ამერიკა და ჩინეთი

ახალი დიდი თამაში

დიდი თამაში მე-19 საუკუნეში ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის დაწყებულ მეტოქეობას ეწოდება, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ მესამედამდე გასტანა. დაპირისპირების არეალი ცენტრალურ აზიას, სპარსეთსა და ავღანეთს მოიცავდა. რუსეთი ინდოეთის ოკეანეზე გასვლას ცდილობდა, ბრიტანეთს კი არ სურდა უმთავრესი კოლონიის დაკარგვა. შემდგომში ტერმინი მოცემულ რეგიონში დიდი ქვეყნების ინტერესების შეჯახების სინონიმად იქცა.

ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩინეთის გიგანტური ტემპებით, ინდოეთისა და აზიის მცირე ზომის სახელმწიფოების ეკონომიკური აღმავლობის ფონზე, მსოფლიოს პოლიტიკურმა ცენტრმა, ნელ-ნელა ატლანტიდან წყნარი ოკეანისკენ გადაინაცვლა. 21-ე საუკუნის ე.წ. ახალ დიდ თამაშში, მთავარ როლებს ამერიკა და ჩინეთი ითამაშებენ. ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას 2014 წელს დაამთავრებს და სამხედრო ბიუჯეტს მომავალ 10 წელიწადში 400 მილიარდი ამერიკული დოლარით შეამცირებს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკურ ყურადღებას აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაიტანს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ჩინეთ-ამერიკის კონკურენციის უპირველესი არენა იქნება. ჩინეთი თავისი გავლენის განვრცობას, პირველ რიგში, სწორედ ამ რეგიონში შეეცდება. მეორე მხრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მალაკის სრუტე მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო კვანძია – გლობალური ვაჭრობის მოცულობის 40% (ჩინური ნავთობიმპორტის ჩათვლით) სწორედ აქ გადის. სავაჭრო წრებრუნვა 5.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, რომლის 20 პროცენტზე მეტი ამერიკაზე მოდის.

ამერიკა დაინტერესებულია რეგიონში საზღვაო სავაჭრო ხაზების თავისუფლებითა და უსაფრთხოებით, პოტენციური საფრთხე კი ჩინეთია. 2011 წელს ამერიკელებმა გააღრმავეს სამხედრო თანამშრომლობა ფილიპინებთან, ავსტრალიას კი დაახლოებით 2,500 ამერიკელი ჯარისკაცისა და ავიაციის განლაგებაზე შეუთანხმდნენ. მათ უკვე აქვთ მსხვილი სამხედრო ბაზები იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.

ჩინეთის ნავთობის იმპორტის ნახევარზე მეტი მალაკის სრუტეზე მოდის. ქვეყანას სპრატლის კუნძულებსა და მის ბუნებრივ რესურსებზეც აქვს პრეტენზია, რასაც რეგიონის სხვა სახელმწიფოები არ ეთანხმებიან. ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის ოკეანეში გავლენის განმტკიცებას ე.წ. მარგალიტების მწკრივით ცდილობს. პეკინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებიდან აფრიკამდე პორტების მშენებლობას აფინანსებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ინდოეთისა და იაპონიის ყურადღებასაც იქცევს. ორივე ქვეყანას რეგიონი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო აინტერესებს. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან (ავსტრალიის ჩათვლით) და სამხრეთ კორეასთან ამერიკის მოკავშირეებად მოიაზრებიან.

ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2010 წელს იაპონიისას გადააჭარბა. 2010 წლის მიხედვით, ამ ქვეყნის ნომინალური მშპ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაახლოებით 6 ტრილიონი ამერიკული დოლარი იყო, იაპონიისა – 5.5, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდონეზიის ერთად აღებული კი – 4.4 ტრილიონი.

ჩინეთი, მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანით. მას ინდოეთი დაახლოებით 120 მილიონით ჩამორჩება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის მოსახლეობა კი ჯამში 800 მილიონს აღწევს.

ჩინეთი სამხედრო სფეროში ამერიკაზე დაახლოებით 6-ჯერ ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ მისი სამხედრო ბიუჯეტი (2010 წლის მონაცემებით, დაახლოებით 110 მილიარდი ამერიკული დოლარი) იაპონიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხარჯებს ერთად აღებულს აღემატება.

ჩინეთს მისმა საგარეო პოლიტიკურმა მეტოქეებმა, ამერიკის გარეშე, შეიძლება პოლიტიკური ალიანსები და ეკონომიკური ინტეგრაცია დაუპირისპირონ. თუმცა სამხედრო სფეროში კონკურენცია გაუჭირდებათ. ამერიკული სამხედრო ბაზები ძალთა ბალანსის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ვაშინგტონი სხვა რგოლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

საკუთარ როლს ითამაშებს ნაციონალიზმი. ისტორიული ნარატივი აზიური ქვეყნების საგარეო პოლიტიკებისთვის უცხო არ არის. ჩინეთის გაძლიერებას ნაციონალისტური რიტორიკის გააქტიურება მოჰყვა. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, აზიის ნაწილი ევროპელთა კოლონია იყო, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის აგრესია, 1960-იან წლებში კი ვიეტნამის ომი მოჰყვა. ახლა ვითარება შეიცვალა, თუმცა ისტორიული გამოცდილება აზიაში ინტეგრაციის სასარგებლოდ არ მუშაობს.

ცენტრალური აზია

ცენტრალურ აზიას, მე-19 საუკუნის დიდ თამაშთან შედარებით, ნაკლები ყურადღება ეთმობა. ისლამური ექსტრემიზმის გავრცელების პოტენციური კერა და ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი რეგიონი კონტინენტის ფეთქებადსაშიში ზონაა. ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის (1977-1981) მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკი ამ რეგიონს აზიის ბალკანეთს უწოდებდა.

ცენტრალური აზია რუსეთის გავლენის ქვეშ მე-19 საუკუნეში მოექცა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი პოზიციები შესუსტდა. ამერიკელებმა ცენტრალური აზიის გადემოკრატიულება განიზრახეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შედეგად, მიდგომა შეიცვალა და აქცენტი ადგილობრივ მთავრობებთან სამხედრო ალიანსებზე გაკეთდა. ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ბრუკი შენიშნავს, რომ რეგიონში ამერიკელები რუსეთის გასაკეთებელ საქმეს აკეთებდნენ – იცავდნენ რა მას ისლამური ექსტრემიზმისგან. ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ამერიკელებს რეგიონით დაინტერესების ერთით ნაკლები მიზეზი ექნებათ.

ცენტრალური აზიის ნავთობითა და ბუნებრივი აირით, პირველ რიგში, ჩინეთია დაინტერესებული. რეგიონის ნავთობის მარაგი 17, ზოგიერთი გათვლებით კი 47 მილიარდ ბარელს შეადგენს. თუმცა მხოლოდ საუდის არაბეთს 250 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის რეზერვები აქვს. კასპიის ზღვის აუზი ვერ შეცვლის ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ შეუძლია შეამციროს ჩინეთის დამოკიდებულება საზღვაო გზებით მიღებულ ნავთობზე.

მსოფლიოში ბუნებრივი აირის პროდუქციის 5% ცენტრალური აზიიდანაა. რეგიონის უმსხვილეს რეზერვებს თურქმენეთი ფლობს, თუმცა მონაცემები განსხვავებულია. 2011 წლის ენერგეტიკული კონსალტინგისა და აუდიტის კომპანიის Gaffney, Cline&Associates-ის შეფასებით, თურქმენეთის გაზის რეზერვები, სულ მცირე, 13 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (მე-4 ადგილზეა მსოფლიოში).

2009 წელს დასრულდა გაზსადენის მშენებლობა, რომელიც თურქმენულ გაზს ჩინეთამდე მიიტანს. პროექტს უზბეკეთი და ყაზახეთიც შეუერთდნენ. გაზსადენი დაახლოებით 2,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი აირის გამტარუნარიანობა აქვს. ყაზახეთიდან ჩინეთამდე 2,200-კილომეტრიანი ნავთობსადენიც მიდის.

წლების მანძილზე, რუსეთი თურქმენეთისგან მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად იაფად ყიდულობდა გაზს, შემდეგ კი ძვირად ჰყიდდა ევროპაში. 2008 წელს რუსეთმა ევროპაში 170 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რომლის 25 პროცენტს თურქმენული, 10 პროცენტს კი ყაზახური და უზბეკური გაზი შეადგენდა. თურქმენეთ-ჩინეთისა და თურქმენეთ-ირანის გაზსადენების გახსნის შემდეგ, რუსეთის ენერგომონოპოლია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ავღანეთი და პაკისტანი

აზიის კიდევ ერთი პრობლემური ადგილი მუდმივად არასტაბილური, ეთნოკონფლიქტებით დატვირთული ავღანეთია. ის, ერთი მხრივ, ცენტრალური აზიიდან ინდოეთის ოკეანეზე გამავალ გზაზე მდებარეობს, მეორე მხრივ კი, სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის, ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ცენტრალურ აზიაში შეღწევით დაინტერესებული იქნება ინდოეთი, რომელმაც ავღანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოება დაიწყო. შესაძლოა, 2014 წელს ამერიკელთა გასვლის შემდეგ მათი ადგილი სწორედ ინდოეთმა დაიკავოს. ინდოეთის გავლენის ავღანეთში განვრცობას პაკისტანი ეწინააღმდეგება, რომელიც ჩინეთის მოკავშირეა. ამერიკა ბირთვული იარაღით აღჭურვილი და ეთნორელიგიური კონფლიქტების კიდევ ერთი პოტენციური კერის, პაკისტანის სტაბილურობითაა დაინტერესებული. ჩინეთს კი პაკისტანის გავლით ინდოეთის ოკეანეში გასვლა და სამხრეთ აზიაში მისი ინდოეთის საპირწონედ გამოყენება სურს.

მიანმა და ჩრდილოეთ კორეა

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მყოფი მიანმა, შესაძლოა, აზიის სხვა ჩამორჩენილი რეგიონების განვითარების სტიმულად იქცეს. ათწლეულების მანძილზე სამხედრო ხუნტის მმართველობის შემდეგ ქვეყანას სამოქალაქო ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც გარკვეული დემოკრატიული რეფორმების გატარებაც დაიწყო. მიანმას 2011 წლის დეკემბერში ჰილარი კლინტონიც ესტუმრა. ჩინელები და ინდოელები მიანმაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს უხვად აფინანსებენ. მიანმის გავლით, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში დელი და ბეიჯინი პირდაპირი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

დღის წესრიგში იქნება ბირთვული იარაღით აღჭურვილი ჩრდილოეთ კორეაც. ჩინეთი ეცდება მის ტოტალიტარულ რეჟიმს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და ამით ამერიკასა და იაპონიასთან ურთიერთობაში დამატებითი ბერკეტი შეინარჩუნოს. ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ჩავარდნისა და ქვეყნის სამხრეთთან შეერთების შემთხვევაში, აღმოსავლეთ აზიაში ბალანსი ჩინეთის საწინააღმდეგოდ შეიცვლება.

ძველი და ახალი დიდი თამაში

შეიძლება პარალელების გავლება ჩინეთის ახლანდელ აღმასვლასა და მე-19 საუკუნეში აზიაში იაპონიის, ევროპაში კი გერმანიის გაძლიერებას შორის. ბრიტანეთის იმპერიასთან გერმანიის კონკურენციას პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. იაპონია კი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე იყო, რაც მთელი რიგი აზიური სახელმწიფოების, მათ შორის, ჩინეთის ოკუპაციით დასრულდა. 21-ე საუკუნეში მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი ნაკლებ მოსალოდნელია ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო. თუმცა აზიაში ცხელი წერტილების სიმრავლიდან გამომდინარე, ლოკალური კონფლიქტები გამორიცხული არ არის.

მე-19 საუკუნის დიდი თამაშის მსგავსად, როდესაც ბრიტანეთის იმპერია ავღანეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა და სპარსეთის მეშვეობით ცდილობდა რუსეთის შეჩერებას, ამერიკა მოერიდება ჩინეთთან პირდაპირ კონფრონტაციას. ის ე.წ. offshore balancing-ის სტრატეგიას დაეყრდნობა და ჩინეთის დაბალანსებას ლოკალური აქტორების – ინდოეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მეშვეობით შეეცდება. თუმცა ახალ დიდ თამაშში შედარებით პატარა სახელმწიფოებს უფრო აქტიური მოქმედების საშუალება მიეცემათ. ცენტრალური აზიის ქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრების გახსნით რუსეთსა და ჩინეთს შორის ლავირების შანსი ექნებათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები კი რეგიონულ ორგანიზაცია ASEAN-ში ინტეგრაციის გაღრმავებით საკუთარი პოზიციების გაძლიერებას შეეცდებიან. საბოლოოდ, გიგანტების კონკურენციით ყველაზე მეტად, შესაძლოა, შედარებით მცირე ზომის ქვეყნებმა იხეირონ.

 

კომენტარები