ქველმოქმედება

'ქველმოქმედება' – სახელმწიფო vs კერძო

0 კომენტარი

ის, თუ რითი უნდა შემოიფარგლებოდეს სახელმწიფოს საქმიანობის არეალი, მუდმივი კამათის საგანია. ადამიანთა ნაწილი, რომელთაც მეც მივეკუთვნები, თვლის, რომ სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა ზომის; საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაშიც ბიუროკრატები უნდა ერეოდნენ – მაქსიმალურად მოკლე; ხოლო ამა თუ იმ საჯარო უწყების ძალაუფლება – რაც შეიძლება შეზღუდული. ინდივიდუალური თავისუფლება, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს უფლება, იძულებით გადაადგმევინოს მოქალაქეს ისეთი ნაბიჯები, რომელსაც ის საკუთარი ნებით არ გადადგამდა, კეთილდღეობისკენ სწრაფვის უმთავრესი წინაპირობაა.

ასეთი ხედვა არც ისე პოპულარულია. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფოს სხვა ფუნქციებიც უნდა ჰქონდეს, იქნება ეს ეკონომიკის რომელიმე სექტორის (მაგალითად, საქართველოში პოპულარული სოფლის მეურნეობის) განვითარების ხელშეწყობა, სპორტისა და „ახალგაზრდობის საქმეთა” ან „კულტურის” კურირება თუ მოქალაქეთა დასაქმება (რაც ეკონომიკური თვალსაზრისით აბსურდია, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა).

ცხადია, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მსგავსი შეხედულებები პოპულარულია ჩვენზე გაცილებით უფრო „წინ წასულ” დასავლურ ქვეყნებშიც. ზოგადად, ამას მარტივი ახსნა აქვს: ა) ადამიანებს საკუთარი პრობლემების სხვის ხარჯზე, სხვების მიერ გადახდილი გადასახადებით მოგვარება ურჩევნიათ (სახელმწიფოს, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება სწორედ ამას ნიშნავს), ბ) მთავრობებს „მზრუნველი მამის” როლის მორგება აძლევთ ხელს, რადგან ეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების თითქმის უმტკივნეულო გზაა. შედეგად, ფეხბურთის მწვრთნელი ითხოვს მეტ საბიუჯეტო თანხებს ფეხბურთის წარსული დიდების დასაბრუნებლად, „კულტურის მუშაკი” – კულტურის ასაყვავებლად, სოფლად მცხოვრები – სოფლის ასაღორძინებლად, „ქართველი ერი” – ქართული ენის, ხოლო საპატრიარქო – რწმენის გადასარჩენად. მთავრობაც ენთუზიაზმით ირგებს ყველაფერზე მზრუნველის როლს... და ფულს ყველაფერში ვხარჯავთ. საქართველოში ამ პრობლემას მავნე საბჭოთა მემკვიდრეობაც ემატება – „მძლე კავშირი ძმური” ხომ ყველა ფუნქციასა და როლს ითავსებდა, მზრუნველი მამაც იყო და მსაჯულიც.

ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია, რომელსაც სახელმწიფოს აკისრებენ როგორც ვალდებულებას, ქველმოქმედებაა. ნარატივი საკმაოდ მარტივია – ადამიანები ეგოისტები არიან, თავისუფალი ბაზარი არასრულყოფილია, შესაბამისად, თუ სახელმწიფო არ ჩაერია და არ გაწია ქველმოქმედება, მდიდრები უფრო გამდიდრდებიან, ღარიბები უფრო გაღარიბდებიან, იზეიმებს ეგრეთ წოდებული სოციალური დარვინიზმი და ეს დამთავრდება იმით, რომ უკიდურესად გაჭირვებულები შიმშილით დაიხოცებიან. დაბოლოების მეორე ვერსიაც არსებობს, სადაც უკიდურესად გაჭირვებულები, მას შემდეგ, რაც ძალიან მომრავლდებიან, ჯანყდებიან და უქონელთა დიქტატურას ამყარებენ. თუმცა, ამჯერად შევეშვები მსჯელობის ასეთი ჯაჭვის ვერსიების ჩამოთვლასა თუ კრიტიკას და დავუბრუნდები ქველმოქმედებას, როგორც სახელმწიფოს ფუნქციას.

ქველმოქმედება, როგორც ადამიანური თანაგრძნობისა და/თუ სოლიდარობის გამოხატულება, შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქველმოქმედება შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი

ადამიანი ეხმარება მეორეს და ამ პროცესში ჩართული ორივე მხარე მოქმედებს საკუთარი ნებით. თუ დახმარების გამცემი მხარე იძულებულია გასცეს დახმარება და/ან მიმღები მხარე იძულებულია მიიღოს ის – ეს ვერ ჩაითვლება ქველმოქმედებად. როდესაც სახელმწიფო ეწევა „ქველმოქმედებას”, ის მოქალაქეებს ართმევს გადასახადებს და შემდეგ, რამდენიმე ბიუროკრატის გემოვნების მიხედვით „ეხმარება” მათ, ვისაც საჭიროდ (პოლიტიკურად მომგებიანად) ჩათვლის. ცხადია, ძნელია ამას ქველმოქმედება ეწოდოს, რადგან დარიგებული დახმარება წარმოადგენდა სხვა მოქალაქეების საკუთრებას მანამ, სანამ მას სახელმწიფო ამოიღებდა გადასახადების სახით.

ცალკე პრობლემაა, რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი, რომ ყველას დაეხმაროს? ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, რადგან „ღარიბისა” და „გაჭირვებულის” ზუსტი დეფინიციის მოძებნა ყველგან და ყოველთვის რთულია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მიიღოს დახმარება და რა ოდენობით, ხდება არბიტრარულად. ხოლო როდესაც დახმარების სახელმწიფო პროგრამებზეა საუბარი – გადამწყვეტი ფაქტორი, უმეტესწილად, სამიზნე აუდიტორიის, იგივე ელექტორალური რესურსის, ზომაა. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სახელმწიფოში „ქველმოქმედების” ინსტინქტი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში იღვიძებს. ქველმოქმედების თითოეულ აქტზე მედიის დახმარებით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერაც ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა, რაოდენ გამაღიზიანებლადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი ტელეეკრანზე.

ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც ხშირად ამართლებენ სახელმწიფო „ქველმოქმედებას” – ქართულ საზოგადოებაში სოლიდარობის გრძნობის ნაკლებობაა. თითქოს საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად გვაწუხებს თანამოქალაქეების ბედი ან იმდენად გვიჭირს, რომ სხვებზე ზრუნვისთვის საჭირო რესურსი არ გვაქვს. რთულია იკამათო იმაზე, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან, თუმცა აქედან გამომდინარე იმის მტკიცება, რომ საქართველოს მოქალაქეები ვინმესთან შედარებით ნაკლებად სოლიდარულები არიან, უბრალოდ, აბსურდია. ამის რაიმე სახის მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ ასეც რომ იყოს, სახელმწიფოს ჩარევა და ჩვენ მაგივრად, ჩვენივე ფულით ქველმოქმედებით დაკავება, უფრო სოლიდარულებს გაგვხდის? ალბათ, უფრო პირიქით.

თანაგრძნობა ინდივიდუალური განცდაა. ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფოს ან რომელიმე სამინისტროს ვერ ექნება თანაგრძნობის განცდა. ისევე, როგორც ადამიანი ვერ გადაულოცავს თანაგრძნობის განცდას დაქირავებულ სოციალურ მუშაკს, რომელიც დახმარებას არიგებს. სინამდვილეში სახელმწიფო ქველმოქმედება ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტებს

აუკუღმართებს და არღვევს ტრადიციულ სოციალურ კავშირებს. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქემ თავად იფიქროს სხვის დახმარებაზე (რაც ნორმალური ადამიანური განცდაა), ის ამას სახელმწიფოს საქმედ მიიჩნევს. ქვეყნის პასუხისმგებლობად და არა საკუთარ საზრუნავად. დახმარების მიმღები კი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საჯარო ბიუროკრატიაზე და სულ უფრო ნაკლებად ინარჩუნებს კავშირებს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან თუ მეზობლებთან.

სახელმწიფო დახმარების პროგრამების ყველაზე დიდი ნაკლი პასუხისმგებლობის მექანიზმების არარსებობაა. როდესაც კერძო პირი საკუთარ ფულს რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას სწირავს, ყურადღებით ეკიდება იმას, თუ რაში და რამდენად ეფექტურად დაიხარჯება მისი ფული. დახმარების გამწევი მოტივირებულია, აკონტროლოს საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა იმიტომ, რომ ვიღაცამ მისი შრომით მოპოვებული რესურსი არ გაფლანგოს. თუ გაწეული დახმარების სანაცვლოდ ეს კერძო პირი ვერ მიიღებს მოსალოდნელ შედეგს, მეორედ იმავე ფონდს თანხას აღარ შესწირავს და მოიძიებს სხვა ორგანიზაციას, რომელიც იმავე საქმეს უკეთესად გააკეთებს. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში, რაც აიძულებთ, სულ უფრო ეფექტური გზები ეძიონ.

მაგრამ რა ხდება, როდესაც ქველმოქმედებას სახელმწიფო ახორციელებს? იმის შემოწმება, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის დახმარების პროგრამა, უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მიმართ კითხვების გაჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუროკრატია მოიფიქრებს ახალ, უფრო დახვეწილ, უფრო მიმზიდველ პროგრამას, რომელსაც კიდევ უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრები დასჭირდება. და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. გარდა ამისა, ყველა ასეთ სახელმწიფო პროგრამას სჭირდება ადმინისტრირება, რაც გულისხმობს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების ნაწილის შესაბამისი საჯარო სტრუქტურების შენახვაზე დახარჯვას. ანუ ფული, რომელიც ერთი შეხედვით, გამოიყო ვიღაცების დასახმარებლად, დაიხარჯება კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების ხელფასებზე, გადამზადებაზე, მივლინებებზე და ასე შემდეგ.

ზოგადად, ქველმოქმედება არსებობს მხოლოდ იქ, სადაც არსებობს კერძო საკუთრება. რაც უფრო მეტად არის დაცული კერძო საკუთრება, მით მეტია სახელმწიფოში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სხვებს ეხმარებიან. ლოგიკა მარტივია – თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გააჩნდეს საკუთრება და ყველაფერი ეკუთვნის სახელმწიფოს (ანუ არავის), ის ვერ დაეხმარება სხვას. სწორედ ამიტომ, სოციალისტურ ქვეყნებში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხების მოცულობა გაცილებით ნაკლებია თავისუფალ ქვეყნებთან შედარებით. მეტიც, იმ ქვეყნებშიც, სადაც ეკონომიკა ძირითადად საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, მაგრამ მაღალია სახელმწიფოს მიერ დოვლათის რედისტრიბუცია, ქველმოქმედებაზე გაწეული კერძო ხარჯების მოცულობა ასევე დაბალია. მიზეზი აქაც მარტივია – გადასახადების რაოდენობა და განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ მოქალაქეს ქველმოქმედებისთვის თანხა აღარ რჩება.

როდესაც ცენტრალურად დაგეგმილ ეკონომიკასთან შედარებით თავისუფალი ბაზრის უპირატესობაზე საუბრობენ, ხშირად მოჰყავთ აშშ-ის მაგალითი. თუმცა, საინტერესოა, რომ აშშ იმის კარგი მაგალითიცაა, თუ როგორ მოქმედებს თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქველმოქმედებაზე. ამერიკაში ყოველ წელს ქვეყნდება ქველმოქმედების სტატისტიკა (Giving USA, the Annual Report on Philanthropy). 2011 წლის ანგარიშის მიხედვით:

• 2009 წელს, როდესაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია, ამერიკელებმა ქველმოქმედებაზე დახარჯეს 280 მილიარდი დოლარი

• 2010 წელს, იმავე მაჩვენებელმა 291 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან 212 მილიარდი კერძო პირების შემოწირულობები იყო

• 2010 წლის შემოწირულობების 35% მიიღეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობის ავანგარდში არიან. 42 მილიარდი დოლარი მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა

• იმავე წელს, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარი (15%) გადაირიცხა ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად (2010 წლის იანვარში ჰაიტი მიწისძვრამ პრაქტიკულად გაანადგურა). ეს თანხა, რომელიც სრულად კერძო შემოწირულობებისგან შედგებოდა, რამდენჯერმე აღემატება სხვა სახელმწიფოების მიერ ჰაიტისთვის გაწეულ დახმარებას

• ამერიკაში მოქმედებს მილიონამდე საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლებიც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებით აგროვებენ თითქმის 1.5 ტრილიონ დოლარს. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის მთავრობის მიერ აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის საერთო ოდენობა

• Lutheran Services in America ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული და წლიურად თითქმის 17 მილიარდი დოლარის შემოწირულობას იღებს. ეს ორგანიზაცია რომ მსოფლიოს 500 ყველაზე დიდი კომპანიის ჩამონათვალში შედიოდეს, 152-ე ადგილს დაიკავებდა

• საერთო შემოწირულობების მეოთხედი (25%), ამერიკელთა ყველაზე მდიდარ 10%-ზე მოდის

• ერთ ამერიკულ ოჯახზე საშუალოდ მოდის 2,000 დოლარის შემოწირულობა

• ერთი ამერიკელი ქველმოქმედებაზე საშუალოდ ხარჯავს იმდენივეს, რამდენსაც 3 ფრანგი, 7 გერმანელი ან 14 იტალიელი

• ტრადიციულად, თავისუფალი ბაზრისა და პატარა მთავრობის მომხრე ამერიკელი კონსერვატორები ქველმოქმედებაზე გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ეგრეთ წოდებული პროგრესულები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სხვისი ფულით განხორციელებულ საქველმოქმედო პროგრამებს უჭერენ მხარს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები