოგერების მთავრობის სასარგებლოდ მოსყიდვის მცდელობები სააშკარაოზე გამოიტანა.

უკანასკნელი, ყველაზე „მსხვილი” ოპერაცია, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საიტის გათიშვა იყო. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში, ჯუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიზანი მთავრობაზე თავდასხმა არ ყოფილა. მათ სურთ, შესაბამისმა ორგანოებმა ბავშვთა პორნოგრაფიის აღკვეთაზე მეტად იზრუნონ, ყურადღებას კი ამ გზით იქცევენ. Anonymous-ი გამუდმებით ემუქრება ისრაელსაც.

ხშირად კიბერმუქარები „ლეგიონის” სახელით ვრცელდება – ასე დაემუქრნენ რამდენიმეჯერ Facebook-საც. ჯგუფის წევრებს უკვე დასრულებული შეტევის შედეგებზეც უწევთ თავის მართლება. მაგალითად, Anonymous-მა ჯერ ჩაიდინა და შემდეგ უარყო გახმაურებული შეტევა Stratfor-ზე. მაშინ ჰაკერებმა 4000-მდე საკრედიტო ბარათის ნომერი, პაროლი და მისამართი მოიხელთეს. ამიტომ, არავინ იცის, რას აკეთებს „ლეგიონი”, თვითონ Anonymous-მაც კი.

პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის Anonymous-ი, ამგვარია: ყველა და არავინ.

ამბობენ, რომ ქსელის ცენტრში მცირე ჯგუფია, რომელიც მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს. უფრო ფართოდ გავრცელებული ვერსიით, მათ არ ჰყავთ ლიდერი ან მაკონტროლებელი ორგანო. გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ – ნებისმიერ ანონიმს შეუძლია, იდეა შესაბამის ინტერნეტფორუმზე გაავრცელოს. ვინც დაეთანხმება და დრო ექნება, უერთდება მორიგ შეტევას. ფორუმებზე და ჩეთში კოორდინაციის შემდეგ, რიგითი ანონიმები ძალებს შეტევის ობიექტისკენ მიმართავენ. ჯგუფის ზომა მუდმივად უცნობია – ყველას შეუძლია, ერთ დღეს ამორფული კავშირის წევრი გახდეს, მომდევნო დღიდან კი – მისი არსებობაც დაივიწყოს.

„სამართლიანობისთვის” ბრძოლას ბევრი რომანტიკულ გმირობადაც აღიქვამს. ინტერნეტმეკობრეობის საწინააღმდეგო კანონპროექტის, SOPA-ს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ანონიმთა აქტივიზმი გაბრაზებული ინტერნეტმომხმარებლის ნამდვილ შურისგებად იქცა. Megaupload-ის დახურვის შემდეგ, უსამართლობის გრძნობით აღსავსე ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ Anonymous-ის მორიგ ანონსს Twitter-ზე: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, საავტორო უფლებების ოფისის და სხვა მსხვილი საიტები ერთმანეთის მიყოლებით ითიშებოდა.

დაჯგუფებას ახალ კულტურადაც მიიჩნევენ. ჟურნალი Wired-ი წერს, რომ ეს ფენომენი ანთროპოლოგებს დააინტერესებდათ: გაერთიანებას საკუთარი იდიომები, იკონოგრაფია და უცნაური, ურთერთსაწინააღმდეგო მოქმედებები ახასიათებს. ამას ემატება შავი იუმორი და მათი საფირმო ფრაზა – „ჩვენ ამას სიცილისთვის ვაკეთებთ”.

ვინაიდან ნეტში ვინაობის დაფარვა არც ისე რთული საქმეა, ნებისმიერ თინეიჯერს, რომელიც ბრძოლის რომანტიკული ჟინითაა აღვსებული, შეუძლია შეუერთდეს „ლეგიონის” ანარქიას. ის, რაც განსაკუთრებულ რისკს არ გულისხმობს, გმირობადაც ვერ ჩაითვლება: ახალგაზრდები, რომელთაც ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ერთობიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ჰაკერთა ჯგუფი ჩვეულებრივი ინტერნეტკრიმინალებისგან შედგება. მართლაც, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად არცთუ სამართლიანი “გაუთვალისწინებელი შედეგები” აქვს. მაგალითად, გასულ წელს SONY-ზე ცნობილი შეტევის შემდეგ, ათასობით მომხმარებლის პირადი მონაცემები (მათ შორის – საბანკო ანგარიშები), არცთუ საიმედო ხელში აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დევიზი გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხანდახან ცდილობს, თავისი შესაძლებლობები სწორედ მის წინააღმდეგ მიმართოს. მაგალითად, Fox news-ს მასიური შეტევით ემუქრებოდნენ, თუ ის „დაიკავე უოლ სტრიტის” აქციების „აბუჩად აგდებას” არ შეწყვეტდა.

კიბერარმიასთან შეერთება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. თუმცა, სჯობს, ჯერ დაფიქრდეთ, იმავე სერვერზე ხომ არ მიგაქვთ იერიში, სადაც თქვენივე პირადი ინფორმაცია ინახება. სხვა მხრივ, Anonymous-ი უკვე მოდური ტრენდია: წელიწადში გაი ფოქსის ათი ათასობით ნიღაბი იყიდება – ირონიულად, თითოეული გაყიდული ნიღბიდან მოგებას, მასზე საავტორო უფლების მფლობელი, Warner Bros-ი იღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები