ყირგიზეთი

ყირგიზეთი ამერიკულის შემდეგ რუსული ბაზის დახურვას ითხოვს

ამერიკის მიერ ავღანეთის ოპერაციის დასრულების შემდგომ, ვარაუდობდნენ, რომ ცენტრალური აზიის რეგიონში ძალთა თანაფარდობა რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლებოდა. თუმცა პეკინის მზარდი როლის გათვალისწინებით, იქ პირველი მოთამაშის ადგილს ჩინეთი იკავებს.

გასული წლის დეკემბერში, ყირგიზეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, 2014 წლისთვის აშშ-ის მანასის სატრანზიტო ბაზის დახურვის შესახებ განაცხადა. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ ეს კრემლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, მარტის დასაწყისში, ატამბაევმა კანტის რუსული საჰაერო ბაზის შესაძლო გაუქმებაზეც დაიწყო საუბარი. მან რუსეთის მესაჭეებთან შეხვედრის შემდგომ, კომერსანტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კანტის ბაზას “არანაირი სარგებელი არ მოაქვს ყირგიზეთისთვის”.

ატამბაევის თქმით, „რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს”. კრემლს უკვე ოთხი წელია არ დაუფარავს ბაზით სარგებლობისთვის გადასახდელი 15 მილიონი დოლარი. მოსკოვში ატამბაევის განცხადება არასერიოზულად აღიქვეს. ყირგიზეთს რუსეთის 180 მილიონი დოლარი მართებს, ამიტომ 15 მილიონის გადაუხდელობით აპელირება პუტინის კარის ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის სასაცილოა. 2009 წელს რუსეთმა, ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ, ყირგიზეთისგან დასტანის ტორპედოს საწარმოს 48-პროცენტიანი წილი მოითხოვა. დღეს კი 75 პროცენტის ფლობაზე აქვს პრეტენზია, რაზეც ბიშკეკი არ თანხმდება.

რუსეთ-ყირგიზეთის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ნიკოლაი ბორდიუჟაა. ატამბაევს ამ უკანასკნელის შეცვლა სურს. მისი აზრით, ბორდიუჟა „ერევა ცენტრალური აზიის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში”. კრემლიდან ყირგიზეთის ნომერ პირველს უპასუხეს, რომ მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის მტრების ძიების ნაცვლად, აჯობებს შიდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე იფიქროს.

ბიშკეკის უარი ვაშინგტონისთვის მანასის ბაზის კონტრაქტის გაგრძელებაზე, ბევრისთვის კრემლისკენ აღებული გეზის დადასტურება იყო. თუმცა უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, საით მიმართავს ყირგიზეთი საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ცოტა ხნის წინ ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა, ბაზის მომავალზე მოსალაპარაკებლად ყირგიზეთს სტუმრობდა. ამერიკელებს 2009 წლამდე მანასის ბაზა ყოველწლიურად 17 მილიონი უჯდებოდათ. 2009 წლიდან გადასახადი 60 მილიონამდე გაიზარდა. მანასის სატრანსპორტო ცენტრს აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი მეშვეობით ავღანეთში საჯარისო ნაწილების ტრანსპორტირება და ავიამზიდთა ავტოგამართვა ხდება. მიუხედავად მომგებიანი კონტრაქტისა, ატამბაევს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი ამერიკული ბაზის დახურვა. მისი აზრით, ის ყირგიზეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ცენტრალური აზიის რეგიონში ამერიკის და რუსეთის პოზიციების შესუსტება, ჩინეთს მოქმედების ფართო არეალს უქმნის. პეკინის ეკონომიკური გავლენა რეგიონში დღითი დღე იზრდება. ჩინური სახელმწიფო საწარმოები დებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ენერგოსექტორში. ცენტრალური აზიიდან მიღებულ ბუნებრივ გაზსა და ნავთობს ჩინეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ჩინეთი კონფუციანურ ინსტიტუტებს აფინანსებს და პოზიციების გამყარებას „რბილი” მიდგომითაც ცდილობს. იგეგმება ჩინეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის მშენებლობა. ეს კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს „აზიის ბალკანეთს” პეკინთან.

ყირგიზეთი, შუა აზიის დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, ცდილობს ჩინეთის, ამერიკის და რუსეთის გავლენის დაბალანსებას. ზოგიერთი მოსაზრებით, ბიშკეკი ბაზებით ვაჭრობს და მაღალი ფასის სანაცვლოდ მათ შენარჩუნებას დათანხმდება. მეორე მხრივ, შესაძლოა, ატამბაევს სურს აირიდოს რეგიონის დიდ ძალათა თამაშში ყირგიზეთის ჩაბმა. მსგავსი პოლიტიკა ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2,400 დოლარია, ეკონომიკურად წამგებიანია.

შვიდი წელი გავიდა, რაც ტიტების რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ ასკარ აკაევის ავტორიტარული რეჟიმი დაემხო. ბევრი ვარაუდობდა, რომ რევოლუცია დემოკრატიული რეფორმების დასაწყისი იყო, მაგრამ კურმანბეკ ბაკიევის კორუფციულმა ხელისუფლებამ სახალხო მღელვარებათა კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია. მისი რეჟიმი 2010 წლის გაზაფხულზე სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ყირგიზეთის სათავეში ალმაზბეკ ატამბაევი მოვიდა. მას პრორუსულ კანდიდატად მიიჩნევდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ატამბაევს ცენტრალურ აზიაში პუტინის რწმუნებულობა დიდად არ ხიბლავს.

კომენტარები