საფეიქრო წარმოება

დამზადებულია საქართველოში

0 კომენტარი

შოფინგისთვის თუ მოიცალეთ, მაღაზიაში შეხვედით და Zara-ს, Marks&Spencer-ის, Puma-ს, Adidas-ის, Lebeck-ის, Lotto-ს და კიდევ რამდენიმე სხვა ცნობილი ფირმის ტანსაცმელი წაჭრილი იარლიყით დაგხვდათ, მენეჯერთან შეხვედრას ნუ მოითხოვთ და ერთ ამბავს ნუ ატეხთ. ეს ტანსაცმელი საქართველოში იკერება და შემდეგ ექსპორტზე გადის. ადგილობრივ ბაზარზე მისი გაყიდვა მხოლოდ ამ ფორმით არის დასაშვები.

საქართველოში მთლიანობაში 200-მდე სამკერვალო ფაბრიკა არსებობს. 95% მცირე და მიკრო საწარმოებია – მაგალითად, ატელიეების ტიპის მცირე წარმოებები. თბილისში მდებარეობს 15-მდე მსხვილი – თითო საწარმოში დასაქმებულია 100-დან 500-მდე ადგილობრივი მოსახლე და საშუალო – თითო საწარმოში დასაქმებულია 40-დან 100-მდე ადგილობრივი მოსახლე – ზომის ტანსაცმლის წარმოება. მათი 90% ქართული ინვესტიციებით არის შექმნილი და ძირითადად ტანსაცმელს სამი ტიპის სეგმენტისთვის აწარმოებენ. ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის სეგმენტია: მათთვის ძირითადად სასტუმროების, რესტორნების, საწვავის იმპორტიორების, პოლიციის, ჯარის, სახელმწიფო დაცვის პერსონალისთვის განკუთვნილი უნიფორმები იკერება. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ძირითადი გაყიდვების არხი ლილოს და ვაგზლის ბაზრობებია. საქართველოში დამზადებული საერთაშორისო ბრენდები ძირითადად ექსპორტზე გადის. თუმცა ბოლო დროს მათი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდა, მათ შორის, სპეციალურ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებში.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ტანსაცმლის ფასი, როგორც წესი, ორნიშნა რიცხვს არ ცდება. დღეს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით მაისურები, შარვლები, პერანგები, ჯინსის შარვლები, ქურთუკები და პალტოები იკერება. საერთაშორისო ბრენდების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და უკრაინა.

უცხოური ბრენდების წარმოების საშუალოდ 95%-ზე მეტი ექსპორტზე რეგიონებიდან გადის. ქუთაისში და ტყიბულში სამი საწარმო მდებარეობს. აქედან ერთი თურქული ინვესტიციით არის შექმნილი. ბათუმში და მის შემოგარენში არსებული ხუთივე საწარმო ასევე თურქული ინვესტიციაა.

თურქეთი, ჩინეთთან ერთად, გლობალური ბაზრებისთვის საფეიქრო ნაწარმის ძირითადი მიმწოდებელია: საქართველოში ნაჭერი, ელვა, ღილი, ძაფი ძირითადად თურქეთიდან შემოდის. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ბამბის ანუ ნედლეულის მწარმოებელია, ხოლო მუშახელი, იაფთან ერთად, საკმაოდ კვალიფიციურია. თუმცა ბოლო პერიოდში თურქეთსა და ჩინეთში მუშახელის ხელფასები გაიზარდა და ბევრმა კომპანიამ სხვა, უფრო იაფიანი წარმოების ბაზრების მოძიება დაიწყო. EPI-ს მიხედვით, ჩინეთიდან საწარმოების ნაწილმა ბანგლადეშსა და ვიეტნამში გადაინაცვლა, თურქეთიდან კი ეგვიპტესა და საქართველოში. მართალია, ეგვიპტე ქსოვილის, მთავარი ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ არასტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.

საქართველოს წარმოების სექტორი უცხოური ინვესტიციებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო არის მიმზიდველი. ქვეყანას ექსპორტისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გზები და პორტები განვითარებულია. ძირითად საექსპორტო ბაზრებთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებით სარგებლობს: თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; ევროკავშირთან, აშშ-სთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და იაპონიასთან – GSP+ პრეფერენციების სისტემა. თავისუფალი საგადასახადო რეჟიმები ადგილობრივ ბაზარზეც მოქმედებს: საქართველოში არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც მწარმოებლები მოგების და სხვა გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ამასთან, თუ ბიზნესი მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე დღგ-ს გადასახადს არ იხდის. საბაჟო პროცედურები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მარტივია. მუშახელი იაფია, ხოლო წარმოების ხარჯი – დაბალი. საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ტარიფები დაბალია, ხოლო EPI-ს გათვლებით, დაქირავებულის მთლიანი ხარჯი (ხელფასის, კვების, ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და გადასახადების გათვალისწინებით), საშუალოდ, ყოველთვიურად 250, ხოლო მაქსიმუმ 400 აშშ დოლარს შეადგენს. იგივე თურქეთთან შედარებით, ეს ხარჯები, სულ მცირე, 2.5-ჯერ დაბალია.

საერთაშორისო ორგანიზაციების – USAID-ისა და IFC-ის შეფასებით, საქართველოში საფეიქრო სექტორს დიდი პოტენციალი აქვს და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები