კუბა

კუბა დიდი გარდაქმნების ზღვარზე

0 კომენტარი

მარტს, ბენედიქტე XVI კუბას სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და სანტიაგოში ღია ცისქვეშ წირვა ჩაატარა. პაპმა კუბას განახლებული, ღია და უკეთესი საზოგადოების აშენებისკენ მოუწოდა. „მჯერა, რომ ამ ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში კუბა მომავლისკენ იყურება და ჰორიზონტის განახლებასა და გაშლას ცდილობს”, – განაცხადა ბენედიქტე XVI-მ.

საზეიმო წირვას დაესწრო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც პარტიის მიერ მობილიზებული თუ ძალით მიყვანილი იყო. რეჟიმის წინააღმდეგობაში შემჩნეული მოქალაქეები კი მესაზე არ დაუშვეს. კუბა Freedom House-ის 2012 წლის მონაცემებით, ყველაზე რეპრესირებულ ქვეყნებს შორის ხვდება. კასტროების ტანდემი იქ ყველანაირ განსხვავებულ აზრს ახშობს და მკაცრად უსწორდება.

ფიდელ კასტროს დროიდან მოყოლებული, რეჟიმის მსხვერპლი ათიათასობით ადამიანი გახდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და Amnesty International-ი იმედებს ამყარებდნენ, რომ პაპი პოლიტიკური პატიმრების საკითხს დასვამდა და განიხილავდა ალან გროსის შესაძლო განთავისუფლებას. ალან გროსი, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, კუბაში სატელიტურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკას ავრცელებდა. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში დასდეს ბრალი და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კუბაში ჩაფრენამდე, პაპმა მარქსიზმს დღევანდელი რეალობისთვის შეუსაბამო უწოდა. ამან კუბის პოლიტბიურო განარისხა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კომენტარს კუბელ ხალხამდე არ მიუღწევია. ზოგიერთების აზრით, პაპის ეს ვიზიტი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წარმოსაჩენად დაიგეგმა – ათეისტური სახელმწიფო „ხალხისთვის განკუთვნილი ოპიუმისთვის” ადგილის მოძებნას ცდილობს. კუბელთა უმრავლესობას კათოლიკური ეკლესია ხალხსა და მთავრობას შორის შუამავლად მიაჩნია, თუმცა სხვები მას ხშირად აბრალებენ რეჟიმთან ზედმეტ სიახლოვეს. როგორც ფლორიდის შტატის სენატორმა მარკო რუბიომ აღნიშნა: „საკუთარი სამოქმედო სივრცის მოპოვების ნაცვლად, ეკლესია შეიძლება დიქტატორულ რეჟიმთან დათმობებზე წავიდეს”.

რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა რაულ კასტრომ და პაპმა, უცნობია, თუმცა ამ უკანასკნელისგან უფრო მკვეთრ კრიტიკას ელოდნენ. იოანე პავლე II-ის მიერ კომუნისტი დიქტატორების წინააღმდეგ გამართულ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან შედარებით, ბენედიქტე XVI აშკარად ნაკლები სითამამით მოქმედებს.

90-იან წლებში იოანე პავლე მეორის კრიტიკამ შედეგი გამოიღო – აღმოსავლეთ ევროპამ, მისი მშობლიური პოლონეთის ჩათვლით, კარი გაუღო დემოკრატიულ რეფორმებს და თავისუფალ ბაზარს. დღეს კუბაც ნელი ნაბიჯებით მიემართება ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ. რაულ კასტროს გადაწყვეტილებით, 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული, კუბელებს შეუძლიათ სახლების და მანქანების ყიდვა-გაყიდვა, სასოფლო მეურნეობები სახელმწიფო საკუთრებიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში გადავიდა, თუმცა იქ წარმოებულ პროდუქციას ძალიან დაბალი ფასი აქვს.

2015 წლისთვის საჯარო სამსახურში მყოფ ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაითხოვენ. რაულ კასტროს თქმით, სახელმწიფო სამსახურში მყოფი „ყოველი მეხუთე ზედმეტია” და სამუშაოს ძებნა კერძო სექტორში მოუწევს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კუბელებს მიეცათ საშუალება, ჩაერთონ „არასახელმწიფოებრივ აქტივობებში”, ანუ წამოიწყონ მცირე ბიზნესი. ერთი წლის განმავლობაში 148 ათასიდან 330 ათასამდე გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი, თუმცა მაღალი გადასახადები და ნედლეულის იმპორტის აკრძალვა ინდივიდუალურ ინიციატივებს ამცირებს. შედეგად, მიუხედავად ცვლილებებისა, მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება და უცვლელია ინდივიდუალური შემოსავლის დონე, ხოლო სამომხმარებლო პროდუქციის 80% იმპორტირებულია.

90-იანი წლების ბოლოს საბჭოური დახმარების შეწყვეტის შემდეგ, კუბაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო. მდგომარეობას 1960 წლიდან დაწესებული ამერიკული ემბარგოც ართულებდა. ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ფიდელ კასტრომ მცირე საოჯახო ბიზნესის არსებობა დაუშვა, თუმცა მას შემდეგ, რაც უგო ჩავესი ნავთობის მიწოდებას დათანხმდა, მოხდა ნებადართული კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია და ცენტრალიზაცია. ის დრო კუბელებს კარგად ახსოვთ და მცირე ბიზნესის წამოწყებას ლოგიკურად უფრთხიან.

ეკონომიკურისგან განსხვავებით, ჰორიზონტზე პოლიტიკური ცვლილებები არ ჩანს. რაულ კასტრო შიშობს, რომ პოლიტიკურმა რეფორმებმა შეიძლება მისი რეჟიმის დამხობა განაპირობოს. აკრძალულია კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიის არსებობა. პრობლემაა ხელისუფლების დაბერებაც – იქ საშუალო ასაკი 70 წელია, ანუ კუბის მთავრობა ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროზე ერთი წლით ხანდაზმულია.

ექსპერტთა ნაწილი კომუნიზმის ამ ციხესიმაგრეს ჩინეთის მსგავს მომავალს უწინასწარმეტყველებს, სადაც კაპიტალისტური ეკონომიკის კვალდაკვალ, პარტია კვლავ ინარჩუნებს გავლენას ცხოვრების ყველა სხვა ასპექტზე. მეორე ნაწილი კი პერესტროიკის მსგავსი სცენარის განვითარებას ვარაუდობს. როგორი იქნება კუბის მომავალი, რთული სათქმელია, თუმცა აშკარაა, რომ კასტროთა დიქტატურამ დრო მოჭამა და აღსასრულს უახლოვდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები