იაპონია

მიწისძვრიდან ერთი წლის შემდეგ

0 კომენტარი

მარტს, მას შემდეგ, რაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ერთი წელი გავიდა. კატასტროფას ცუნამი და ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება მოჰყვა. სამი რეაქტორიდან ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, რამაც ფუკუშიმა ჩერნობილის გვერდზე დააყენა. მსოფლიოს ისტორიაში აღნუსხულ ერთ-ერთ უძლიერეს მიწისძვრას 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 ათას ადამიანზე მეტი დაკარგულად ითვლება, ნახევარი მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.

იაპონელებს კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის მდიდარი გამოცდილება გამოადგათ. დაზარალებული პროვინციების სრულად აღდგენას წლები დასჭირდება, თუმცა იაპონიამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრა უკვე მოახერხა.

ზარალის ღირებულება 300 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. იაპონიის მთავრობამ რეკონსტრუქციისათვის 260 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. რეაბილიტაციას ნარჩენების გადამუშავების პრობლემა აფერხებს. ცუნამიმ 20 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავი დატოვა. ამ რაოდენობის ნარჩენები მიიაგის პრეფექტურაში 19 წლის მანძილზე დაგროვდებოდა.

ფუკუშიმას ბირთვულ კომპლექსზე მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა რეაქტორები მუდმივ გაცივებას საჭიროებენ. ბირთვული საწვავის გაჟონვით ყველაზე მეტად ოკეანის მიმდებარე ზოლის ფლორა და ფაუნა დაზარალდა. ამჟამად პრეფექტურაში, გარდა სანაპირო ზოლისა და ახლომდებარე ტერიტორიისა, რადიაციის დონე სიცოცხლისათვის სახიფათო ნიშნულს ქვემოთ რჩება.

ფუკუშიმას ბირთვულმა ინციდენტმა იაპონიაში დებატები ააგორა. მოსახლეობას აღარ სურს ბირთვული ენერგია. თავიდან პრემიერ-მინისტრი იუშიჰიკო ნოდაც, რომელმაც თანამდებობა 2011 წლის აგვისტოში დაიკავა, ამ აზრზე იყო. მაგრამ ენერგოსექტორის იმპორტზე დამოკიდებულებამ მას აზრი შეაცვლევინა.

ამჟამად იაპონიის 54 ბირთვული რეაქტორიდან 52 გაჩერებულია. ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემაში ატომურ ენერგიას 30%-იანი წილი ეკავა. გათხევადებული ბუნებრივი აირის წლიური იმპორტი დაახლოებით 35%-ით, 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ირანზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა იაპონიას მდგომარეობა გაურთულა. ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. მეორე მხრივ კი, სანქციების მხარდასაჭერად, იაპონიას უწევს უარი თქვას ირანულ ნავთობზე, რაც მისი ნავთობიმპორტის მეათედს შეადგენდა.

ბირთვული ენერგიის ჩანაცვლება იაპონელებს განახლებადი ენერგიით სურთ. ცუნამიმ ვრცელი ტერიტორიების დამარილებით მზის ბატარეებისათვის ადგილი გამოათავისუფლა. კორპორაცია Canadian Solar-ი ფუკუშიმას პრეფექტურის ათვისებასაც აპირებს. განახლებადი ენერგია იაპონიის ენერგომომარაგების 9%-ს შეადგენს, მთავრობას სურს 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.

ერთი წლის შემდეგ, იაპონიის ხელისუფლებას ისევ ძველ პრობლემებზე უწევს დაფიქრება. მიწისძვრამ ოდნავ აამოძრავა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ ადგილზე გაყინული იაპონიის ეკონომიკა. 2012 წლისათვის იაპონიის მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდას ელოდება. თუმცა ეს რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხების ეკონომიკაში შეშვების ხარჯზე მოხდება. ექსპორტზე აგებული ეკონომიკური მოდელი აღარ მუშაობს. იენის მაღალი კურსის გამო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა გართულებულია. ბევრი ადგილობრივი კომპანია საწარმოო საშუალებებისა და კაპიტალის ქვეყნიდან გატანას არჩევს.

იაპონიის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%-ს აღწევს. მოსახლეობის გადაბერებისა და სოციალური ხარჯების ზრდის გამო, მთავრობას ხარჯების შემცირება გაუჭირდება. ნოდას სამომხმარებლო გადასახადის გაზრდა სურს, მაგრამ მის დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილებაა. საგადასახადო რეფორმას იჩირო ოძავას ფრაქცია ეწინააღმდეგება. მთავრობის შეცდომებით ვერც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ისარგებლა. ორივე პარტიის რეიტინგი 15%-მდე დავარდა. შესაძლოა, წამყვანი პარტიების დასუსტებით ოსაკას მერმა ტორუ ჰაშიმოტომ ისარგებლოს. 42 წლის ჰაშიმოტომ, რომელსაც რეფორმისტის რეპუტაცია აქვს, 2011 წლის ნოემბერში ოსაკას მერის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. იგი 2013 წლის იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას. მიწისძვრა, ცუნამი და ბირთვული გაჟონვა იაპონიისათვის დასასრული არ ყოფილა, მაგრამ იქნება თუ არა ახლის დასაწყისი, მომავალ წლებში გამოჩნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები