პრემიერა

F5 გამოსაფხიზლებლად

F5 – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც 2012 წლის სექტემბერში გაიმართება. მისი სცენარისტის, რეჟისორის და პროდიუსერის – ალექსანდრე ქორიძის მიზანია ახალი ქართული მუსიკალური ჯგუფების პოპულარიზაცია და, როგორც თავად ამბობს, „საზოგადოების გამოფხიზლება”.

80-წუთიანი ფილმი შედგება რვა კინონოველისგან, რომელთაგან სამი უკვე გადაღებულია. „თითოეული ნოველის ისტორია რეალური და ირეალური სამყაროს ზღვარზე თამაშდება”, – გვითხრა რეჟისორმა, რომლის მხატვრულ-დოკუმენტურ-ანიმაციური პროექტის სიუჟეტი და ესთეტიკა განსაზღვრა მუსიკალურმა ჯგუფებმა: Zurgi, Kung Fu Junkie, Landmark, Stia, TeTe, Svansikh, Pornopoezia, Catch the clouds.

ალექსანდრე ქორიძე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსკოვის წამყვან ტელეარხებზე მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. რუსეთში გამგზავრებამდე მან ქართველ მაყურებელს რამდენიმე დოკუმენტური ნამუშევრით დაამახსოვრა თავი. მათ შორის ნინო ქათამაძეზე გადაღებული ფილმით „ზღვისეული”. ამჟამად მასთან ერთად პროექტზე მუშაობს ოპერატორი სანდრო დარახველიძე, ხმის რეჟისორი ვანო გვარაძე, საინფორმაციო მხარდამჭერები კი არიან – რუსთავი 2 და myvideo.ge

როგორ დაიბადა F5-ის გადაღების იდეა?

ალექსანდრე ქორიძე: საქართველოში რომ ჩამოვედი, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა მიმართულებით შეიძლებოდა გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ალბათ რომელიმე ტელევიზიაში ან სარეკლამო სააგენტოში უნდა მემუშავა... ამაში სათაკილო არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს საქართველოში უკვე მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სატელევიზიო და სარეკლამო პროდუქციაზე კარგად მუშაობენ და, შესაბამისად, მათ ნაკლებობას აღარ განვიცდით. ახლა უფრო ისეთების დეფიციტია, ვისაც, თუნდაც, F5-ის გადაღება შეუძლია...

რა არის F5-ის კონცეფცია?

F5 ხომ „რეფრეშს”, ანუ განახლებას, გამოცოცხლებას ნიშნავს. შესაბამისად, გულისხმობს ისეთი პროექტის შექმნას, რომელიც საზოგადოებაში პატარ-პატარა რევოლუციებს მოახდენს და ხალხს გამოაცოცხლებს. ჩემთვის, როგორც ხელოვანისა და რეჟისორისთვის, ნებისმიერი სატელევიზიო თუ სარეკლამო პროდუქტის შექმნაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც მას გამოაფხიზლებს და აიძულებს იფიქროს ისე, როგორც არასდროს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, არ არის მხოლოდ კინო. ამასთან, F5 ჟანრული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა – მასში შერწყმულია მხატვრული და დოკუმენტური კინო, ანიმაცია, მიუზიკლი.

რატომ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები და არა, ვთქვათ...

...დები იშხნელები? მათი მუსიკა, ვფიქრობ, ბრწყინვალეა, მაგრამ არჩევანი გავაკეთე სწორედ იმ ჯგუფებზე, რომლებიც მუსიკალურ სფეროში მინირევოლუციებს ახდენენ და ამიტომაც არიან საინტერესონი. გარდა ამისა, მართლა ძალიან მომწონს მათი მუსიკა და მიმაჩნია, რომ გაცილებით გემოვნებიანია, ვიდრე დღევანდელი ქართული ესტრადა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია ჩარჩენილი. ფილმისთვის ისეთი სცენარი დავწერე, რომელიც შეიძლება ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდეს, რამდენადაც არის ფანტასმაგორიაც, სიურრეალიზმიც და აბსურდიც.

ზემოთ სცენარი ახსენეთ და საინტერესოა, როგორ შეიქმნა ისტორიები ნოველებისთვის?

ისტორიების შექმნისკენ ჯგუფების მუსიკალურმა კომპოზიციებმა მიბიძგა. მათმა სიტყვებმა, განწყობამ, რომელიც სხვადასხვა სიმღერის მოსმენისას შემექმნა. მუსიკოსების ბიოგრაფიებმა. თავიდან ყველას შევხვდი, გავეცანი მათ ბიოგრაფიებს და შეხედულებებს. მაგალითად, პორნოპოეზიას აქვს მკვეთრად გამოხატული სოციალური პროტესტი, რომელიც მის ისტორიას დაედო საფუძვლად. სტიას შემთხვევაში ნოველის შინაარსი მუსიკის განწყობამ განაპირობა, Catch the clouds-ის ისტორია ჯგუფის სიმღერა „ქოვბოის” სიტყვებმა „მომიტანა”. ამ ჯგუფების პოპულარობა დღითი დღე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროდიუსერები არ ჰყავთ და ყველაფერს თვითონ აკეთებენ.

რამდენად მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს პროექტი შენთვის, როგორც ფილმის პროდიუსერისთვის?

იმის გამო, რომ მე თვითონ ვარ ფილმის პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი, ხარჯები დაახლოებით 10-ჯერ მიმცირდება. თუმცა, როგორც ხელოვანს, უკვე მაქვს ისეთი ნამუშევრის შექმნის ამბიცია, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა იმ ფილმისგან, რომელიც კეთდებოდა და დღესაც კეთდება. ისიც კარგად ვიცი, რომ ფილმის გადასაღებად 300-600 ათასი ლარი საჭირო არ არის, ეს ყველაფერი მითია და მადლობა ღმერთს, Sony-ის, Canon-ს და Panasonic-ს, ვინც საკუთარი იდეების განხორციელებაში გვეხმარება. შესაბამისად, F5-ის გადაღება ძალიან ძვირი არ მიჯდება და არა მგონია, მინუსებში გადავიდე. ჩემი, როგორც პროექტის ავტორის და რეჟისორის მთავარი ამოცანაა იმ ახალი ქართული ჯგუფების პოპულარიზაცია, რომელთა კომპოზიციები ფრანგულმა, იტალიურმა, გერმანულმა ლეიბლებმა იყიდეს და ჩვენთან, რატომღაც, ბევრმა არ იცის. ისინი მეც ტაბულა ART-ის დახმარებით გავიცანი.

 

კომენტარები