ფრიდრიხ ჰაიეკი

ფრიდრიხ ჰაიეკი: დიდი დამაბნეველი

ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (8 მაისი 1899 – 23 მარტი 1992)   

ჰაიეკი თავის თავს “დიდ დამაბნეველს“ უწოდებდა. მისი ყველა ნაშრომი ადვილად არ იკითხება. მათი ინტერპრეტაციებიც, შესაბამისად, მრავალგვარი და ზოგჯერ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ალბათ ამიტომაც დღემდე ჰაიეკი თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ფიგურად ითვლება.

ჰაიეკმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პოლიტიკური თეორიის, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის საკითხების კვლევაში. მისი იდეები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაწერიდან 50 წელზე მეტი გავიდა.
ჰაიეკმა 1920-30-იანი წლების ნაშრომების უმეტესობა ბიზნესციკლების, კაპიტალისა და მონეტარული თეორიების კვლევას მიუძღვნა. ჰაიეკი სამივე ამ კომპონენტს შორის კავშირს ხედავდა. მის მიხედვით, ნებისმიერი ეკონომიკის უმთავრესი პრობლემა იყო ის, თუ როგორ ხდებოდა ადამიანთა ქმედებების კოორდინირება. ჰაიეკის დაკვირვებით, ამ პრობლემას ყველაზე ეფექტურად თავისუფალი ბაზარი აგვარებდა და ეს ვინმეს გამიზნული ძალისხმევით არ ხდებოდა. ბაზარს არავინ იგონებდა, ის ადამიანური ქმედებების საფუძველზე თავისით, დამოუკიდებლად და სპონტანურად იქმნებოდა.

თუმცა ზოგჯერ თავისუფალი ბაზრის ეფექტიან მუშაობას ხელიც ეშლებოდა, რის გამოც, ბაზარზე ჩავარდნები იყო. ამის მთავარი მიზეზი, ჰაიეკის მიხედვით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკა ხდებოდა, როცა ისინი ზედმეტ ფულს ბეჭდავდნენ და ამით სისტემაში ფულის მასას ზრდიდნენ. თავის ნაშრომში - Prices and Production - ჰაიეკი წერდა, რომ ფულის მასის ასეთი ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იწვევდა და კრედიტს ხელოვნურად აიაფებდა. ეს კი, თავის მხრივ, დაღმავალი ბიზნესციკლის და ზოგჯერ კრიზისის საფუძველი ხდებოდა. კრიზისი ჰაიეკისთვის გაფუჭებული სისტემის ჯანსაღი გამოვლინება იყო. ის წერდა, რომ თუ მთავრობას კრიზისის თავიდან არიდება სურდა, მაშინ ინფლაციური პოლიტიკა უნდა შეეცვალა და ხელოვნურად არ უნდა შეექმნა აღმავალი ბიზნესციკლის ილუზია.

1930-40-იან წლებში ჰაიეკი გადაერთო იმის კვლევაზე, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალისტური ცენტრალური დაგეგმვა. მისი დასკვნით, ამ ტიპის დაგეგმვა ეფექტიანი ვერ იქნებოდა, რადგან საფუძვლად არასწორი მოსაზრება ედო, თითქოს სადღაც სივრცეში სრული ინფორმაცია არსებობდა და ცენტრალურ დამგეგმავს ყველაზე უკეთ შეეძლო ამ ინფორმაციის გაფილტვრა. ჰაიეკის აზრით, ყოველმა ცალკეულმა ინდივიდმა, ასეთ დამგეგმავზე გაცილებით უკეთ იცოდა, რომელიმე კონკრეტული რესურსის და მისი შესაძლო გამოყენების შესახებ. დანარჩენს ბაზარი არეგულირებდა. ჰაიეკის მიხედვით, ბაზრის გარეშე ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. ბევრი მეინსტრიმ ეკონომისტი და სოციალისტიც დღეს ჰაიეკის ამ არგუმენტს იზიარებს.

1944 წელს ჰაიეკმა სოციალიზმს სხვა კუთხიდან შეუტია. ამ წელს მან დაწერა წიგნი The Road to Serfdom. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მთავრობის მხრიდან ინდივიდების ეკონომიკური ცხოვრების კონტროლი ტოტალიტარიზმს უდრიდა: „ეკონომიკის კონტროლი არ არის მხოლოდ ადამიანური ცხოვრების ერთი სექტორის კონტროლი, რის გამომიჯვნაც შეიძლება დანარჩენი სექტორებისგან, ეს მთელი ჩვენი ცხოვრების კონტროლია.“

1952 წელს პირველად დაიბეჭდა ჰაიეკის მორიგი ნაშრომი - The Sensory Order. ამ ნაშრომში ის აქცენტს კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე და ინფორმაციის კლასიფიცირების ხერხებზე აკეთებს. ბევრმა საერთაშორისო გამოცემამ ეს ნაშრომი შეაფასა როგორც  ყველაზე ეფექტური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიან კონტექსტში მოექცეს სხვადასხვა დარგების - ბიოლოგია, ფსიქოლოგია და ფილოსოფია - კვლევის შედეგად დაგროვილი ინფორმაცია, დასკვნები და ჰიპოთეზები.

თავისი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივად ჰაიეკი მუშაობდა  ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, ჩიკაგოს და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1974 წელს ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური ფენომენების ურთიერთდამოკიდებული ბუნების აღმოჩენისთვის.

ჰაიეკმა ბოლო ნაშრომი - The Fatal Conceit: The Errors of Socialism – 89 წლის ასაკში გამოსცა. ამ ნაშრომში ის მკაცრად აკრიტიკებდა ინტელექტუალების გატაცებას სოციალიზმით.

ჰაიეკისთვის ყველა ეკონომიკური ფენომენი - იქნება ეს ადგილობრივი ეკონომიკა თუ საერთაშორისო ვაჭრობა - ინდივიდების მოტივაციების ურთიერთგადაკვეთის გვერდითი ეფექტია. ეკონომიკის საფუძველი ინდივიდებს შორის გარიგებაა. ამდენად, იმისთვის რომ ეკონომიკამ იმუშაოს ადამიანებს ერთმანეთის შესახებ აზრი უნდა გაუჩნდეთ და რამე უნდა შექმნან. შესაბამისად, კონკრეტულ ეკონომიკაზე საუბრისას, ვერ ვისაუბრებთ ერთიან, სტატიკურ ერთეულზე. პირიქით, ეკონომიკა მოკლე ტერმინია ადამიანების მოტივაციების, შეხედულებების, უპირატესობების, იდეების, გარიგებების, შეთანხმებების თუ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგების აღსანიშნავად. ეკონომიკაზე, როგორც ერთიან, სტატიკურ ერთეულზე საუბარი, არასწორია: ამ დროს უგულებელყოფილია ყველა ის კომპლექსური კავშირი, რომელიც ამ მშრალ ცნებას რეალურ გამოვლინებად აქცევს.

ჰაიეკის დაბადების დღე საქართველოშიც აღნიშნეს.

10 ციტატა ჰაიეკისგან

1.მატერიალური თანასწორების მოთხოვნა შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ ტოტალიტარული ძალაუფლების მქონე მთავრობამ

2.თავისუფლების გარანტია მხოლოდ მაშინ, როცა წინასწარ არის ცნობილი, რომ მისი შედეგები სარგებელს მოიტანს, არ ნიშნავს თავისუფლებას

3.თუ თავისუფალი საზოგადოების შენარჩუნება გვსურს, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ კონკრეტული ობიექტის ფლობის სურვილი არ არის საკმარისი იძულებითი პოლიტიკის გასატარებლად

4.სოციალიზმი არსად და არასდროს ყოფილა პირველ რიგში მუშათა კლასის მოძრაობა. ეს იმ გამორჩეული თეორეტიკოსებისგან შემდგარი კონსტრუქციაა, რომლებიც სოციალიზმის იდეებს სხვებზე გაცილებით ადრე იცნობდნენ. ამ ინტელექტუალებსსაკმაო ძალისხმევის დახარჯვაც დასჭირდათ იმისთვის, რომ მუშათა კლასებს დაარწმუნებინათ ეს განყენებული ნააზრევი თავიანთ პროგრამად მიეღოთ.

5.ტიპიურ ინტელექტუალს არ სჭირდება რაიმე სფეროს სპეციალური ცოდნა, არც განსაკუთრებული საზრიანობა მოეთხოვება იმისთვის, რომ იდეების გავრცელების პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს. ის ამ სამუშაოსთვის ზედგამოჭრილი იმიტომ არის, რომ თემების ფართო სპექტრი აქვს, რომელზეც მუდამ მზად არის გამოთქვას ექსპერტული მოსაზრება ან რამე დაწეროს . ის ასევე ფლობს გაკრვეულ ჩვევებსა და უნარებს, რაც მას ეხმარება მათზე ადრე მოიპოვოს ინფორმაცია, ვისზე გავლენაც შემდეგ უნდა მოახდინოს.

6.ისეთი საზოგადოება, რომელიც არ ცნობს, რომ ყოველ ინდივიდს საკუთარი ღირებულებები გააჩნია და ამ ღირებულებების მიხედვით ცხოვრების უფლება აქვს, ვერასდროს სცემს პატივს ღირსებას და ვერ შეიცნობს თავისუფლებას.

7.ვფიქრობ, არ არის გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ისტორია დიდწილად ინფლაციის ისტორიაა, რომელსაც როგორც წესი მთავრობები იწყებენ მთავრობებისვე საკეთილდღეოდ.

8.ვერ დავბრძენდებით მანამ, სანამ არ მივხვდებით, რომ უმეტესად, ძალიან სულელურად ვიქცეოდით.

9.ვაღიარებ, რომ მირჩევნია გულწრფელი მაგრამ არასრულყოფილი ცოდნა მაშინაც კი თუ ბევრი რამის ახსნა და პროგნოზირება ვერ მოხერხდება,, ვიდრე პრეტენზია ზუსტ ცოდნაზე, რომელიც სავარაუდოდ მცდარი იქნება

10.ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია - იქნება ეს რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, რასობრივი თუ რაც უნდა იყოს - თავისუფლების იდეასთან შეუთავსებელია. გამოცდილება აჩვენებს, რომ გარიყული ადამიანი არასდროს არის კანონის წინაშე თანასწორი და ვერც იქნება.

 

 

ვიდეო: მირიან ტორონჯაძე

კომენტარები