მაურო დე ლორენზო

სასურველია ყველაფერი ნულიდან დაიწყოს

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ნიუ იორკის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის, სტერნის უფროსი მკვლევარი და ურბანიზაციული პროექტის დირექტორის მოადგილე მაურო დე ლორენზო.
მან ქალაქ ლაზიკის საკითხთან დაკავშირებით გამართულ პირველ საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა – საერთაშორისო კონფერენცია თავისუფალი უნივერსიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით შედგა. მაურო დე ლორენზომ ტაბულას ახალ ქალაქებზე გაუზიარა შეხედულებები:

თავისუფალი ქალაქის კონცეფცია, რომელიც პოლ რომერს ეკუთვნის, გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ზონის შექმნას, სადაც განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. ეს არ არის თავისუფალი სავაჭრო ზონა, სადაც მხოლოდ ბიზნესი ვითარდება. ეს სულ სხვა რამაა – იქ მიმზიდველი გარემო უნდა იყოს საიმისოდ, რომ მოსახლეობამ იცხოვროს. ასეთი ქალაქი საერთაშორისო უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლოს ჩასვლა და ცხოვრება. ეს არ არის აბუ დაბი და ქალაქი მდიდრებისთვის. უფრო პირიქით – საშუალო და ღარიბი კლასისთვის, მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან.

როგორ იქმნება ასეთი ქალაქი? ყველაფერი ეფუძნება პოლ რომერის ახალი ზრდის თეორიას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარღვევა მოახდინო.

ერთი საკითხია, რომ ურბანული მოსახლეობის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ეხმარება. მეორე – ქალაქებისკენ მიგრაციის ტემპი იზრდება. Gallup-ის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 600 მილიონ ადამიანს სურს ქალაქში გადასვლა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. მიზეზი ისაა, რომ ურბანული გარემო უკეთესია მათი განვითარებისთვის. პოლ რომერის თავისუფალი ქალაქის კონცეფცია ხალხისთვის არჩევანის შექმნას გულისხმობს. ისეთ ქვეყნებში მიგრაცია, სადაც უკეთესი წესები და კანონებია, რთულია და კიდევ უფრო რთულდება. თუმცა რა მოხდება, თუ საკუთარ ტერიტორიაზე თავად შექმნი ადგილს, სადაც შეიძლება წესებს ენდო? სწორედ ეს არის ძირითადი იდეა.

ღარიბი ქვეყნებისთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სრულყოფილი კანონების მიღების შემთხვევაშიც კი, ნდობის ხარისხი, შეიძლება, დაბალი იყოს. როგორც წესი, ასეთი ქვეყნების ინსტიტუტებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამიტომ, რაღაც გარანტიები უნდა მოიფიქრო.

ასეთი ქალაქის შექმნა უკვე დაიწყო ჰონდურასმა. იქ განათლების და საიმიგრაციო კუთხით საგანგებო იურისდიქცია ვრცელდება. ქალაქის ხელმძღვანელობა თავად წყვეტს, რა ტიპის ეკონომიკური და საგადასახადო კანონმდებლობა ექნება. სისხლის სამართალს რაც შეეხება, აქაც შეიძლება განსხვავებული რეჟიმის ამოქმედება, ოღონდ ამისთვის ჰონდურასის კონგრესის თანხმობაა საჭირო.

იდეა ისაა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი, განსაკუთრებული რეჟიმი ჰქონდეთ, ხოლო ის, რაც სუსტია, მაგალითად სასამართლო – ქვეყნიდან გაიტანონ იქ, სადაც სასამართლოს ენდობიან. ისინი შეთანხმდნენ მაურიტუსთან და მის სასამართლოს უზენაეს ინსტანციად იყენებენ. სხვა შემთხვევაში, ინვესტორი დაფრთხება. თუ ნდობის საკითხი პრობლემატური სფეროების გარეთ გატანით მოგვარდა, მაშინ

მოსახლეობაც და კაპიტალიც ქალაქისკენ დაიძვრება. ეს მიწის გაძვირებას გამოიწვევს. სწორედ ამას მივყავართ ჰიპოთეზამდე, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს ასეთი ქალაქი.

ვფიქრობ, პირველი კითხვა, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა ლაზიკის დაფუძნების შესახებ, იყო ის, თუ ვინ დააფინანსებს ქალაქს. ჩინეთმა და კორეამ მილიარდები დახარჯეს ახალი ქალაქის ასაშენებლად. საქართველო ჰონდურასზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ არ მგონია, ახალი ქალაქის ასაშენებლად მილიარდები ჰქონდეს გადადებული.

ჰონდურასმა ჰონგკონგის და სინგაპურის გზა აირჩია. იქ სახელმწიფოს საკუთრებაში ბევრი მიწაა, რომელიც იჯარითაა გაცემული. იჯარა შეიძლება იყოს 30-წლიანი, 100-წლიანი. მისი ფასები ყოველწლიურად მერყეობს, გამომდინარე მიწის ფასებიდან. რაც მეტ მცხოვრებს და ბიზნესს იზიდავს ქალაქი, მით უფრო იზრდება მიწის ფასი. მიღებული ფული უძრავი ქონების კერძო ბიზნესს კი არ მისდის, არამედ ბიუჯეტში ბრუნდება. სამაგიეროდ, გადასახადი არ არის, ან ძალიან დაბალია. ქალაქი ვალდებულია, გადასახადები 15%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს.

დაფინანსების მოდელი ფილოსოფოსმა ჰენრი ჯორჯმა შეიმუშავა – გადასახადი მიწაზე ერთი და იგივეა მათთვის, ვინც, მაგალითად, ერთ ჰექტარ მიწაზე ცხვარს აძოვებს, და მათთვის, ვინც ამ მიწაზე ცათამბჯენს აშენებს. ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანს ურჩევნია ამ მიწაზე აკეთოს ის, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს. ეს მთავრობის დაფინანსების სამართლიანი გზაა – არ ბეგრავ ადამიანების შრომას, ინვესტიციებს, მშენებლობას და განვითარებას. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას იძლევა, არ გქონდეს საშემოსავლო, საინვესტიციო და მოგების გადასახადები.

ქალაქის შექმნა საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს იმიტომ, რომ მსოფლიოში ქალაქებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ყველაზე მიმზიდველი ფაქტორი ამ ქალაქში არსებული რეჟიმი იქნება – სასამართლო და კანონმდებლობა.

საქართველოს უკეთესი საწყისი პოზიციები აქვს, ვიდრე ჰონდურასს. უსაფრთხოება თქვენთან უკეთაა უზრუნველყოფილი. ინსტიტუტებიც ბევრად გამართულია. ამას ამდენი საგარეო გარანტია არ დასჭირდება – საქართველო ისედაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის. ისედაც ხელსაყრელია გარემო შრომითი ურთიერთობებისთვის, ინოვაციისთვის. შესაძლოა, მხოლოდ ისეთი ტერიტორიის გამოყოფა იყოს საკმარისი, სადაც საკუთრების უფლებები უზრუნველყოფილი იქნება და ყველა ეროვნების ადამიანს შეეძლება დასარჩენად ჩამოსვლა.

სასურველია, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. შედარებით უკაცრიელ ადგილზე და ისეთ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, რათა საკუთრებასთან დაკავშირებული დავები არ წამოიჭრას. ჰონდურასში გამოინახა ათასი ჰექტარი მიწა, დაახლოებით ჰონგკონგის ზომის.ფართობი მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს პატარა ქალაქი – იდეაში 10 მილიონ ადამიანს უნდა იტევდეს. საქართველოში, შესაძლოა, ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ – როგორც მივხვდი, ხუთასი ჰექტარის გამოყოფაზეა საუბარი. ჩვენი გათვლებით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დიდი მასშტაბის უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს. თუმცა, არაა გამორიცხული, იმ მიზანს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაისახა, ასეთმა გეგმამაც უპასუხოს.

ამ რეგიონში არ არის ისეთი ადგილი, სადაც ყველას შეუძლია თავის მოყრა – მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და რა ენაზე საუბრობენ. ისეთი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მცხოვრებლების უფლებები, მაღალი ხარისხის განათლება. საქართველომ შეიძლება თავისუფლების კერა შექმნას და ხალხი იმ ქვეყნებიდან შემოუშვას, სადაც თავისუფლების დეფიციტია – იქნება ეს ირანი, არაბული ქვეყნები თუ რუსეთი.

ენობრივი ბარიერი პრობლემაა – ამიტომ ახალი ქალაქი აუცილებლად ორენოვანი უნდა იყოს: ქართულ და ინგლისურენოვანი. თუ ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლოსადმი ნდობა დაბალია, შესაძლოა, ეს სერვისი გადაიტანოთ რომელიმე უცხოურ სასამართლოში. უფრო რადიკალური ზომების მიღებაც შეგიძლიათ – მაგალითად, სხვა ტიპის ბიზნესსამართლის დამყარება, ისეთის, რომელსაც ინვესტორები უკეთ იცნობენ. ბიზნესი კარგადაა ადაპტირებული ანგლოსაქსურ სისტემასთან. დუბაიში ამ გზით წავიდნენ – შექმნეს საერთაშორისო ბიზნესზონა, სადაც სამართალს გადამდგარი ბრიტანელი მოსამართლეები უზრუნველყოფენ.

გვჯერა, რომ სამართლიანი და მკაფიო წესები, რომელიც ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს, საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ხალხის და ფულის მოსაზიდად. ასეთ ქალაქს რეგიონში კონკურენტი არ ეყოლება. არ მგონია, რომ დუბაი სწორი მაგალითია, თუმცა კონკურენცია ცუდი სულაც არ არის. უკეთესობისკენ გიბიძგებს.

ცხადია, ბიზნესს და მოსახლეობას მხოლოდ დაბალი გადასახადებით ვერ მოიზიდავ. ხშირად დაბალ გადასახადებზე მნიშვნელოვანია მომავლის პროგნოზირების შესაძლებლობა. ინვესტორს უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება მომდევნო 10, 20 წლის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ხარისხი და უსაფრთხოება.

მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით ვერც ინვესტიციებს მოიზიდავ. საქართველოს ისედაც ძალიან კარგი საგადასახადო სისტემა აქვს. დამატებითი საგადასახადო სტიმულის შექმნა ბევრს არაფერს მოგცემთ. ბიზნესმენი იმაზეც ფიქრობს, რა კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის მოზიდვა შეუძლია – არიან თუ არა საკმარისი რაოდენობით ინჟინრები, ბუღალტრები; რა ღირს ადამიანის შრომა.

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის ქალაქი, აქ მოსახლეობამაც უნდა იცხოვროს. ადამიანები თავისუფლად უნდა მიდი-მოდიოდნენ. ქალაქი უნდა რეგულირდებოდეს საგანგებო ქარტიით, სადაც მკაფიოდაა გაწერილი წესები. განსაკუთრებული რეჟიმის მქონე ახალი ქალაქის შექმნას ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს. მისი განსხვავებულობა ადამიანებს მძიმე მენტალური მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

კომენტარები