აშშ–ავღანეთი

ობამას და კარზაის შორის შეთანხმება შედგა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, ქვეყნის პირველ პირთან, ჰამიდ კარზაისთან ერთად ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი განსაზღვრავს აშშ–ს როლს ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2014 წლის მიწურულს ქვეყანას შეერთებული შტატების სამხედრო ძალები დატოვებენ.

BBC  – ის ინფორმაციით, შეთანხმებაში, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში ოფიციალური ვაშინგტონისა და ქაბულის პარტნიორობას ითვალისწინებს, მითითებულია, რომ აშშ ავღანეთის სამხედრო ძალების გაწვრთნას უზრუნველყოფს, იგი აგრეთვე, მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიტერორისტულ საქმიანობებსაც. გამოცემის ინფორმაცით, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი აშშ–ს მხრიდან რაიმე სახის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ობამამ ბაგრამის საჰაერო ბაზიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით აშშ–ს მოქალაქეებს მიმართა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ „აშშ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და უზრუნველყოფს, რომ ავღანეთში სიმშვიდემ დაისადგუროს.“

„არცერთი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმაზე დიდხანს არ იქნება საფრთხეში, ვიდრე ეს ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის აუცილებელია.“ – დასძინა ობამამ.

მისივე თქმით, ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე იგი დააყენებს საკითხს, რომ ავღანეთს მომავალი წლიდან ქვეყანაში განხორციელებულ  ყველა საომარ ოპერაციაში წამყვანი როლი დაეკისროს.

თავის გამოსვლაში ობამა შეეხო ავღანეთისა და თალიბანის ურთიერთობასაც. მისი თქმით, აშშ თალიბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეერთებული შტატების პირველმა პირმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ  რადიკალური მოძრაობა ალ– ქაიდასთან ურთიერთობას შეწყვეტს, მას აქვს შესაძლებლობა ავღანეთის ნაწილი გახდეს.  

დასავლური გამოცემების ინფორმაცით, ობამასა და კარზაის შორის გაფორმებული შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმის წინაპირობაა, რომ ავღანეთი უახლოეს მომავალში აშშ–ს მოკავშირე გახდება, როგორც ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურის არაწევრი ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ს პრეზიდენტი ავღანეთს ტერორისტული ორგანიზაციის, ალ–ქაიდას ყოფილი ლიდერის, ბინ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე ეწვია.

კომენტარები