დავით გარეჯი

მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს დავით გარეჯის საკითხზე ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოში აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის თემას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გარდა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარება წარმოადგენდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დავით გარეჯის თემაზე მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დიპლომატებსა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთიერთზე შეხვედრისას საუბრის დიდი ნაწილი იმ მოვლენებს დაეთმო, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გარშემო განვითარდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს პრობლემა ახალი არაა და ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისე გაატარეს ადმინისტრაციული საზღვარი, რომ ამ კომპლექსის დაახლოებით 2% აზერბაიჯანულ მხარეზე აღმოჩნდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, პრეზიდენტის მითითებით იმ დღესვე მოვითხოვთ სასაზღვრო კომისიის შეკრებას იმისთვის, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელოთ.“ - აღნიშნა ვაშაძემ.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამართავს.

 

კომენტარები