ამერიკა

ქალს, რომელმაც ტრამპს რიცინის შემცველი კონვერტი გაუგზავნა, 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

აშშ-ში, კანადელ ქალს რიცინის შხამით სავსე წერილების გაგზავნისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ქალმა რიცინის შხამით მოწამლული წერილი დონალდ ტრამპს მისი პრეზიდენტობის დროს გაუგზავნა. 

56 წლის პასკალ ფერერმა დანაშაული იანვარში აღიარა. 

ქალმა სასიკვდილო კონვერტი ტრამპს 2020 წლის სექტემბერში გაუგზავნა. დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში რიცინის კვალი თეთრი სახლისთვის განკუთვნილი გზავნილების შემოწმების დროს აღმოაჩინეს. 

ფერიერმა სასამართლოში თქვა, რომ განიცდიდა, რომ მისი გეგმა ჩაიშალა და რომ "ტრამპი ვერ შეაჩერა". 

სასამართლოში მიმართვისას მან ასევე თქვა, რომ თავს აქტივისტად თვლიდა და არა ტერორისტად. 

"მინდა, ჩემი მიზნების მისარწევად მშვიდობიანი საშუალებები ვიპოვო". - დასძინა ფერიერმა. 

FBI-მ მისი თითის ანაბეჭდები ტრამპისადმი მიწერილ წერილზე აღმოაჩინა, რომელიც ტრამპს მოუწოდებდა "საპრეზიდენტო რბოლიდან" გამოსულიყო.

"მე ვიპოვე თქვენთვის ახალი სახელი: "მახინჯი ტირანი კლოუნი". - წერდა იგი წერილში, FBI-ს ბრალდების დოკუმენტების მიხედვით.

რაიონულმა მოსამართლემ, დაბნი ფრიდრიხმა ფერიერს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სასჯელის მოხდის შემდეგ აშშ-დან დეპორტირებენ და თუ ოდესმე დაბრუნდება, სამუდამო მეთვალყურეობას ემუქრება.

მოსამართლე ფრიდრიხმა ფერიერს უთხრა, რომ მისი ქმედებები "პოტენციურად სასიკვდილო" იყო. მან ასევე დასძინა, რომ წერილების გაგზავნა საზიანო იყო როგორც ფერიერისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და პოტენციური მსხვერპლისთვის. 

ფერიერმა ასევე აღიარა, რომ მოწამლული წერილები ტეხასის რვა სამართალდამცავ პირს გაუგზავნა. 

ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს ქალი აშშ-დან კანადაში დაადეპორტეს. ეჭვმიტანილი 2019 წელს ტეხასში არარეგისტრირებული იარაღის ფლობისთვის, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის და ყალბი მართვის მოწმობის გამო დააკავეს. დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკავებული აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდა.

გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში, ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მან შეიძლება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შინაგანი სისხლდენა და საბოლოოდ ორგანოების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს. რიცინის ანტიდოტი ცნობილი არ არის და მასთან კონტაქტის შემდეგ სიკვდილი, შესაძლოა, 36-72 საათში დადგეს.

თეთრ სახლში და სხვა ფედერალურ შენობებში რიცინის შემცველი გზავნილები წარსულშიც გაუგზავნიათ. 2014 წელს მისისიპის მაცხოვრებელს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა რიცინის ფხვნილით დაფარული წერილების ბარაკ ობამასთვის გაგზავნისთვის.

​2018 წელს კი აშშ-ს ფლოტის ვეტერანი დაიჭირეს პენტაგონში და თეთრ სახლში ტოქსიკური წერილების გაგზავნისთვის.

კომენტარები