იემენი

ისლამისტები სალეჰის შემდეგ

იანვარში, იემენის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა თანამდებობა დატოვა. ერთწლიანი საპროტესტო გამოსვლები დასასრულს მიუახლოვდა. იემენში, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში, ავტოკრატიული მმართველობის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალფეროვანი პოლიტიკური ძალები გამოვლენ. სალეჰი საკუთარ ოპონენტებს აფრთხილებდა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში ისლამისტები მოიკიდებდნენ ფეხს. უღარიბესი არაბული ქვეყანა ალ-ყაიდასა და სხვა რადიკალური ჯგუფებისათვის მიმზიდველი სამიზნეა.

იემენში ანტისამთავრობო პროტესტი ისლამისტებს არ დაუწყიათ. თუმცა ამჟამად ყველაზე პოპულარული ისლაჰის კოალიციაა. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, თავაქოლ კარმანმა 2011 წელს პოლიტიკური აქტივიზმისთვის ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში. ისლაჰი იემენურ მუსლიმურ საძმოდ მიიჩნევა, მაგრამ მასში სხვადასხვა ადგილობრივ ტომთა ლიდერებიც შედიან. ისლაჰი სუნიტურ ძალებს აერთიანებს და სხვა ისლამისტური გაერთიანებების ფონზე ზომიერ მოძრაობად მოჩანს. ის 2011 წლის იანვარში დაწყებული საპროტესტო აქციების რადიკალიზმს არ იზიარებდა და თავიდან სალეჰთან კომპრომისზეც იყო მზად. ისლაჰმა, საკუთარი ორგანიზებულობის წყალობით სხვა ოპოზიციური ძალები დაჩრდილა. მოსახლეობის მობილიზაციის შესაძლებლობებისა და ტომობრივი ლიდერების მხარდაჭერის გამო, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, კოალიცია გამარჯვების უპირველესი კანდიდატი იქნება.

რადიკალურ ისლამიზმს სალაფიტები წარმოადგენენ. სალაფიზმი სუნიტური ისლამური მოძრაობაა. ისინი პროტესტს ეწინააღმდეგებოდნენ და სალეჰის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის საჭიროებით ხსნიდნენ. თუმცა სალეჰის წასვლის შემდეგ, უკვე ახალ პოლიტიკურ გარემოში, საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობენ. იემენის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ქალაქ ტაიზში, მათი გავლენა განსაკუთრებით ძლიერია. იემენელ სალაფიტებს ეგვიპტეში ალ-ნურის პარტიის წარმატება წაახალისებს. ამ კონსერვატიულმა ისლამისტურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც შარიათის შემოღებას ემხრობა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 28% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური გარემო იემენელი ჯიჰადისტებისთვის ხელსაყრელი იქნება. ისინი ალ-ყაიდასთან კონტაქტების გაღრმავებას ეცდებიან. ჯიჰადისტების დათრგუნვით საუდის არაბეთიცაა დაინტერესებული. მრავალი მებრძოლი იემენში სწორედ საუდის არაბეთიდან გამოდევნის შემდეგ გადავიდა. 2011 წლის სექტემბერში ამერიკელებმა მოახერხეს ანვარ ალ-აულაქის, ალ-ყაიდას ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურისა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ორგანიზაციის მთავარი დასაყრდენის განადგურება. თუმცა საფრთხე ისევ არსებობს. როგორც მკვლევარი ლორენ ბონეფოი აღნიშნავს, უპილოტო თვითმფრინავებით ჩატარებული ოპერაციები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს მის აღმოსაფხვრელად.

იემენელი შიიტები ზაიდიზმის სკოლის მიმდევრები არიან. ზაიდისტი ამბოხებულები ჰუთის მოძრაობის სახელითაც არიან ცნობილი. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ცხოვრობენ და იემენის ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე წლებია ებრძვიან. ამჟამად ჰუთი იემენის ორ ჩრდილოეთ პროვინციას, სადაასა და ალ-ჯავფს აკონტროლებს. შესაძლებლობის შემთხვევაში ის არც დედაქალაქ სანაზე იერიშის მიტანაზე იტყვის უარს. სალეჰის წასვლის შემდეგ, ჰუთის მოძრაობამ პოლიტიკური პარტიაც ჩამოაყალიბა. თუმცა სუნიტებთან საერთო ენის ნახვა, სავარაუდოდ, მაინც გაუჭირდებათ.

იემენს სექტარიანული დაპირისპირებისა და არასტაბილურობის გრძელი ისტორია აქვს. 1990 წელს ისლამური ჩრდილოეთი და კომუნისტური სამხრეთი გაერთიანდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში ბრძოლები არ შეწყვეტილა – საპროტესტო აქციების დროსაც მიმდინარეობდა. 24-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 55% სუნიტია და ისინი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ. შიიტები, რომელთა წილი 40 პროცენტს აჭარბებს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სახლობენ. ამას გარდა, ქვეყანაში არაერთი შედარებით მცირერიცხოვანი ისლამური სექტაა, არამუსლიმთა რაოდენობა კი 2 პროცენტს არ აღემატება. სექტარიანული დაპირისპირების გამო, ძლიერია სეცესიონისტური მოძრაობები. ტომთა ბელადებსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნები ექნებათ. იემენი, რომელსაც რომაელები ნაყოფიერ, ბედნიერ არაბეთს უწოდებდნენ, ახლო აღმოსავლეთის მორიგი ცხელი წერტილი შეიძლება გახდეს. ძველი სახელწოდების გასამართლებად, ქვეყანას წინ შორი გზა ელის.

 

კომენტარები