ამერიკა

ობამას ამერიკა უსინათლო ჩინელის თვალით

ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა 40 წლის ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენი. აპრილში ჩენი ჩინეთის ხელისუფლების რეპრესიებს გაექცა და პეკინში ამერიკის საელჩოს 6 დღის მანძილზე აფარებდა თავს. მისივე მონაყოლის მიხედვით, საელჩოს დატოვება და საავადმყოფოში გადასვლა ამერიკელი დიპლომატების წაქეზებით გადაწყვიტა. ჩენს გარანტიები მისცეს, რომ ამერიკის საელჩო ჩინური პოლიციისგან დაიცავდა, თუმცა „მე მომატყუეს” – განუცხადა პრესას უსინათლო უფლებადამცველმა.

„იშვიათად, მაგრამ ერის მომავალი, თუნდაც 1.3 მილიარდი ადამიანის, ერთი კაცის ბედს გადაებმება. შესაძლოა, ჩინეთს ახლა სწორედ ასეთი მომენტი უდგას – თუ მართლაც ასეა, ეს ადამიანი ჩენ გუანჩენია”, – ასე ეხმაურება ჟურნალი Economist-ი დისიდენტის გარშემო ატეხილ საერთაშორისო სკანდალს.

ობამას ადმინისტრაცია მომხდარის გამო ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და დევნილებისადმი სოლიდარობის ამერიკული ტრადიციის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.

საყოველთაო ინტერესის ობიექტად ჩენი პირველად შვიდი წლის წინ იქცა, როცა ქალაქ ლინისში, აქტივისტებთან ერთად, ჩინეთის სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი” გააპროტესტა და სავალდებულო აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. მას შემდეგ, რაც უსინათლო აქტივისტმა ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალ Times-ს ინტერვიუ მისცა, ჩენსა და მის ოჯახს ჩინელმა სამართალდამცავებმა ერთი წლის განმავლობაში არაოფიციალური შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან რეპრესიები შემდგომშიც გაგრძელდა: 2006 წელს იგი ოთხი წლით ციხეში ჩასვეს, გათავისუფლებულს კი კვლავ შინაპატიმრობა მიესაჯა სოფელ დონშიგუში.

ამ საქმეზე საერთაშორისო ინტერესი შარშან განახლდა, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ჩენის სახლის ვიდეო გაავრცელეს. ჩანაწერმა ცხადყო, რომ პოლიცია ჩენსა და მის ოჯახს მუდმივად მეთვალყურეობდა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და Human Rights Watch-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჩენის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, მაგრამ აქტივისტისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიები არათუ არ შემცირებულა, უფრო მძიმე ფორმებიც მიიღო.

22 აპრილს, დისიდენტ ხუ ძიას დახმარებით, ჩენმა შინაპატიმრობიდან გაქცევა მოახერხა. ხუ ამბობს, რომ ჩენი მრავალი დღის განმავლობაში არ გამოდიოდა სახლიდან, ამას მეთვალყურე მცველები მიეჩვივნენ და მისი გაუჩინარება გვიან აღმოაჩინეს.

ძიას თქმით: „27 აპრილს ჩენი თავისი სახლიდან მაღალ კედელზე გადაძრომით ცდილობდა გაქცევას. ის 200-ჯერ მაინც ჩამოვარდა კედლიდან”. გაქცევას 20 საათზე მეტი დასჭირდა. საბოლოოდ, მან თავი აშშ-ის საელჩოს შეაფარა.

ჩენის საქმეს რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი გამოეხმაურა. მან მომხდარს „თავისუფლების ბნელი დღე” და „ობამას ადმინისტრაციის სირცხვილი” უწოდა. „თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ჩვენმა ადმინისტრაციამ ჩენი ნებით თუ უნებლიეთ აიძულა, დაეტოვებინა საელჩოს შენობა. ამ საქციელით ჩვენმა დიპლომატებმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შელახეს”, – განაცხადა რომნიმ საარჩევნო სიტყვაში.

