დიზაინი

კომფორტული და კონცეპტუალური rooms

0 კომენტარი

თებერვალს მილანის Tatro dell’arte Triennale პრესკონფერენცია-პერფორმანსს მასპინძლობდა. ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის – iSaloni – ერთგვარი შესავალი. iSaloni თავდაპირველად იმართებოდა როგორც ავეჯის დიზაინის გამოფენა, დღეს კი უკვე მთელი მსოფლიოსათვის თავშეყრის ადგილად იქცა. იქ ახალ სივრცეებს, სიახლეებს და თანამედროვე დიზაინს განსხვავებულ ხედვას შეამჩნევ.

ტაბულა კომპანია Cosmit-მა დაპატიჟა. კომპანია გამოფენის ორგანიზატორია. ახალი ფორმების ძიება არა მხოლოდ ავეჯის დიზაინს, არამედ პრესასთან ურთიერთობასაც ეხება. ტრადიციული პრესკონფერენციის ფორმატის ნაცვლად, მათ მსახიობებსა და მოცეკვავეებს სთხოვეს დახმარება. დახვეწილი ვიდეოარტის ფონზე, მილანში ჩამოყალიბებული ავეჯის შექმნის ტრადიცია და დიზაინის ისტორია გვიჩვენეს. შემსრულებლები ხან მოდერნ დანსის ილეთებით, ხან კი ხმის მეშვეობით ქმნიდნენ ატმოსფეროს. თეატრის უნივერსალური ენით გვიყვებოდნენ ხის მასალაზე და მის თავისებურებებზე; ხან პლასტიკატზე და ხანაც მეტალზე. რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ეს აბსტრაქტული სანახაობა საოცრად სავსე, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა.

პერფორმანსის მეორე ნაწილი მომავალ გამოფენაზე წარმოდგენილ სიახლეებს მიეძღვნა. თუმცა იტალიელებმა აქაც უარი თქვეს ტრადიციულ ფორმაზე და სცენაზე ნორჩი ზეთისხილის ხე მწვანე სხივებით გაანათეს. ხის ფონზე თეთრი ქვები დადეს, სცენაზე კი სწორედ ახალგაზრდა დიზაინერებს, დიჯეი ლინუსს, მილანის მერს და განსაკუთრებულ სტუმრებს უხმეს. მთავარ თემებად საავტორო უფლებების დაცვა, ეთიკური დიზაინი და დამწყები კომპანიებისადმი მხარდაჭერა დასახელდა. ყველა ამ საკითხს პასუხობს ქართული კომპანია ROOMS-ი, რომელიც გასული წლის გამოფენის 290 ახალგაზრდა და დამწყებ კომპანიას შორის, ოთხეულში მოხვდა და პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. ბაია დავითაია, თამარ ღვაბერიძე მენეჯმენტს უძღვებიან, ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე კი კომპანიის კრეატიულ მხარეს, დიზაინერებს წარმოადგენენ.

თამარ ღვაბერიძემ ისაუბრა, თუ რას ნიშნავდა მათთვის გამოფენაში მონაწილეობა და რამხელა ნაბიჯი იყო ახლადდაარსებული კომპანიისათვის მილანის გამოფენა. პერსონალური მადლობა გადაუხადა მარვა გრიფინს, რომელიც უშუალოდ არჩევს დამწყებ დიზაინერებს გამოფენისათვის. ის თავისი დაუნდობელი კრიტიკით და საქმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით ცნობილია

გამოფენის ორგანიზატორთა შორის.

სწორედ ქალბატონი მარვა გვესაუბრა ROOMS-ის შესახებ: “იცით, ძალიან დიდი ხანია ამ საქმეში ვარ, ზოგს ხედავ მხოლოდ ერთხელ, ზოგს კი უყურებ, როგორ იზრდებიან და იწყებენ კაშკაშს... ნატა და ქეთი წელს მესამედ მიიღებენ სატელიტში (ახალგაზრდა დიზაინერების პავილიონი) მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ მათზე კიდევ არაერთხელ გავიგებ”. შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებს მიმართა: „ქართული კომპანია ROOMS-ი მარსელ ვანდერსმა ნახა თუ არა, იმ წამსვე კონტრაქტი დაუდო”.

ქეთი თოლორაიას და ნატა ჯანბერიძეს მათ მიერვე მოწყობილ დიდ სივრცეში, სასტუმრო Holiday Inn-ში შევხვდით. სასიამოვნო საუბარი დიზაინის, ხელოვნების და თანამედროვე სივრცეების შესახებ უკვე თბილისში გავაგრძელეთ.

რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე მილანის გამოფენა iSaloni-მ?

გამოფენა ჩვენთვის დიდი წინსვლა იყო. 2010 წელს, რთულად იდგა ჩვენი წასვლის საკითხი – ხან გამოდიოდა გამოფენაზე მონაწილეობა, ხანაც – არა. შემდეგ კულტურის სამინისტროს დახმარებით საბოლოოდ გადაწყდა და გავემგზავრეთ. ჩვენი ძალისხმევა დაფასდა და გამოფენის დახურვის დღეს მარსელ ვანდერსმა კონტრაქტი დაგვიდო. ის მოდური მაღაზია-გალერეების Booi-ს ავტორია. მარსელი ეძებს, პოულობს და ყიდის უჩვეულო, ახალ დიზაინს. მას ჩვენი ნამუშევრები მოეწონა და უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ. ახლა ხალიჩაზე ვმუშაობთ, რომელიც ვანდერსის გალერეებში გაიყიდება.

როდესაც სივრცეს აწყობთ, თქვენ მიერ შექმნილი ნივთი/ობიექტი დამოუკიდებლად იქმნება თუ სივრციდან გამომდინარე? რა უფრო გხიბლავთ – სივრცის აგება და იმ სივრცისათვის ობიექტების შექმნა თუ ჯერ სივრცეს აწყობთ და შემდეგ ავსებთ საგნებით?

ძირითადად, ჩვენი ნივთები კონკრეტული სივრცისთვისაა შექმნილი, მაგრამ შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. აი, როგორც ეს ჭაღი „Solar Walk”, რომელიც ამ სასტუმროსთვის, ამ ლობისათვის შეიქმნა, მაგრამ სხვა სივრცეშიც შეიძლება გადავიდეს. ან როგორც „Welcome Desk” – რეცეფციის მაგიდა, რომელიც ამოტრიალებულ კარს წარმოადგენს – კონცეპტუალური ავეჯია. ეს კარი – სტუმართმოყვარეობის ან მასპინძლობის სიმბოლოა, რომელიც გადაქცეულია მაგიდად, მაგიდა კი, თავის მხრივ, ბუკლეტებისა და გზამკვლევების ვიტრინაა, რომელიც რეცეფციაში დგას. ეს მაგიდა შემდეგ მილანის მაღაზიაშიც გამოიყენეს.

რას ფიქრობთ საქართველოზე, უფრო სწორედ კი – თბილისის, როგორც თანამედროვე ქალაქის შესახებ, როგორ დაუპირისპირებდით მაგალითად მილანს?

სამწუხაროდ, სულ ცოტა ხანია, რაც საქართველოში ინტერიერის დიზაინზე თანამედროვე გაგებით, მოთხოვნა გაჩნდა. ხალხი მიხვდა, რომ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე. ძალიან რთულია ამ მხრივ როგორც ხელოსნებთან, ასევე დამკვეთებთან ურთიერთობა. აქაური ერთგვარი დეფიციტი – როგორც კრეატიული, ასევე ფიზიკური – უზარმაზარ კონტრასტშია, მაგალითად მილანთან, სადაც ყველაფერია.

ალბათ გრძნობთ, რომ დიზაინის ტრადიცია, ევროპული გაგებით, არ გაგვაჩნია. რას ისურვებდით ამ მიმართულებით?

დიზაინზე მოთხოვნა ბუნებრივი უნდა იყოს, ევროპაში ის კულტურის ნაწილია, ჩვენ არ გაგვაჩნია ამის კულტურა, ცოტაა ლამაზი ინტერიერები. სულ ვეძებთ ქართულ ელემენტებს, დეტალებს, გვინდა ქართული სერიული ავეჯი შევქმნათ, ვფიქრობთ ჭურჭელზეც.

როგორ აღიქვამთ განსხვავებას, მანძილს საქართველოსა და ევროპას შორის, ცდილობთ თუ არა ეს დისტანცია „შეამციროთ”?

როდესაც რაღაცას ფიქრობ, რაღაც იდეაზე მუშაობ და ხედავ – იქ ყველაფერი არის, რაც კი წარმოგიდგენია, ადვილია პლაგიატით

დაკავდე. აქ კი ამ ვაკუუმის გამო უფრო კონცენტრირებული და ფრთხილი ხარ. ერთი მხრივ, საინტერესოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მრავალფეროვნება, სიახლე აუცილებელია. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ არსებობდეს თბილისში დემოკრატიული, საჯარო სივრცე, რომელიც სიახლის, თანამედროვე ხელოვნების და შეხედულებების მულტიფუნქციური ცენტრი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე სტუმრებისათვის. ეს საგრძნობლად შეცვლის მსოფლმხედველობას, დისტანციას ჩვენსა და თანამედროვე მსოფლიოს შორის. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტზე უკვე რეალურად დავიწყეთ მუშაობა. ესაა თბილისის ცენტრში უზარმაზარი შენობა, ყოფილი გაზეთ კომუნისტის რედაქცია. გვიხარია, რომ ახალი სივრცე ახალი შემოქმედებითი იდეების გენერატორი იქნება და სულ მალე გაამდიდრებს თბილისს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები