საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში არაკონსტიტიციურად ცნო შემდეგი ნორმა: თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

ამ საქმეში მოსარჩელე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო, რომლის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს. მის მიხედვით ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, სატელეფონო საუბარი და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებები ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. მოსარჩელე აცხადებდა, რომ სადავო ნორმა საშუალებას იძლეოდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს ექვსი თვის განმავლობაში მოესმინა სატელეფონო საუბრები, განეხორციელებინა ფარული გადაღება, ან ჩაწერა, კონსტიტუციით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების, ან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.

თავის მხრივ რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებდა სადავო მუხლს მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი. ის მიუთითებდა იმაზე, რომ მომჩივანის მიერ ჩამოთვლილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, როგორიცაა მოსმენა, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, თუ სხვა, ექვემდებარება სავალდებულო სასამართლო კონტროლს, რაზეც კანონი არაერთხელ მიუთითებს. მოპასუხე აცხადებდა იმასაც, რომ სადავო ნორმა გულისხმობს იმავე მუხლში დადგენილი 7 დღიანი ვადის გაგრძელებას. ის გულისხმობდა იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას, რომელიც საჭიროა დანაშაულის შესახებ მიღებული განცხადების განხილვისათვის და კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების დასაწყებად - იმ შემთხვევაში, თუ 7 დღეში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნის მიღწევა შეუძლებელია. მხარე მიუთითებდა, რომ ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, რასაც სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება.

თავის მხრივ, საქმეზე მოწმედ მოწვეული პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა პრაქტიკაში საკმაოდ რთულ შედეგებს გამოიწვევდა. მისი განცხადებით, 7 დღიანი ვადა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ინფორმაციის მოსაძიებლად.

სასამართლომ ლოგიკურად მიიჩნია მოპასუხის არგუმენტაცია და თქვა, რომ ნორმა იძლევა შესაძლებლობას მოპასუხის მითითებული შინაარსით წაიკითხონ. თუმცა, აღნიშნა, რომ ნორმის ერთი კონკრეტული შინაარსის კონსტიტუციურობა არაა საკმარისი მთლიანად კონსტიტუციურობის სამტკიცებლად. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნორმის სხვა შინაარსით ინტერპრეტირებაცაა შესაძლებელი. მე-8 მუხლი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებს იძლევა არა მხოლოდ გამოძიების დაწყებამდე, არამედ პროცესშიც. სადავო ნორმიდან იკითხება პროკურორის უფლებამოსილება, გააგრძელოს იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადა, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა. ეს, სასამართლოს აზრით, წარმოადგენს ჩარევას ადამიანის კონსტიტუციით დაცულ უფლებაში -ითვალისწინებს მის შეზღუდვას სასამართლო გადაწყვეტილების, ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის პირობებში. შესაბამისად სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

გარდა იმისა, რომ სასამართლოს ზედამხვედველობის საკითხებს პირადი ცხოვრების შეზღუდვაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი არეგულირებს, ზედამხედველობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისითაც გარანტირებულია. მის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა. ამავე კოდექსის თანახმად კი, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. პირადი ცხოვრების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება კი აქვს მხოლოდ ბრალდების მხარეს. პროკურორია უფლებამოსილი, მიმართოს სასამართლოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით.

 

კომენტარები