ფემინიზმი

ფემინისტური ლოგიკა

0 კომენტარი

მარტს, ტელეკომპანია იმედის წინ გადაცემა „ქალური ლოგიკის” დახურვის მოთხოვნით მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. პროტესტის აღშფოთებული მონაწილეები, ტრანსპარანტებით „შეწყდეს სექსიზმის პროპაგანდა”, „ლოგიკას სქესი არ აქვს”, „დაანგრიე პატრიარქატი” და ა.შ., ამტკიცებდნენ, რომ იმედის ეთერში გასული გადაცემა ქალების შესახებ არსებულ სტერეოტიპებს აღრმავებს, მათ უფლებებს არღვევს და ღირსებას ლახავს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც გადაცემა ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ თავს მაინც შეურაცხყოფილად გრძნობდა.

„ქალური ლოგიკა” ტელეკომპანიის ეთერში მარტის დასაწყისიდან გადის. როგორც მათივე ვებგვერდი იტყობინება, ის ჰოლანდიური „გეიმ-შოუს” ანალოგია და მრავალ ქვეყანაში არსებობს. გადაცემაში 6 მამაკაცი და 6 ქალი მონაწილეობს. გოგონებს შეკითხვებს უსვამენ, რომელზეც პასუხი უნდა გასცენ. მამაკაცებს სწორი პასუხი არ მოეთხოვებათ, მათ უნდა გამოიცნონ, რა უპასუხეს ქალებმა. საერთო ჯამში, გადაცემის ქართული ვარიანტი ადგილობრივ ტელესივრცეში არსებული ზოგადი ფონის შესაბამისი ანუ მდარე ხარისხისაა.

საპროტესტო აქცია ინტერნეტში დაიგეგმა. „თვითონ გადაცემის ფორმა ისეთია, რომ ქალები დოღის ცხენებივით არიან გამოყვანილი, რომლებზეც მამაკაცები რაღაც ფსონს დებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ქალი არც არაფერს იგებს ამ გადაცემაში, უბრალოდ გაფორმება, ლამაზი თოჯინაა”, – განუცხადა მედიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. სხვებს „სექსუალური, უტვინო და ლამაზი ქალის” ხატი ეცათ თვალში, რომელსაც მარტივ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ამგვარად ჩანს, რომ განვითარების დონით მამაკაცს ჩამოუვარდება. გადაცემის დახურვის აუცილებლობა კი იმით ახსნეს, რომ საზოგადოებაში ის მავნებლურ სტერეოტიპებს აღრმავებს. მათი აზრით, მამაკაცთა ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების გამო, დიდ ზიანს მიაყენებს ისედაც ჩაგრულ ქალთა პოპულაციას. პროტესტის მონაწილეები ეთიკის კოდექსში არსებულ მე-3 მუხლს ეყრდნობიან – სადავოა, მართლაც არღვევს თუ არა ეს გადაცემა ეთიკის ნორმებს, თანაც მისი დახურვის მოთხოვნა ბევრად ფართო პრობლემაზე მიუთითებს.

დავიწყოთ იმით, რომ „სტერეოტიპის” აპრიორი ნეგატიურ კონტექსტში განხილვა არასწორია. ადამიანები ყველაფრის ცოდნას პირადად და თითოეულ ჯერზე ხელახლა ვერ მოიპოვებენ. სტერეოტიპები სხვადასხვა მოვლენის თუ საგნის კატეგორიზაციაში გვეხმარება და წარსულ გამოცდილებას ემყარება. აზროვნების პროცესი სწორედ ასე ხდება შესაძლებელი.

თუ მოვინდომებთ, გადაცემის სახელწოდებას მართლაც შეგვიძლია ვუწოდოთ სტერეოტიპული. ბუნებრივია, ლოგიკას სქესი არ აქვს. გარშემო კი ბევრ ქალს იპოვით, ვინც გაცილებით მწყობრად მსჯელობს, ვიდრე რომელიმე მამაკაცი. თავად ამ შოუშიც, სადავოა, ვინ უფრო სულელურად გამოიყურება – ქალები თუ კაცები, რომლებიც ასევე არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ჭკუით თუ იუმორით. თანაც, „ლამაზი და სულელი” ქალის სტერეოტიპის არსებობა არ გამორიცხავს, რომ ასეთები მართლაც არსებობენ. მათ ისევე აქვთ უფლება, ჰქონდეთ სივრცე, სადაც იარსებებენ და გაერთობიან, როგორც ულამაზო და ჭკვიან, ან ლამაზ და ჭკვიან ქალებს. ამას გარდა, ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს „სულელი”? შესაძლოა, ვინმემ არ იცოდეს, ფეხბურთის მატჩში პენალტს რამდენი მეტრიდან ურტყამენ, მაგრამ დაწეროს ყვითელი ბესტსელერი, შექმნას ტანისამოსი ან ჰქონდეს ბიზნესიდეა. ეს იმ ადამიანებზე ბევრად წარმატებულად აქცევს, რომელთაც ზუსტად იციან, რა ციური სხეულის გარშემო ტრიალებს დედამიწა.

სადავო ბრალდებაა „სტერეოტიპის გამყარებაც”. გარშემო უთვალავი რამ არსებობს, რასაც მსგავსი განაჩენი შეგვიძლია გამოვუტანოთ. „ქალურ ლოგიკაზე” აურაცხელ ხუმრობას გადააწყდებით ინტერნეტში, მათ შორის, პოპულარულ იუმორისტულ საიტებზე, სადაც მილიონობით მომხმარებელი თავისუფალ დროს ერთობა. საეჭვოა, ეს არსებულ სქესთა ბალანსს ცვლიდეს, გენდერულ თანასწორობას არღვევდეს ან დამქირავებლებს არწმუნებდეს, რომ ქალი აპრიორი სულელია და მისთვის შანსის მიცემაც კი არ ღირს. იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში მსგავსი ვებგვერდების დახურვა არ დადგება.

„ფემინისტური ლოგიკით” შორს წასვლას მოვახერხებთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთან დაკავშირებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს თავად ფემინისტები ამყარებენ – ხშირად სექსიზმის ნიშნების გამუდმებული ძიება პარანოიაშიც გადადის. ასეთ შემთხვევებში „ქალის” ნებისმიერ კონტექსტში ხსენება მისი ჩაგვრის ილუზიას იწვევს. დასავლეთში ამ ლოგიკით უკვე მივიდნენ შესაბამის შედეგებამდე: სხვადასხვა ჯგუფებზე სტერეოტიპების გამყარების აღკვეთის მოტივით, არსებობს პოლიტკორექტული „ტომ სოიერის თავგადასავალი”, ბიბლია და მრავალი სხვა ტექსტი.

პროტესტის ერთ-ერთი მოტივი სტერეოტიპებისგან ახალგაზრდების დაცვაა. ანალოგიურ არგუმენტს ეკლესიაც ხშირად იყენებს: „საიდუმლო სირობა”, შესაძლოა, ისევე იწვევდეს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდებში რელიგიური ღირებულებების გაუფასურებას, როგორც „ქალური ლოგიკა” – ქალების გონებრივი შესაძლებლობებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას.

უცხოელი კოლეგების მსგავსად, ქართველი ფემინისტები ზრუნვას არც ზრდასრულ საზოგადოებას აკლებენ. გამოდის, რომ ისინი თვლიან: „ჩვენ საკმარისად ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები გავაანალიზოთ და გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. დანარჩენები კი საკმარისად სულელები, რომ ამის ყურება და ამით გართობა ავუკრძალოთ”.

პროტესტის დროს ქალის უფლებების დაცვის მოტივიც გაჟღერდა. განსაკუთრებული მიხვედრილობა არ სჭირდება, რომ „უფლება” სწორედ „დავარცხნილი და სულელი” ქალების არსებობაა, რომელიც გადაცემაში მისვლით ინდივიდუალურ არჩევანს აკეთებენ და არა მათთვის ამ არჩევანის წართმევა. ანალოგიური უფლება ვრცელდება მაყურებელზეც.

თუ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება გვსურს, უნდა გავაცნობიეროთ მოცემულობა: თავისუფალ სივრცეს ყოველთვის გამოიყენებენ თუნდაც ყველასთვის მიუღებელი იდეების გასავრცელებლად. ამ აზრთან შეუგუებლობას ტოტალიტარულ აზროვნებამდე მივყავართ. ზღვარი „მავნე სტერეოტიპებისა” და „მართლმადიდებელთა შემაგინებლობის” აკრძალვის მოთხოვნებს შორის არ არსებობს. ერთსაც და მეორესაც მიუღებელ იდეებთან ბრძოლა მათი საჯარო სივრციდან გაძევებით სურს. მათ პულტი საკმარისად არ მიაჩნიათ, მავნებელი გამოხატვისგან თავდასაცავად. ერთიცა და მეორეც თვლის, რომ მართალია მომწამვლელი სტერეოტიპებისა და გარყვნილებისგან მას თავის დაცვა შეუძლია, მაგრამ საზოგადოება სუსტია და დამოუკიდებელ აზროვნებას მოკლებული. სწორედ ამიტომ, აკრძალვა ხალხზე ზრუნვის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევა.

ფემინისტები ხშირად კარგავენ ზღვარს საჯარო და პირად სივრცეს შორის. აქედან იბადება ტოტალიტარული იდეები სახელმწიფოს მიერ კერძო სივრცეში შეჭრის აუცილებლობაზე, რომლის მიზანიც ქალების მატრიცისგან გათავისუფლებაა. ქალთა პოპულაცია დამონებულია, „მატრიცაში” ცხოვრობს. პარალელურად არსებობენ ერთი მუჭა გამოღვიძებულები, რომლებიც „მანქანების ტყვეობიდან” მათ დახსნას ცდილობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალმა, იმისათვის რომ „შედგეს”, აუცილებლად ოჯახი უნდა დატოვოს, მუშაობა დაიწყოს, წარმატებულ და დამოუკიდებელ ადამიანად იქცეს. ამგვარად მდედრობითი სქესი ხელიდან დაუსხლტება პატრიარქალური კულტურის ძალადობას. თავის მხრივ, სხვები, ვინც განსხვავებულ არჩევანს გააკეთებს და, ვთქვათ, დიასახლისობას არჩევს, მონად დარჩება.

ფემინისტური შეხედულება „პროგრესულ ქალობაზე” მრავალი ისეთისთვის, ვინც სხვა ფასეულობათა სისტემას იზიარებს, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდება. ქვეყანაში, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ, ქალის ნებისმიერი არჩევანი მისი ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატულებაა და არა ძალადობა. ფემინისტურ ფასეულობათა ერთი სისტემის საყოველთაო აუცილებლობად გამოცხადება, კიდევ უფრო ამსგავსებს ამ იდეოლოგიას რელიგიას, სადაც სათნოდ ცხოვრების წესის დაცვა გარდაუვალი ამოცანა უნდა იყოს, ხოლო ცოდვა მკაცრი ცენზურის ქვეშ მოექცეს. აქაც თავს იჩენს ცოდვილების სიძულვილი, მაგრამ ისმის არადამაჯერებელი „ნურას უკაცრავად” – „მე მძულს ცოდვა და არა ცოდვილი”.

შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად შეურაცხმყოფელია ქალებისთვის არცთუ ისე გემოვნებით გაკეთებულ გადაცემაში წარმოდგენილი „ქალურობა”. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უფრო დიდი „ბოროტება” ვერ იქნება, ვიდრე დისნეის მულტფილმებში, ჰოლივუდურ ფილმებსა თუ ლიტერატურაში არსებული პრინცესები, რომლებიც ასევე კარგად დავარცხნილები და ლამაზები არიან. მათი საბოლოო მიზანი კი პრინცთან ოჯახის შექმნაა. თანამედროვე სამყაროში არსებობს „ქალურობის” უამრავი სტერეოტიპული გაგება, რომელიც გარკვეულ ფასეულობათა სისტემასა და თვითრეალიზების მეთოდს ქადაგებს. ამგვარი დოგმატური „ქალურობისგან” არც ფემინიზმია შორს.

გადაცემის დახურვის მოთხოვნა, საბოლოო ჯამში, განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობაა. ერთია, როცა გამოხატვა აჩენს მყისიერ საფრთხეს – ძალადობის მსხვერპლად იქცეს რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი. ასეთ დროს პირდაპირი კავშირი ძალადობასა და გამოხატვას შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ქმნის. შეუძლებელია, მოგვწონდეს ის, რაც, მაგალითად, ბევრად მგრძნობიარე თემებზე, ქსენოფობიური შინაარსით გამორჩეული ასავალ-დასავალის ფურცლებზე ხდება, მაგრამ გაზეთის დახურვას ვერ მოვითხოვთ. თავისუფალი საზოგადოება აკეთებს არჩევანს: არცერთი გადაცემა, არცერთი სტატია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფასი არ ღირს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები