აკაკი წერეთელი

„აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“ 100 წელი ფილმის გადაღებიდან

წელი გავიდა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებიდან.
მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე ვასილ ამაშუკელმა 1912 წლის ზაფხულში აღბეჭდა.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს „აკაკის მოგზაურობის“ გადაღების პროცესზე.
ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე ფოტოები, რომელიც ამ მოგზაურობის დროსაა გადაღებული.

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც აკაკის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე მის სტუმრობას.
კინოოპერატორი იგონებს, რომ მხცოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა.

აკაკის განსაკუთრებით მოწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველები, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულნად მღეროდნენ და აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: „არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნება“.

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო.
კინოოპერატორი იგონებს, რომ მოგზაურობის დატვირთულმა პროგრამამ აკაკი ვერ დაღალა.

ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით სავსე იყო. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

 

კომენტარები