ენციკლოპედია

ახალი ბრიტანიკა

ენციკლოპედია ბრიტანიკა პირველად 1768 წელს გამოვიდა. ის ციფრული ერის დადგომამდე მყარად ინარჩუნებდა პოპულარობასა და საუკეთესო ენციკლოპედიის სახელს. დღეს ბრიტანიკასგან მხოლოდ სახელიღა დარჩა. მფლობელები დაიღალნენ ფულის დაკარგვით და გამოაცხადეს, რომ ამიერიდან ენციკლოპედიის ბეჭდური ვერსია აღარ გამოვა. ბრიტანიკა მხოლოდ ინტერნეტში იარსებებს. „მიუხედავად ჩვენი გრძელი ბეჭდური ისტორიისა, არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი ფურცელზე ვიარსებებდით თუ ციფრულ სამყაროში. ჩვენი მთავარი მისიაა ვიყოთ მუდამ სანდო, სწრაფი, ინტელექტუალური წყარო ცოდნის მიღებისა. მე მიმაჩნია, რომ 200 წლის შემდეგაც მისია იგივე დარჩება, შემდეგი თაობები კი საუკეთესო ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რათა ეს უზრუნველყონ”, – ეს კორპორაცია „ენციკლოპედია ბრიტანიკას” პრეზიდენტმა, ხორხე კაუზიმ, განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია დავწეროთ თითოეულ მულტფილმის პერსონაჟზე, ცნობილი ხალხის თითოეულ სასიყვარულო თავგადასავალზე, მაგრამ გვჭირდება ალტერნატივა, სადაც ფაქტები მნიშვნელოვანია. ბრიტანიკა ინფორმაციულად უზარმაზარი არა, მაგრამ მუდამ ფაქტობრივად ზუსტი იქნება”. ამ განცხადებაში კაუზიმ კბილი ინტერნეტგიგანტს და უდიდეს ენციკლოპედიას, ვიკიპედიას, გაკრა. ვიკიპედია ინტერნეტბაზარზე ბრიტანიკას უმთავრესი კონკურენტი იქნება და ომი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, თითქმის მოგებული აქვს. მიზეზი მარტივია – ვიკიპედია სრულიად უფასო საიტია, სადაც გაცილებით მეტი ინფორმაციაა. ბრიტანიკაზე ინფორმაციის მოპოვება კი ფასიანი იქნება. ბრიტანიკას ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი მისი სახელია, მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია მსოფლიოს ტოპ 10 ნახვად საიტებში შედის, ბრიტანიკას 500 000 ხელმომწერი ჰყავს, რომელიც წელიწადში 70 დოლარს იხდის, რათა სასურველი ინფორმაცია მიიღოს.

ბრიტანიკას წარმატების შანსი მისი ავტორიტეტულობაა. გამომცემლობებს წლების მანძილზე 100-მდე რედაქტორი და გამოჩენილი კონტრიბუტორები ჰყავდა (ალბერტ აინშტაინი, ალფრედ ჰიჩკოკი, მილტონ ფრიდმანი...). გამოცემის მთავარი მიზანი ყოველთვის ხარისხი იყო და არა რაოდენობა. ბრიტანიკას ინტერნეტწარმატება მისი ინფორმაციის სიზუსტეზეა დამოკიდებული. მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიკიპედიას დაეყრდნოს, რომლის ფაქტების სისწორეშიც ხშირად ეჭვი შეაქვთ, ან ბრიტანიკას ონლაინგამოცემისთვისაც გადაიხადოს ფული და ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაცია მიიღოს.

შეიძლება ბრიტანიკას მოწინააღმდეგე ვიკიპედია არასოდეს ყოფილიყო, რომ არა გამომცემლობის უარი Microsoft-ისთვის. 80-იან წლებში, როდესაც კომპიუტერი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, Microsoft-მა ბრიტანიკას Windows 1.0 ვერსიისთვის, თავისი ენციკლოპედიის კომპიუტერული ვერსიის შექმნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. Microsoft-მა Funk & Wagnall’s-თან თანამშრომლობით ენციკლოპედია Encarta შექმნა, რომელიც Windows-ის დისკს უფასოდ მოყვებოდა. პროგრამა 1993 წელს გამოვიდა, შედეგად – თუ 1990 წელს ბრიტანიკას შემოსავალი 650 მილიონი დოლარი იყო, 1996 წელს გაკოტრებული კორპორაცია 135 მილიონად გაიყიდა. ამაში ერთ-ერთი „მთავარი დამნაშავეა” Encarta. ბრიტანიკას მფლობელებმა ბეჭდური ვერსიის გაყიდვების შემცირების შიშით უარი თქვეს Microsoft-თან თანამშრომლობაზე, რადგან ვერ გაითვალისწინეს მთავარი – ტექნოლოგია ცოდნას იაფს ხდის. Encarta-ს Microsoft-ისთვის ფული არასოდეს მოუტანია (უფასო იყო), სამაგიეროდ Windows-ის გაყიდვებს შეუწყო ხელი. თავად Encarta-მ ვიკიპედიას კონკურენციას ვერ გაუძლო და 2009 წელს შეწყვიტა არსებობა. The reader’s guide, The World Almanac, Roget’s Thesaurus – ეს ის გამოცემებია, რომლებიც დღეს მხოლოდ ინტერნეტში არსებობს, ბრიტანიკაც მათ რიცხვს შეუერთდა. წიგნები, ისევე როგორც ფილმები, მუსიკალური ალბომები თანამედროვე ტექნოლოგიების წინაში უძლურები არიან. გადარჩენის ერთადერთი შანსი მათთან ინტეგრაციაა. ბეჭდური გამოცემა უფასო ენციკლოპედიას არ დაუმარცხებია, ის თავად კომპიუტერის მსხვერპლი გახდა.

 

კომენტარები