ფოტოგრაფია

როცა ადრენალინი საკმარისი არაა

0 კომენტარი

ამერიკელი ჯარისკაცი ჯასტინ იანგის Never Forget Where I’m From-ს მღერის. ამხანაგები – დაღლილები, ჭუჭყიანები, ჩუმად უსმენენ. ავღანეთის მთებში, კორანგალის სამხედრო ბაზაზე ახლახან ჩამოვიდნენ. მათი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნოსტალგიური სიმღერა მათში ემოციას აღვიძებს – სახლი უკვე თვითონაც ენატრებათ. ჯარისკაცებთან ერთად ტიმ ჰეზერინგტონი (ბრიტანელ-ამერიკელი ფოტოჟურნალისტი) და სებასტიან იუნგერიც (ამერიკელი ჟურნალისტი) არიან. ორივე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, პირიქით, სახლში ყოფნის დროს ისეთი საშიში ადგილებისკენ მიუწევთ გული, როგორიც კორანგალის ველია – ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ცხელი წერტილი მსოფლიოში.

მაშინ ყველა ერაყზე საუბრობდა. ჰეზერინგტონი და იუნგერი კი ფიქრობდნენ, რომ ავღანეთის ომზე კონტროლი იყო დაკარგული. ამიტომაც, ამ თემის გაცოცხლება გადაწყვიტეს. მათ კუნარის პროვინციაში ამ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთი წელი გაატარეს. შედეგად, 2010 წელს ჰეზერინგტონის და იუნგერის დოკუმენტურმა ფილმმა „რესტრეპო” სანდენსის კინოფესტივალზე გრანპრი მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი ოსკარზეც იყო ნომინირებული.

„რესტრეპომ” ადამიანების მიერ ომის აღქმა შეცვალა – ამაზე ბევრი დაიწერა. საჭირო გახდა ორი ადამიანი წასულიყო ცივილიზაციისგან ისე ძლიერ მოწყვეტილ ადგილზე, როგორიც კორანგალია. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ თალიბების მხრიდან სასიკვდილო დარტყმას, არ იცოდნენ, სად და რამდენ ხანში აფეთქდებოდნენ ნაღმზე... თუმცა ეს რისკი მათთვის გამართლებული იყო – სურდათ დანარჩენი მსოფლიო მონაწილე გამხდარიყო იმ ომის, რომლის არსებობაც ხშირად ავიწყდებოდათ.

„ლიბიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრატაში ვართ. კადაფის ძალები განურჩევლად ესვრიან ყველას. NATO არ ჩანს”, – დაწერა Twitter-

ის ბლოგზე „რესტრეპოს” ავტორმა, ტიმ ჰეზერინგტონმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე. გასული წლის 20 აპრილს ის სწორედ ამ უკონტროლო სროლებს შეეწირა. იუნგერმა მისი სიკვდილის შემდეგ თქვა – სამუშაო, ჰეზერინგტონისთვის არა უბრალოდ ფოტოების გადაღების პროცესი, არამედ არსებობის გზა და სამყაროს შეცნობის საშუალება იყოო.

ომის ფოტოგრაფია რთული ჟანრია, სადაც ყველას სხვადასხვა მოტივი გააჩნია. აქ არიან კეთილშობილი ადამიანები, რომანტიკული იდეებით – უკეთესი გახადონ მსოფლიო. არიან პოპულარობაზე მეოცნებენი, რომლებიც მათზე გაბედულებისგან დიდი თანხის სანაცვლოდ ყიდულობენ კადრებს. ეს ყველაფერი, შემდეგ პოპულარული გამოცემების გარეკანზე ხვდება. შესაბამისად, ნახავთ ავანტიურისტებსაც, რომლებსაც ამით ფულის შოვნა უნდათ. და ბოლოს, არის ხალხი, ვისაც ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ისინი იმისთვის დაიბადნენ, რომ ომის ფოტოგრაფები გამხდარიყვნენ.

პროფესია – ომის ფოტოგრაფი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩნდება, 1860-იან წლებში, როცა მეთიუ ბრეიდის გუნდი პირველად იღებს ამერიკის სამოქალაქო ომის ამსახველ ფოტოებს. მათი ნახვის შემდეგ, საზოგადოებამ, რომელიც მანამდე ომს რომანტიკულ ელფერში დახატული სურათებით იცნობდა, დიდი შოკი განიცადა. მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ომის ფოტოგრაფია კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ტექნიკის განვითარებამ გადაღების პროცესი გაცილებით ოპერატიული გახადა. ამიერიდან, ომში გადაღებული ფოტო ადამიანებისთვის ყველაზე მოკლე და დასამახსოვრებელ გზავნილად იქცევა. მას, მოკლე დროში გაცილებით მეტის მოყოლა შეუძლია, ვიდრე, ვთქვათ, რამდენიმეგვერდიან სტატიას, სადაც რაიმე ამბავი დაწვრილებითაა მოთხრობილი.

თუნდაც მხოლოდ ერთხელ მოვკრათ თვალი, შეუძლებელია ეს ფოტოები დაგვავიწყდეს. მაგალითად, რობერტ კაპას „ლოიალისტი სიკვდილის მომენტში”, მეხსიერებაში სამუდამოდ ტოვებს რესპუბლიკელი ჯარისკაცის, ფედერიკო ბორელ გარსიას მიწაზე დაცემის წუთს. სურათი შორეულ 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომშია გადაღებული. სამხედრო ფოტოგრაფიაში ეს კადრი დღემდე საუკეთესოდ ითვლება, თუმცა დიდი ხანია არსებობს ეჭვი მის ნამდვილობასთან დაკავშირებით – კაპამ ხომ ის ბრმად, შემთხვევით გადაიღო, როცა სროლის დაწყებისას სანგრიდან ფოტოაპარატის ამოყოფა გაბედა. მოგვიანებით კაპა გახდა ერთადერთი ფოტოგრაფი, ვინც მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეების გადასმის მომენტები ფირზე ასახა. ეს ის კადრებია, რომლებიც მოგვიანებით სპილბერგს „რიგითი რაიანის გადასარჩენად” გადაღებაში დაეხმარა. ომის დასრულების შემდეგ კაპას უნდოდა ცხოვრების ბოლომდე უმუშევარ სამხედრო ფოტოგრაფად დარჩენილიყო: „ომი იმ მსახიობ ქალს ჰგავს, რომელიც ასაკში შედის. ის უფრო სახიფათო და ნაკლებად ფოტოგენური ხდება”. მიუხედავად ამისა, 1954 წელს, ის მაინც გაემგზავრა ვიეტნამში ინდოჩინეთის ომის გადასაღებად,

საიდანაც ვეღარ დაბრუნდა – ნაღმმა შეიწირა.

„შემეძლო, მშვიდად მეცხოვრა პარიზში და ბოკალი ღვინით ხელში ლიტერატურაზე მესაუბრა, მაგრამ არჩევანი ომის ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გავაკეთე”, – ამბობდა ომის ჟურნალისტი მარი კოლვინი. 2001 წელს მარიმ შრი-ლანკაში სამოქალაქო ომის დროს ცალი თვალი დაკარგა. ყოველთვის იცოდა – ამ სამუშაომ შესაძლოა დიდი მსხვერპლი მოითხოვოს, მაგრამ ბოლომდე მისი ერთგული რჩებოდა. თვლიდა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვიღაცამ აუცილებლად უნდა უთხრას სიმართლე ომის თანმდევი საშინელებების შესახებ. ორიოდე კვირის წინ, ის ფრანგ ფოტორეპორტიორ რემი ოჩლიკთან ერთად სირიაში, ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა.

ამ გაბედული ადამიანების წყალობით საზოგადოება თავადაც ხდება იმ ომის მონაწილე. ის იზიარებს სამხრეთ ვიეტნამელი ქალის მწუხარებას, რომელმაც საერთო სასაფლაოზე ორმოცდაშვიდ დაღუპულს შორის ქმრის გვამი აღმოაჩინა. დაჭრილ მოქალაქეებთან ერთად ცდილობს როგორმე მოხვდეს ევაკუაციისთვის გამოყოფილ ვერტმფრენზე. ტალახიან არხში საიგონელ ქალებსა და ბავშვებთან ერთად ბომბებს ემალება. თაიმს სკვერზე, ომის დასრულებით გახარებული, უცნობ ექთანს კოცნის. ბელსენის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში უამრავ დახოცილს შორის ფრიც კლაინთან (რუმინელი ექიმი, რომელიც გაზის კამერებისა და კრემატორიუმებისთვის ბანაკებში ხალხს არჩევდა) ერთად დგას და მის მაგივრად ქენჯნის სინდისი.

თუმცა როცა ცხელ წერტილში მიდიხარ, ერთადერთ საფრთხეს ნაღმზე აფეთქება არ წარმოადგენს. ამას ბრიტანელი სამხედრო ფოტოგრაფი ჯეისონ ჰაუ მაშინ მიხვდა, როდესაც კოლუმბიელმა შეყვარებულმა, მერილინმა გადაწყვიტა მისთვის სიმართლე გაემხილა. ერთ საღამოს სასტუმროში მშვიდად გაენდო ჰაუს – ის მილიციისთვის მუშაობდა და ინფორმატორებისა და მოღალატეების ლიკვიდაცია ევალებოდა. მერილინი ჯეისონს იმაშიც გამოუტყდა, რომ უკვე ათი კაცი ჰყავდა მოკლული. The Independent-ისთვის მომზადებულ წერილში „მე მკვლელი შემიყვარდა” ჰაუ აღიარებს, რომ მიუხედავად ასეთი აღიარების მოსმენისა, თავზარი არ დასცემია. აღმოჩნდა, რომ ომის ფოტოგრაფობა არა მხოლოდ ცნობილს გხდის, არამედ იმუნიტეტსაც გიმუშავებს ასეთი თავზარდამცემი ამბების წინააღმდეგ.

ადამიანი, რომელიც თითქმის ათი წელია ომის ფოტოებს იღებს, რთულია გააკვირვო. ჯეისონ ჰაუ ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კოლუმბიის კონფლიქტურ ზონებში არის ნამყოფი. მას მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი, სამოქალაქო ცხოვრება ომზე არანაკლებ საშიშია. „ცხელ წერტილებში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების სირთულეები და მოწყენილობა მეორე პლანზე გადადის და უმნიშვნელო ხდება. აღარ გენატრება მეგობარი გოგო, რომელმაც მიგატოვა, ივიწყებ აღებულ სესხს და ასეთ სისულელეებს და განიცდი სიხარულს იმის გამო, რომ ერთი დღე იცხოვრე, ხანდახან კი ერთი წუთიც. ასეთი დაძაბულობა სხვაგან არსადაა. ეს გაქცევის ფორმაა”, – ამბობს ჰაუ. ხშირად უფიქრია პროფესიის შეცვლაზე, რადგან არსებობს უფრო მარტივი საშუალებებიც საცხოვრებლად და სამუშაოდ. თუმცა ამატებს – ეს შეუძლებელია, რადგან ამ სფეროში რამდენიმე წლის საქმიანობის შემდეგ, არცერთი პროფესია აღარ მოგეჩვენება უფრო მიმზიდველად, ასეთ კმაყოფილებას ვერაფერი მოგიტანს.

„რესტრეპოში” ერთი ამერიკელი ჯარისკაცი ამბობს: „შესანიშნავი სროლა იყო. ამას ისე ეჩვევი, როგორც კრეკს. უფრო მაგარი კაიფი არ არსებობს. ვერასოდეს მიიღებ იმაზე მეტ ადრენალინს, ვიდრე ტყვიების ქვეშ”. ჰეზერინგტონის, ჰაუს, კაპას, გარდნერის, როზენტალის და სხვა ომის ფოტოგრაფების ნამუშევრებიც სწორედ ამაზე მეტყველებს – ადრენალინი ომში პანაცეაა და მხოლოდ მას შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოს. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ სწორედ ეს ნეირომედიატორი არ არის კონფლიქტების წარმოშობის წყარო – ასე ხომ მათი შეჩერების პერსპექტივა სამუდამოდ არარეალური გახდებოდა...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები