ფეხბურთი

თილისმები: სლავეკი და სლავკო

0 კომენტარი

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამედ, ტურნირი ერთდროულად ორ ქვეყანაში იმართება: 2000 წელს კონტინენტის პირველობას ბელგიამ და ჰოლანდიამ უმასპინძლეს, ოთხი წლის წინ თასი ავსტრია-შვეიცარიაში გათამაშდა, ახლა კი პოლონეთის და უკრაინის ჯერია.

ისევე, როგორც 2008 წელს, ევროპირველობას ორი თილისმა ჰყავს და ოთხი წლის წინანდელის დარად, მათი ავტორი კვლავ კინოკომპანია უორნერ ბრაზერსია: მხიარული ფეხბურთელი ბიჭუნები პოლონეთის და უკრაინის ეროვნულ ნაკრებთა ფორმებში არიან გამოწყობილნი.

2010 წლის დეკემბერში მათთვის სახელის შესარჩევად უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე კონკურსი გამოცხადდა. გამოკითხვაში თითქმის 40 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ კი ბიჭუნებს სლავეკი და სლავკო ეწოდათ. ამ ვარიანტმა საერთო ხმების 56% მიიღო და სიემკო-სტრიმკოს და კლემეკ-ლადკოს ვარიანტებს აჯობა.

თილისმები საფეხბურთო ტურნირებში 1966 წლიდან გამოჩნდა: ინგლისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ლომის ბოკვერმა ვილიმ დაამშვენა, ევროპის ჩემპიონატისთვის კი პირველი თილისმა 14 წლით გვიან, 1980 წელს, იტალიაში შეიქმნა – ხის ბიჭუნა პინოქიო.

მას შემდეგ თილისმები იყვნენ:

1984 წელი, საფრანგეთი – ბუცებში გამოწყობილი თეთრი მამალი პენო.

1988, გფრ – სახელმწიფო დროშის ფერებში შემოსილი კურდღელი ბერნი.

1992, შვედეთი – კვლავ კურდღელი, თუმცა ამჯერად შვედეთის დროშის ფერებში და სხვა სახელით – რებიტი.

1996, ინგლისი – ლომის ბოკვერი სახელად გოლიათი ინგლისის ნაკრების მაისურით და ბურთით.

2000, ბელგია-ჰოლანდია – ლომი ბურთით და ეშმაკის კუდით, სახელად ბენილაქი. მისი ფაფარი ბელგიის და ჰოლანდიის ფერებშია. რატომ ლომი ეშმაკის კუდით? ცხოველთა მეფე ჰოლანდიის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული, ბელგიის ნაკრებს კი წითელ ეშმაკებსაც უწოდებენ.

2004, პორტუგალია – ბიჭუნა კინაში ნაკრების მაისურით. „კინაშ” წარმოებულია „ბანდეირა დე კუინაშ”-იდან, რაც სახელმწიფო დროშის სახელწოდებაა.

2008, ავსტრია-შვეიცარია – ბიჭუნები ტრიქსი და ფლიქსი ავსტრიის და შვეიცარიის ნაკრებთა მაისურებში. მათი აჩეჩილი თმები ერთგვარი მინიშნებაა მასპინძელი ქვეყნების მთებზე.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები