ჯანმრთელობა

მწეველებს გაფრთხილების არ სჯერათ

0 კომენტარი

თუ თამბაქოს მომხმარებელი ხართ, სავარაუდოდ, გამუდმებით ატარებთ კოლოფს გამაფრთხილებელი წარწერებით: მოწევა კლავს, აბერებს, ორსულობის შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ნაყოფს და სხვა.

მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რვა ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებიდან ექვსის რისკფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა. ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი კვდება, მათ შორის – პასიური მწეველებიც. თამბაქოს კვამლი ათასობით ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, 200-ზე მეტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ოთხმოცი კი კიბოს გამომწვევ ნივთიერებათა ნუსხაში შედის. სიგარეტი რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მწეველებმაც იციან. თუმცა, მწარმოებლები გაყიდვებს არ უჩივიან.

თამბაქოს რეკლამასა და თანმდევ რეგულაციებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. გასულ საუკუნეებში, სანამ დამღუპველი ზიანის შესახებ შეიტყობდნენ, თამბაქოს პროდუქციის რეკლამა შეუზღუდავი იყო. სიგარეტის პირველი რეკლამა 1789 წელს Lorillard Tobacco Company-მ მიიტანა ნიუ იორკის ადგილობრივ გაზეთში. მაშინ თამბაქოს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდნენ, არც დისტრიბუცია იყო გამართული. გაყიდვებისგან კომერციული მოგების ზრდა მე-19 საუკუნის ბოლოს სიგარეტის დასამზადებელი დანადგარისა და ფერადი ბეჭდვის გაჩენამ განაპირობა. ბრენდების შექმნამ და სხვადასხვაგვარმა შეფუთვამ თავისი საქმე გააკეთა.

აგრესიულ კამპანიაზე მწარმოებლები 1940 წლიდან გადავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს სიგარეტს უფასოდ ურიგებდნენ, რითაც თამბაქოზე დამოკიდებულთა რიცხვი გაიზარდა. შეფუთვებზე გაფრთხილების ნაცვლად, მიმზიდველი სლოგანები გაჩნდა. მაგალითად, „Winston tastes good like a cigarette should’’, „For more pure pleasure, have a Camel!’’.

შეზღუდვები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაწესდა – სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა დაადასტურა კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და სხვადასხვა დაავადებას შორის. 1964 წელს ამერიკის წამყვანმა ქირურგმა, ლუთერ ტერიმ, მოწევისა და ჯანმრთელობის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. 7000 სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, იგი ამტკიცებდა, რომ მოწევა ფილტვის კიბოს, ემფიზემასა და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შემდეგ მწარმოებლებმა შელახული რეპუტაციის ამაღლება და გაყიდვების გაზრდა ფილტრის შექმნით, ნიკოტინისა და კუპრის რაოდენობის შემცირებით სცადეს. თუმცა კვლევებმა ანალოგიური შედეგები გაიმეორა.

1965 წლიდან აშშ-ში მიღებული კანონით, ზიანის შესახებ ყველა შეფუთვაზე უნდა ყოფილიყო გაფრთხილება. 1971 წლიდან აიკრძალა სატელევიზიო რეკლამა. 1990 წლიდან კი მოწევაზე შეზღუდვები მგზავრობაზეც გავრცელდა.

რეგულაციების მიუხედავად, მწარმოებლები თამბაქოს გაყიდვას მაინც წარმატებით ახერხებენ. მოწევის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ამისთვის მილიარდობით დოლარი იხარჯება. თუმცა, მწეველთა რაოდენობა, კლების ნაცვლად, მატულობს. დღეს სიგარეტის ყველა კოლოფზე ნახავთ შემადგენლობას, სხვადასხვა ზომის გაფრთხილებას. 43 ქვეყანაში გაფრთხილებებს თან დაზიანებული ფილტვის, ტუჩის, პირის ღრუს, თვალის, სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვის ან გაკვეთილი გვამის ფოტოებიც ერთვის.

ანტინიკოტინის კამპანიებთან დაკავშირებული კვლევების ნაწილი ამტკიცებს, რომ გაფრთხილებები ხელს უწყობს ზიანის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ისინი განსაკუთრებით ეფექტიანია დამწყებებში – მათი თვალი ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული წარწერებს და მეტს ფიქრობენ. ზოგიერთი კვლევა საწინააღმდეგოსაც აჩვენებს: წარწერის დანახვისას აქტიურდება რეცეპტორები, რომლებიც ნიკოტინის მოთხოვნაზე აგებს პასუხს, ფოტოები კი მწეველთა სტიგმატიზაციას იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მწეველთა 80% დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყანაში ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ განვითარებადი სახელმწიფოების პრობლემა არაა. აშშ-ში, Food and Drug Administration-ის გადაწყვეტილებით, 2012 წლის სექტემბრიდან შეფუთვაზე გაფრთხილების ტექსტები გაიზრდება და ფოტოებიც დაერთვება. თუმცა, ვაშინგტონის სასამართლომ შეფუთვაზე აღნიშნული ფოტოების განთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.

FDA-ს მონაცემებით, აღნიშნული ინიციატივა ეფექტიანია. მაგალითად, ავსტრალიაში მწეველთა 57%-მა სიგარეტის დანებებაზე დაიწყო ფიქრი, 36%-მა შეამცირა, 34% კი ცდილობს, თავი დაანებოს. ექიმების აზრით, უფრო ეფექტიანი ექიმსა და მწეველს შორის კომუნიკაციაა, ასევე მოწევისთვის თავის დანებების სპეციალური მედიკამენტები, რომელთაგანაც ზოგი (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი) ნიკოტინს შეიცავს, ზოგიერთი კი – არა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები