ფეხბურთი

დიდი ომის დიდი ფეხბურთი

0 კომენტარი

გავრილო პრინციპმა სარაევოში კაცი მოკლა. შემთხვევიდან ზუსტად ორ თვეში, კუნძულზე რაგბისა და კრიკეტის თამაში შეწყვიტეს. ბრიტანეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება.

ამ ომის დაწყებისას, საფეხბურთო ლიგებში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 5000 პროფესიონალი ფეხბურთელი. თავდაპირველად, მოთამაშე იმ შემთხვევაში წავიდოდა საომრად, თუ კლუბი ფეხბურთელთან დადებულ პროფესიულ კონტრაქტს გააუქმებდა. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ფრონტზე გერმანიის იმპერიას 2000 პროფესიონალი აღუდგა წინ.

არტურ კონან დოილმა ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა: “აქ იყო თამაშის დრო, აქ იყო სამუშაო დრო და აქ იყო ცხოვრების დრო. აქ იყო ყველაფრის დრო, მაგრამ დღეს არის მხოლოდ ერთი საქმის დრო და ეს საქმე არის ომი”. ფეხბურთმა რაგბისა და კრიკეტის ბედი გაიზიარა.

-15 წლების სეზონი, ძლიერი პროპაგანდის და ზეწოლის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. ბოლო მატჩი, რომელიც საფეხბურთო ლიგის ეგიდით გაიმართა, იყო 1915 წლის ასოციაციის თასის ფინალი, იგივე “ხაკისფერი ფინალი”. ოლდ ტრაფორდზე შეკრებილ გულშემატკივართა უმეტესობას, სწორედ ხაკისფერი სამხედრო ფორმა ეცვა. ფინალში, შეფილდ იუნაიტედმა ჩელსი დაამარცხა. მატჩის ბოლოს, დერბის ლორდი ედვარდ სტენლი საომარ აგიტაციას შეუდგა: “ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვითამაშოთ ინგლისისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაში”.

ჩამოყალიბდა საფეხბურთო ბატალიონი, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელი ფრენკ ბაქლი მეთაურობდა. ბატალიონში დაახლოებით 600 კაცი ირიცხებოდა, რომლებიც მონაწილეობდნენ სომის იერიშში (ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, სადაც მილიონამდე კაცი დაიღუპა). 500 ფეხბურთელი სწორედ მდინარე სომის ნაპირებზე დაეცა.

პირველ მსოფლიო ომს, პირველებიც ბევრი ჰყავდა. ტოტენჰემის და ნორთჰემპტონის ფეხბურთელი უოლტერ ტული გახდა ბრიტანეთის

არმიის პირველი აფროამერიკელი ოფიცერი, დონალდ ბელი – ფრონტზე მყოფი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, სელტიკელი უილი ანგუსი კი პირველი მოთამაშე, რომელმაც ვიქტორიას ჯვარი მიიღო.

სქოთური ჰართსი სრული შემადგენლობით ჩაეწერა არმიაში და ედინბურგის ტაინკასელ სტედიუმიდან, პირდაპირ ფრონტის ხაზზე გადაინაცვლა.

ბელგიაში, პაშენდეილთან ბრძოლაში დაიღუპა მაშინდელი საფეხბურთო ლიგის ვარსკვლავი და ინგლისის ნაკრების წევრი ედვინ ლატერონი. საფრანგეთში, არასის კამპანიაში, მოკლეს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა სენდი ტურნბული. ნორმანდიაში დაღუპულ ფეხბურთელთა უმეტესობა, ბელგიის ქალაქ იპრშია დაკრძალული. თითქმის ყოველ წელს, ბელგიაში მცხოვრები ბლექბერნ როვერსის გულშემატკივრები, იპრში იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ ედვინ ლატერონის ხსოვნას.

დიდი ომი 1919 წელს, ვერსალის ზავით დასრულდა.

საფეხბურთო ლიგა 4-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლეს. ფეხბურთი საკმაოდ მალე დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. ჰერბერტ ჩეპმენმა ინგლისელებს ახლებურად თამაში ასწავლა და ბრიტანელი საფეხბურთო მისიონერები მთელ მსოფლიოს მოედვნენ. BBC-მ პირველი საფეხბურთო რადიორეპორტაჟი 1927 წელს გაუშვა: არსენალი ხვდებოდა შეფილდ იუნაიტედს. დაიხვეწა წესები, განახლდა ინფრასტრუქტურა. გრენლანდიიდან პატაგონიამდე ბურთს უკვე ყველა აგორებდა.

მაგრამ 1930-იან წლებში ევროპაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ფეხბურთზეც იმოქმედა: 1934 წლის კომიკური მსაჯობის მქონე მსოფლიო ჩემპიონატი; ავსტრიის ანშლუსის შედეგად გაუქმებული “ვუნდერტიმი”; 1938 წლის ყველასგან იგნორირებული საფრანგეთის

მუნდიალი და რაიხის საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდეული ასობით ჩეხი, უნგრელი და პოლონელი მოთამაშე...

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი... მოხეტიალე ფეხბურთელების, დაბომბილი მოედნების და ამხანაგური მატჩების ერა. ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო ლიგა 7 ნაწილად დაჰყო. ახალი წესის თანახმად, კლუბს გასვლითი მატჩი მაქსიმუმ 15 კილომეტრის რადიუსში უნდა ეთამაშა. მოედნების უმეტესობა სამხედრო ბაზად იყო ქცეული. იქ იდგა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელები მეთვალყურეობდნენ. მაგალითად, ჰაიბერის ბაზას არსენალის ლეგენდა კლიფ ბასტინი მართავდა.

საფეხბურთო ლიგიდან, მეორე მსოფლიო ომში, 783 ფეხბურთელი იბრძოდა. 91 მოთამაშე ვულვერჰემტპონიდან, 76 ლივერპულიდან, 65 ჰადერსფილდიდან, 55 პრესტონიდან, 44 ჩელსიდან, 41 ვესტ ჰემიდან და ასე შემდეგ. დაახლოებით სამი ამდენი იყო დასაქმებული სხვადასხვა სახის სამხედრო და საზოგადოებრივ სამსახურში. აქ იბრძოდა ყველა, ისეთი ლეგენდები და ვარსკვლავებიც კი, როგორებიც იყვნენ ტომ ფინი, მეტ ბასბი, ნეტ ლოფტჰაუსი, ჯო მერსერი, ტედ დრეიკი და ა.შ.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ტომ ფინი, ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიაში ბერნარდ მონტგომერის მერვე არმიას გაჰყვა. მონტისთან ერთად იბრძოდა ელ-ალამეინის ბრძოლაში (სწორედ ელ-ალამეინთან დაიღუპა დიმიტრი ამილახვარი, საფრანგეთის არმიის ქართველი წევრი), ეგვიპტეში აწყობდა საფეხბურთო მატჩებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში, ადგილობრივი გუნდის რიგებში, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა კინოვარსკვლავმა ომარ შარიფმა.

ბერტ ტრაუტმანი ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდათ, ფრიც ვალტერი საბჭოელებს. ლუფტვაფეს პილოტი ტრაუტმანი ომის დასრულების შემდეგ კუნძულზე შეიფარეს და დღეს მანჩესტერ სიტის ისტორიაში საუკეთესო და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. ფრიც ვალტერი გერმანიაში დაბრუნდა და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს უკაპიტნა.

საფეხბურთო ლიგასა თუ ნაკრებში ომის პერიოდში აღნუსხულ სტატისტიკას ფეხბურთის ასოციაცია არ ცნობს. მაგალითად, ნიუკასლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 206 გოლით არის ალან შირერი, როდესაც ჯეკი მილბერნს 238 აქვს გატანილი, მაგრამ აქედან 38 – ომის პერიოდში.

ომებმა ზოგს სამშობლო წაართვა, ზოგს სიცოცხლე, ზოგს ღირსება, ზოგს ქალი, ზოგს ფეხი. მაგრამ ფეხბურთის თამაშის სურვილი, ძნელად წასართმევი რამ აღმოჩნდა. ფეხბურთს თამაშობდნენ ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკებში, სამხედრო ბაზებზე, რამდენიმე

საათის დაბომბილ ოლდ ტრაფორდზე, ტაილანდის დატბორილ სანგრებში, მიწასთან გასწორებულ კიევში – ვერმახტის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. 1914 წლის შობაზე, ზედ ფრონტის ხაზზეც კი ითამაშეს – უელსური დივიზიის ნაკრები საქსონური ლეგიონის გუნდს დაუპირისპირდა.

მეორე მსოფლიო ომისა და ფეხბურთის თემაზე ჯონ ჰიუსტონმა 1981წელს გადაიღო ფილმი “გამარჯვება” – მაქს ფონ სუდოვის, მაიკლ კეინის და სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით. ფილმში ასევე თამაშობენ ფეხბურთის ლეგენდები და იმ დროს მოქმედი ფეხბურთელებიც: პელე, ბობი მური, ოსვალდო არდილესი, პოლ ვან ჰიმსტი, მიკ სამერბი, ჯონ უორკი, კაზიმეჟ დეინა და სხვები...

წლის პადი კროსანი ჰართსის ფეხბურთელი იყო. ნორმანდიაში საექსპედიციო არმიას გაჰყვა, ფეხში მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. კროსანს უთხრეს, რომ ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო, სხვა შემთხვევაში, გადარჩენის შანსები ძალიან მცირდებოდა. კროსანმა გერმანელ ქირურგებს მოკლედ მიუგო: “მე მჭირდება ჩემი ფეხი – მე ფეხბურთელი ვარ”. ფეხი შეუნარჩუნეს, მაგრამ მის ფილტვებში მოხვედრილმა მომწამლავმა აირმა თავისი საქმე გააკეთა.

ბილ შენკლი ნახევარი საუკუნის წინ ამბობდა, რომ ფეხბურთი ბევრად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიკვდილ-სიცოცხლის საქმე. ძნელი სათქმელია, ვისთვის როგორ, მაგრამ პადი კროსანისთვის ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები