ბირმა

დევიდ კამერონი: ბირმას სანქციები უნდა შეუჩერდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ბირმას ეკონომიკური სანქციები უნდა შეუჩერდეს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების გამო. ეს მან მას შემდეგ თქვა, რაც ბირმაში პრო-დემოკრატ ლიდერს, ნობელიის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩჟის, შეხვდა. სუ ჩჟიმ მხარი დაუჭირა მის მოწოდებას და განაცხადა, რომ სანქციების შეჩერება რეფორმატორებს გააძლიერებს. მანამდე დევიდ კამერონი ქვეყნის პრეზიდენტს, ტეინ სეინს, შეხვდა.

კამერონი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ბირმას ეწვია. ბირმას, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამხედრო ხუნტა მართავდა, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა სანქციები დაუწესეს. ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი საერთო არჩევნები 2010 წელს ჩატარდა. 2011 წელს მმართველობაში არმიის მიერ კონტროლირებადი, ნომინალურად სამოქალაქო მთავრობა მოვიდა. ამის შემდეგ მათ დაიწყეს რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში - მათ შორის გაათავისუფლეს პოლიტიკური პატიმრები. გათავისუფლებულთა შორის იყო აუნ სან სუ ჩჟიც. ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში.

კამერონმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბირმასთვის იარაღის ემბარგო შენარჩუნებული უნდა იქნას, მაგრამ სხვა სანქციები შეჩერდეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბირმის მიმართ პოლიტიკას 23 აპრილს განიხილავენ. სანქციებს ვადა 30 აპრილს გასდის, თუ მას არ განაახლებენ. კამერონს ამ საკითხში, მხარდამჭერებთან ერთად, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ისინი თვლიან, რომ სანქციების შეწყვეტა ნაადრევია. თავის მხრივ, კამერონმა განმარტა, რომ ის არა სანქციების მოხსნაზე, არამედ შეჩერებაზე მიუთითებს.

 

კომენტარები