ივანიშვილი პოლიტიკაში

ახალი მესია მესიანიზმის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილმა პარტნიორებთან ერთად კოალიცია ქართული ოცნება დააფუძნა. მასში მისი აქამდე გაცხადებული პარტნიორები არიან გაერთიანებული – საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი. რაც შეეხება კონსერვატორებსა და ხალხის პარტიას, ისინი დამფუძნებლები არ არიან. თუმცა, კოალიციაში მათ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური წარმოადგენენ. პრეზენტაციაზე ივანიშვილმა საზოგადოებას კოალიციის სამოქმედო 12-პუნქტიანი დეკლარაციაც გააცნო.

გარდა იმისა, რომ კოალიციას უმეტესად ქართული პოლიტიკის ძველი, უცვლელი სახეები წარმოადგენენ, სიახლე არც რიტორიკის დონეზე ყოფილა. ივანიშვილის კოალიცია თვისობრივად ახალს საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. იმაზე, რაც დეკლარაციაშია ჩამოთვლილი – იქნება ეს უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა, ქვეყნის გამთლიანება, თუ ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა – საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა წლების განმავლობაში თანხმდებოდა და ახლაც თანხმდება. მით უმეტეს, რომ ივანიშვილი და მისი კოალიცია მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს არ გვთავაზობს. ალბათ, ერთადერთი დეკლარირებული სიახლე ის იყო, რომ კოალიცია აპირებს საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმი დაამარცხოს. ეს უკანასკნელი უცნაურ დაპირებად გამოიყურება თავად ივანიშვილის პერსონის გათვალისწინებით. პრეზენტაციისას ირაკლი ალასანიამ კოალიციის ლიდერს ქართული ოცნების მაგალითიც უწოდა.

რა შანსები აქვს ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციას იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს, რთული შესაფასებელია. ბოლო წლებში, არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ერთმა და იმავე პოლიტიკურმა სახეებმა მსგავსი ლოზუნგებით, ტაქტიკით, უცვლელი რიტორიკითა და სხვადასხვა ლიდერის წინამძღოლობით – არაერთხელ სცადეს ხელისუფლებაში მოსვლა. მათი გზები ხან კანონიერი და ხანაც უკანონო იყო, თუმცა, ყველა შემთხვევაში, მარცხი განიცადეს. ივანიშვილს სხვებისგან ფინანსური შესაძლებლობები განარჩევს. თუმცა, ქვეყანას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს – პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას საქართველოში რამდენიმე წლის წინ მასზე მდიდარი ბადრი პატარკაციშვილი ეცადა. გარდა ამისა, პოლიტიკური ფინანსები რეგულირდება პროცესების მონოპოლიზაციის თავიდან ასარიდებლად. შესაბამისად, ივანიშვილს თანხების ლიმიტირებულად ხარჯვა უწევს და მოუწევს.

თავის მხრივ, მილიარდერი, რომელსაც ჯერ საკუთარი პარტია არ აქვს, დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე ორგანიზაციამ გამოიკვლია. გამოკითხვებში დაისვა კითხვა, თუ ვის მისცემდნენ ხმას, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს”. ამ ორგანიზაციებიდან ნეიტრალური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI). გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც მედიაში გავრცელდა, ივანიშვილის პარტიას ხმას მოსახლეობის 18% მისცემდა. მას, ძირითადად, აქამდეც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები ერგო. ტრადიციულად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ კონცენტრირება კვლავ ერთი ლიდერის გარშემო მოხდა.

კომენტარები