რეფორმების ექსპორტი

თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევები რუანდას ბიზნესის გამარტივებაში ეხმარება

სუბსაჰარული აფრიკის სახელმწიფოს – რუანდას ბიზნესის რეფორმის გატარებაში, რჩევებს თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევისა და კონსულტაციის ჯგუფი აძლევს. რუანდის განვითარების საბჭო (RDB) შედეგებით კმაყოფილია: ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ყოველწლიურ რეიტინგში წინა წელთან შედარებით 183 ქვეყანას შორის 50-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.

თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევების გათვალისწინებით, რუანდამ გაამარტივა: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების გაცემა, ქონების დარეგისტრირება და საზღვრებს გარეთ ვაჭრობა. RDB-ის შეფასებით, რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირდა არაფორმალური სექტორი, გაიზარდა ქონების დარეგისტრირების რიცხვი და კრედიტი კი უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2012 წლის რეიტინგში რუანდა თავის რეგიონში – სუბსაჰარულ აფრიკაში – ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით, მავრიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა და 78 ადგილით უსწრებს უგანდას. ეს უკანასკნელი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ბოლო წლებში მის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, რეფორმირებულ სფეროებში – ბიზნესის დაწყება, ქონების რეგისტრაცია და კრედიტზე ხელმისაწვდომობა – რუანდა რეგიონში ნომერი პირველი ქვეყანაა.

რუანდას საქართველოს ნდობის, სულ მცირე, ორი მიზეზი აქვს. პირველი, ორი წლის წინათ გაუჩნდა: ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის, Kigali-ს თავმჯდომარე, 2009 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გურგენიძეა. ბანკი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საკუთარ სტაბილურ ზრდასა და გაფართოებას, პირველ რიგში, სწორედ ორგანიზებულ და ეფექტიან მენეჯმენტს მიაწერს.

მეორე მიზეზი საქართველოს რეფორმების სტაბილურობაა. 2010 წელს, რუანდა მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ბიზნესის წარმოების რეიტინგის მიხედვით, პირველი რეფორმატორი სახელმწიფო იყო. ამ წელს ქვეყანამ, 2008 წელთან შედარებით, 1.1-ჯერ შეამცირა გადასახადების ადმინისტრირების, ხოლო 7-ჯერ, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღების დრო. რუანდამ სტანდარტული კონტეინერის ექსპორტ-იმპორტის პროცედურები გაანახევრა. 2011 წელს, იმავე კვლევის მიხედვით, რეფორმების სტაბილურობით საქართველომ აჯობა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა და რეიტინგში საკუთარი შედეგები წლიდან წლამდე გააუმჯობესა.

თავისუფალი უნივერსიტეტი რუანდას კონსულტირებას განაგრძობს. პრიორიტეტების ჩამონათვალში გაკოტრების პროცედურების გამარტივება, ინვესტორთა დაცვის გაუმჯობესება და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაა.

ეკონომიკური პროფილი

რეგიონი: სუბსაჰარული აფრიკა

შემოსავლის კატეგორია: დაბალი

მოსახლეობა: 10.3 მილიონი

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 540 აშშ დოლარი

 

 

კომენტარები