„თუ ეს ცნობები მართალია, მაშინ ჩვენმა საელჩომ ვერ შეძლო იმ მისიის შესრულება, რომელსაც ბატონი ჩენის და მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო”, – თქვა რომნიმ და დაამატა – “ჩვენ უნდა დავდგეთ იმ თავისუფლების დასაცავად, რომელიც დღეს საფრთხეშია”.

უფლებადამცველის საქმემ ობამას ადმინისტრაცია არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო და ჩინეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნა. ამ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გეიტნერი პეკინში იმყოფებოდნენ ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე. ჩენს სურდა, კლინტონის დახმარებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა ამერიკულმა მხარემ არ გაითვალისწინა.

ჩენის საქმე პირველი შემთხვევა არ არის, როცა ობამას ადმინისტრაცია ჩინეთის მიერ დევნილ ადამიანებს თავშესაფარზე უარს ეუბნება. თებერვალში, ქალაქ ჩენდუში მდებარე ამერიკის საელჩოს დახმარება კომუნისტმა პოლიციელმა, ვან ლიძუანმა სთხოვა. თუმცა ამერიკულმა მხარემ მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. მაშინ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავშესაფრის მიცემას ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის, სი ძინპინის ამერიკაში ვიზიტის გამო ეწინააღმდეგებოდა. საქმე ისაა, რომ ამერიკას აქვს დიდი ხნის ტრადიცია – უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლება და არ უთხრას დევნილებს უარი თავშესაფარზე. ჩენის შემთხვევა, სხვებთან ერთად, თავისუფლების დაცვის ამერიკულ ტრადიციებს ჩრდილს აყენებს. პრეზიდენტი ობამა, რომელიც ხელისუფლებაში იდეალისტურ ნოტებზე მოვიდა, ადამიანის უფლებების დაცვას სულ უფრო ხშირად არჩევს პრაგმატულობას.

დღეისთვის შინაპატიმრობიდან გაქცეული ჩენის მდგომარეობა იგივე რჩება. ბობ ფუმ, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, ChinaAid-ის პრეზიდენტმა, დისიდენტის მდგომარეობაზე ისაუბრა: „ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მას ჩინეთიდან ოჯახთან ერთად გამგზავრებაში აშშ-ის დახმარება სჭირდება”.

ჩინეთში აშშ-ის ელჩმა გარი ლოკმა NBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩენს, პროვინციის დატოვებისა და დიპლომატებთან გამოცხადების შემდეგ, საელჩომ სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა: „ჩვენ მას შევხვდით და თითქმის შეუსრულებელ მისიას შევეჭიდეთ, საელჩოში შევიფარეთ. შენობის დატოვება კი მხოლოდ მისი სურვილი იყო”.

პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქციელი, უფლებათა დამცველი ორგანიზაციების გარდა, ჩინეთის მთავრობამაც გააკრიტიკა და ჩენისთვის 6 დღით თავშესაფრის მიცემის გამო ამ ფაქტს „ჩინეთის საქმეებში უხეში ჩარევა” დაარქვა. ჩინეთი ამერიკისგან ბოდიშის მოხდას, საფუძვლიან გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი განაცხადა და აღნიშნული მოთხოვნა უკომენტაროდ დატოვა.

ჰილარი კლინტონის დამხმარემ აღმოსავლეთ აზიის საკითხებში, კურტ კემპბელმა, ბოდიშის მოხდის თემას თავი აარიდა, მაგრამ კომენტარი მაინც გააკეთა: “ეს იყო განსაკუთრებული და უჩვეულო შემთხვევა, ჩვენ არ ველოდებით ამგვარი ფაქტის განმეორებას”.

ჩინეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობების სავარაუდო განვითარებაზე თეთრი სახლის პრესატაშემ ჯეი კარნიმ ჟურნალისტებთან განაცხადა: „გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არ ზრუნავს. ობამა მხოლოდ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული”.

 

კომენტარები