უკრაინა

დემოკრატიის დეფიციტი იზრდება

0 კომენტარი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში გაიზარდა კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციის წევრების რიცხვი. პარალელურად, მმართველი, რეგიონების პარტია ოპონენტების გადაბირებას მოქრთამვით ცდილობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითრება კი ფერხდება: კორუფციის დონემ იმატა, რეფორმების განხორციელება, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ჭირს. ამას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციაც ემატება.

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, ექსპერტები ავტორიტარული ელემენტების მომძლავრებაზე მიანიშნებენ. სასამართლო და საკანონმდებლო ორგანო ფაქტობრივად ქვეყნის ლიდერს და მის ადმინისტრაციას ემორჩილება. ეს 1996 წლის კონსტიტუციის აღდგენამ და პრეზიდენტის უფლებების მნიშვნელოვნად გაზრდამ განაპირობა. წინასაარჩევნოდ, მმართველმა ძალამ საკუთარი ინიციატივით ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. პარტიული სიის (პროპორციული სისტემა) მაგივრად, საკანონმდებლო ორგანოში მანდატების ვინაობა შერეული სისტემით განისაზღვრება. მაჟორიტარული წესით კანონმდებლების არჩევის შემოღება, ყველაზე მეტად, სწორედ ამჟამინდელ ხელისუფლებას აძლევს ხელს.

გახშირდა კონკურენტების დაპატიმრება, რასაც ხელისუფალნი კორუფციასთან ბრძოლით ამართლებენ. სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა პრემიერ-მინისტრ და პარტია ბატკივშინას ლიდერ იულია ტიმოშენკოსა და მისი მთავრობის ყოფილი წევრების (ეკონომიკის მინისტრი, მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის დროებითი მინისტრი) წინააღმდეგ. რამდენიმემ ევროპაში უკვე მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. შესაბამისად, გამძაფრდა მოსაზრება, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. თანაც, ისინი სახელმწიფო ფონდების მითვისებაში ან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში არიან მხილებულნი. მსგავს დანაშაულებს მმართველი ელიტის წარმომადგენელნი დღესაც სჩადიან და პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობენ.

საგულისხმოა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იური ლუცენკოს შემთხვევა. როგორც ბრალდებული აცხადებს, იგი კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო დააკავეს, რადგან ამან საფრთხე იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას შეუქმნა. უფრო მეტიც, ლუცენკოს მტკიცებით, ეს უკანასკნელი ორგანიზებული დანაშაულის წევრების მთავარ თავშესაფრად იქცა. კრიმინალური წარსულის მქონე პირები სწორედ მმართველი პარტიის დახმარებით მოხვდნენ ყირიმის პარლამენტში.

რეგიონების პარტიის ინიციატივების მხარდასაჭერად, ოპონენტების მოსყიდვის გავრცელებული სტრატეგია არსებობს. ამის დამადასტურებელი რამდენიმე შემთხვევა უკვე ცნობილია: გასულ წელს ტიმოშენკოს ბლოკის წევრმა გამოააშკარავა საუბრის ჩანაწერი, რომელშიც მას, 500 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას სთხოვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შეთავაზებული ქრთამი, როგორც წესი, 1 მილიონი და მეტია. ეს კორუფციის მომძლავრებაზე მიანიშნებს. თუ ადრე მაღალჩინოსნები არაკანონიერ ქმედებას მალავდნენ, დღეს თითქოს ქრთამი დანაშაულად არ ითვლება და ფულის აღებას საჯაროდაც არ ერიდებიან.

კორუფციის არსებობა და მთავრობის ჩარევა ყველაზე მეტად ეკონომიკას ვნებს. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 4,3 და 40,1%-ებს მიაღწია, შესაბამისად. ამის უმთავრეს მიზეზად სწორედ საჯარო რესურსების მითვისებას ასახელებენ. 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით, უკრაიანა 183 ქვეყნიდან 163-ე ადგილზე მოხვდა, 2011 წლის ბიზნესის კეთების მიხედვით ყაზახეთსა და რუსეთსაც კი ჩამორჩება. ქვეყნის უკანდახევის მიზეზი ენერგოსექტორის, სოციალური, საპენსიო და ეკონომიკური რეფორმების შეფერხებაა. ექსპერტების მტკიცებით, მმართველი ელიტა, პოზიციების დათმობის შიშით, ფუნდამენტური

ცვლილებების განხორციელებას ერიდება. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფალ ბაზარზე დამყარებული დემოკრატიის მშენებლობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ლამობდა, „ევროპის სნეულად” იქცა.

გაუარესდა პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებლებიც: Freedom House-მა უკრაინა 2011 წელს თავისუფალიდან ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიაში გადაიყვანა. ეს განპირობებულია მედიასა და სასამართლო სისტემაზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდით. იმავე ორგანიზაციის მტკიცებით, უკრაინაში პოლიტიკური ინსტიტუტების როლი და თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით დაეცა.

პრეზიდენტის რეიტინგის დაცემას, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირებენ. ერთ-ერთი გამოკითხვით, აღმოსავლეთ უკრაინაში იანუკოვიჩის მომხრეთა რიცხვმა 1/3-ით იკლო. თუმცა, რეჟიმი, ყველა ცენტრალურ სატელევიზიო არხზე კონტროლის შენარჩუნებით, მაინც აფერხებს მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც ჩანს, მმართველმა ელიტამ ორი წლის მანძილზე ძალაუფლების კონსოლიდაცია წარმატებით მოახერხა. ეს ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ხარჯზე მოხდა. რეჟიმისთვის მთავარი ტესტი მომავალი არჩევნები იქნება. თუმცა, საარჩევნო ცვლილებების შინაარსის გამო, მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი არა დემოკრატიული ძვრები, არამედ ოპონენტების დასუსტების ფონზე უმრავლესობის შენარჩუნებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები