კრივი

ქუჩიდან მოსული კრივის ელჩი

0 კომენტარი

ანჯელო მირენა მეორე მსოფლიო ომიდან ორი ნატყვიარით დაბრუნდა. ცოტა შენელებული, ვიდრე ომამდე. ცოტა მოწყენილი, ვიდრე ომამდე. მეორე მსოფლიო ომიდან იტალიელი კრივში მიდის. იცვლის გვარს და ხდება დანდი. ანჯელო დანდი. დედიკოს რომ არ გაეგო, რინგზე ცხვირპირს რომ გაუერთიანებდნენ. დანდი კრივთან დაძმაკაცდა, სულ ერთად დადიოდნენ. ერთად შედიოდნენ პაბში და იქ ირლანდიელებთან ერთად პულსის დაკარგვამდე თვრებოდნენ. ერთად ეხვეოდნენ მორცხვ გოგონებს და კრივის ისტორიებს უყვებოდნენ. კრივმა ანჯელო დანდის მუჰამედ ალი გააცნო. შუგარ რეი ლეონარდიც. ჯორჯ ფორმენიც. კარმენ ბაზილიოც.

ანჯელო დანდი მუჰამედ ალის მწვრთნელი, კრივის პელეს მეგობარი გახდა. ისიც პაბში გაიცნო, სადაც გაუპარსავი ალი ერთ -ერთი ვარჯიშის მერე მიადგა. მანამდე, ტელეფონით დაღალა, მისტერ დანდი, ხუთი წუთი დამითმეთ და მეტ დროს არ წაგართმევთო. იმ პაბში, პირველ შეხვედრაზე დანდიმ ალის 1 საათი მისცა. მერე, ცოტა მეტი მისცა. ცოტა მერე – ყველაფერი.

ალისთან ერთად დანდი ჰაერში, რკინიგზაზე, ბორანზე, გემზე ცხოვრობს. ერთად მიფრინავენ 1974-ში ზაირში, სადაც მუჰამედმა ჯორჯ ფორმენი დააგდო. ეს იყო The Rumble in the Jungle. ერთი წლის შემდეგ, მეგობრები ფილიპინებზე ჩადიან. ალის და ჯორჯ ფრეზერის მესამე გარჩევამდე, დანდისთან მიდიან იტალიელი ძველი ბიჭები. თუ ალი პირველ სამ რაუნდში დაწვება, დანდი დიდ ფულს მიიღებს. ანჯელომ იტალიელებს იტალიურად დაახვევინა. მერე იყო Thrilla in Manila და ალი მსოფლიო ჩემპიონია.

დანდი ალისთან ერთად არ იღლება. დანდისთან მიდის ირლანდიელი ჟურნალისტი და მისტერ დანდი, სერ, მუჰამედი ათ წუთს ხომ ვერ დამითმობსო, ეკითხება. ანჯელომ, ბიჭი გვერდზე დაისვა და უთხრა, ალი ათ წუთს არავის არ აძლევს. თუ მზად ხარ, დიდ ჩემპიონთან სასაუბროდ, მუჰამედი ერთ საათს მოგცემს და ათი წუთით, წადი, ჯორჯ ფორმენს დაელაპარაკეო. ირლანდიელის და ალის დიალოგი რამდენიმე საათს მიდის. საუბარს დანდიც დაესწრო.

დანდისთვის ალი ნიჭიერ და ცელქ ახალგაზრდად დარჩა. ალი გახდა დიდი ჩემპიონი და ანჯელო მისი საუკეთესო მეგობარი, მამა, მრჩეველი იყო. 1959-ში დანდი უილი პასტრანოს წვრთნიდა და ახალგაზრდა კასიუს კლეიმ ხუთ წუთში ერთი საათი წაართვა. მერე, კასიუსი ოლიმპიადიდან (1960) ოქროს მედალს ჩამოიტანს და დანდისთან, მაიამი ბიჩის დარბაზში წავა. და დარჩება.

დანდი კრივში ქუჩიდან მივიდა.

დანდისთან ალიც ქუჩიდან მივიდა.

წელს, 17 იანვარს ანჯელო დანდიმ მუჰამედს დაბადების დღეზე, კენტაკიში ჩააკითხა. მოიკითხა მეგობარი და ოჯახში დაბრუნდა.

1 თებერვალს ანჯელო დანდის საწოლთან მთელი ოჯახი იყო. ოჯახმა დიდი კაცი გააცილა.

კრივიდან ელჩი წავიდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები