ებრაელები ევროპაში

1933 - აინშტაინის წერილი ათათურქის მთავრობას

ებრაული წარმოშობის გერმანელმა მეცნიერებმა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც მათ სამშობლოს ნაცისტები მართავდნენ, თავშესაფარი თურქეთში ჰპოვეს. ამ ფაქტს ადასტურებს ბრიუსელის ევროპულ-ებრაულ ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტი, რომელსაც ხელს  ალბერტ აინშტაინი აწერს.

 „Union des Sociétés OSE pour la Protection de la Santé des Populations Juives“ - მა, ებრაელების უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, უდიდესი ფიზიკოსის ხელმძღვანელობით, 1933 წლის სექტემბერში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა თხოვნით, ცნობილი გერმანელი-ებრაელი სწავლულებისათვის უფლება მიეცათ თურქეთში გამგზავრებულიყვნენ - იქ თავშესაფრის მოპოვებით  მიზნით.

„ვაძლევ თავს უფლებას, მოგმართოთ თხოვნით, რომ ორმოცი პროფესორი და ექიმი შეიფაროთ, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობა“, -  წერდა ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტი ალბერტ აინშტაინი  თურქეთის პრემიერ-მინისტრ ისმეტ ინიონს.  აინშტაინი სწავლულების სამშობლოში დარჩენის  შეუძლებლობას  ხსნიდა  გერმანიაში არსებული იმდროინდელი ვითარებით. ის ებრაული წარმოშობის პროფესორებს ახასიათებდა უდიდესი გამოცდილების, ცოდნისა და მიღწევების მქონე პროფესიონალებად. „აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებით თქვენ არა მარტო განახორციელებთ ჰუმანიზმის უმაღლეს აქტს, არამედ მოუტანთ საკუთარ სახელმწიფოს სარგებელს,“ - არწმუნებდა მე-20-ე საუკუნის უდიდესი მეცნიერი თურქეთის მთავრობას. მისმა  დიპლომატიამ გაჭრა - თურქეთის პრეზიდეტმა მუსტაფა  ქემალ ათათურქმა გასცა ბრძანება, თავშესაფარი მიეცათ სამშობლოდან დევნილი მეცნიერებისათვის. აინშტაინის დაპირებისამებრ, ებრაელმა მეცნიერებმა გერმანიიდან (რომლებიც თურქეთში ლტოლვილების სტატუსით ცხოვრობდნენ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებაში. აღნიშნავენ, რომ თურქეთში მათი მოღვაწეობა აისახა სოციალური სფეროს გაუმჯობესებაზეც, რადგან მოხდა ევროპიდან შემოტანილი  მეცნიერული  მიდგომების  ასახვა რეალურ ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ დევნილი  სწავლულების უმრავლესობამ დატოვა თურქეთი , მათ  აშშ-ს  და  დასავლეთის სხვა ქვეყნებს მიაშურეს.

მოგვიანებით, ამერიკელმა პროფესორმა არნოლდ რეიზმენმა (რომელმაც შეისწავლა  გერმანელი-ებრაელი მეცნიერების  დევნილობის ისტორია) თავის ნაწარმოებში „თურქეთის მოდერნიზაცია“ დაწერა - „თურქეთს იმხანად ჰაერივით სჭირდებოდა ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ეს ადამიანები ფლობდნენ. მათ გაუმართლათ, რადგან სწორედ იმ დროს ცდილობდა თურქეთი, გათავისუფლებულიყო ოტომანის იმპერიის კვალისაგან. ამ მიზნით, სახელმწიფო ახორციელებდა მოდერნიზაციას საზოგადოებაში, კულტურაში, ხალხის ცხოვრების წესსა და უმაღლესი განათლების სისტემაში.“

გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლისა და ანტისემიტიზმის  გამძაფრების შემდეგ, 1933 წელს თავად  ალბერტ აინშტაინმაც სამუდამოდ დატოვა გერმანია და  აშშ-ში გადასახლდა.  ამ პერიოდიდან მოყოლებული გერმანიიდან და ავსტრიიდან დაახლებით 330 ათასი ებრაელი გაიქცა, თუმცა მათთვის მაშინ მსოფლიო ორად  იყო გაყოფილი,  ისრაელის  პრეზიდენტის ხაიმ ვეიცმანის ცნობილი სიტყვებით: ”ადგილად სადაც ებრაელებს არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა.”  დევნილებს ზურგი ბევრმა  სახელმწიფომ შეაქცია.

 

 

 

კომენტარები