ახლო აღმოსავლეთი

დიდი გარიგება ისრაელში

0 კომენტარი
შაულ მოფაზი და ბინიამინ ნეთანიაჰუ ფოტო: REUTERS

ისრაელში პოლიტიკური ამინდი მოულოდნელად შეიცვალა – ვადამდელი არჩევნების ნაცვლად, პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მთავარ ოპოზიციურ პარტია კადიმასთან კოალიციის ფორმირება გამოაცხადა. დიდი გარიგების მიხედვით, კადიმა მთავრობას შეუერთდება და ვადის ამოწურვამდე ნეთანიაჰუს პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება. ამის სანაცვლოდ, პარტიის ახალარჩეული ლიდერი შაულ მოფაზი ვიცეპრემიერის პორტფელს ჩაიბარებს, ხოლო კადიმას წევრები მინისტრის და საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტებს მიიღებენ. ბირთვული ირანის საფრთხის წინაშე ისრაელი პოლიტიკურად გაერთიანდა, ნეთანიაჰუმ კი სამოქმედოდ არნახულად ფართო არეალი შეიძინა.

შაულ მოფაზმა ოპოზიციის ლიდერის პოზიციაზე რეკორდულად მცირე პერიოდი გაატარა. ნეთანიაჰუს კრიტიკოსიდან პარტნიორად გადაქცევამ ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტმა შიმონ პერესმა „ისრაელის ხალხის კეთილდღეობისთვის” ეროვნული გაერთიანების მთავრობის შექმნა მოიწონა, ოპოზიციის ლიდერებმა კი შეთანხმება ბინძურ პოლიტიკურ გარიგებად მონათლეს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შელი იახიმოვიჩმა კოალიციას უწოდა „მშიშრების ალიანსი”, რომლის მთავარ მოტივაციასაც გადარჩენა წარმოადგენს.

კადიმას სამთავრობო კოალიციაში ჩართვით, ნეთანიაჰუმ ისრაელის ისტორიაში უდიდესი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა. პოლიტიკურად გამოუცდელი ოპოზიციური ლიდერების სახით მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

ნეთანიაჰუს გარდა, გარიგების შედეგად, გამარჯვებულთა მხარეს აღმოჩნდნენ თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ეჰუდ ბარაკი და ავიგდორ ლიბერმანი, რომლებმაც თანამდებობები კიდევ ერთი წლით შეინარჩუნეს. ბარაკი, ვისაც საკუთარი დამოუკიდებლობის პარტიით არჩევის მიზერული შანსი ჰქონდა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორიც იყო. რაც შეეხება ლიბერმანს, ის ულტრაორთოდოქსი ებრაელების მიმართ დათმობების მოწინააღმდეგეა, რასაც ახალი კოალიციაც უპირისპირდება.

არჩევნების გადადებამ მემარცხენე პარტიები საგრძნობლად დააზარალა. გაურკვეველია, შეინარჩუნებენ თუ არა (ძირითადად, კადიმას ხმების ხარჯზე მომატებულ) ამომრჩევლებს ლეიბორისტები და პოპულარული ტელეწამყვანის, იაირ ლაპიდის მიერ დაარსებული პარტია იეშ ატიდი – მომავალი არსებობს.

სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების თავიდან აცილებით შაულ მოფაზმა საკუთარი პარტია სამარცხვინო წაგებას გადაარჩინა, რადგან წინასწარი გამოკითხვებით, კადიმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში (ქნესეთი) ადგილების ნახევარზე მეტს დაკარგავდა. საზოგადოებისგან ნდობის აღდგენა და ამომრჩევლის თვალში ლიკუდისგან გამოცალკევება მოფაზს მეტად გაუჭირდება. თავის მხრივ, ბინიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის 120 ადგილიდან 94-ის მოპოვებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა და ცენტრისტების დამატებით რადიკალ მემარჯვენე პარტნიორთა მხრიდან გავლენა შეამცირა. პრემიერის განცხადებით, ახალი კოალიციისთვის პრიორიტეტული იქნება ოთხი მთავარი საკითხი: ულტრაორთოდოქსი ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღება (ტალის წესი), პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, ეკონომიკის დაცვა და პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო პროცესის წარმართვა.

ისრაელის სეკულარული მოსახლეობის უმრავლესობა ულტრაორთოდოქსი თანამემამულეების (ჰარედი) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. ისრაელის პირველმა პრემიერმინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა რამდენიმე ასეულ ჰარედი სტუდენტს სხვა მოქალაქეებთან შედარებით ამგვარი პრივილეგია მიანიჭა, რადგან მათი ცხოვრების სტილის თანდათანობით გაქრობას მოელოდა. დღეისთვის, ულტრაორთოდოქსები ისრაელის 7,8 მილიონი მოქალაქის მეათედს შეადგენენ, აქედან 60 ათასი სტუდენტი კი ტალის წესით სარგებლობს. ზოგიერთი მათგანი მესიის მოსვლამდე ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეწინააღმდეგება და საგზაო ტრანსპორტში გენდერულ სეგრეგაციას მოითხოვს. კადიმასთან ალიანსი ნეთანიაჰუს შესაძლებლობას აძლევს, რომ კანონმდებლობის შესაცვლელად მასთან კოალიციაში მყოფი რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგობა გადალახოს და საზოგადოების მხარდაჭერა განიმტკიცოს.

კოალიციის განახლებამ ნეთანიაჰუს ხელსაყრელი პოზიცია შეუქმნა სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად. მან წერილი მისწერა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და ოფიციალურ დოკუმენტში პირველად ისაუბრა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. საპასუხო განცხადებაში პალესტინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს წერილი არ შეიცავდა მკაფიო პასუხებს არსებით საკითხებზე – აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე, 1967 წლის საზღვრების ცნობასა და პატიმართა გაშვებაზე.

ეროვნული გაერთიანების მთავრობა ნეთანიაჰუს ირანის მიმართ მეტ მოქნილობას შესძენს. მცირე ხნის წინ, ისრაელის შიდა დაზვერვის (შინ ბეთ) სამსახურის ყოფილმა უფროსმა იუვალ დისკინმა ქვეყნის პირველი პირები ირანული საფრთხის გადამეტებაში და გადაწყვეტილებების „მესიანურ გრძნობებზე” დაყრდნობით მიღებაში დაადანაშაულა. წინა ზაფხულს საგარეო დაზვერვის სამსახურის (მოსადი) ყოფილმა ხელმძღვანელმა მეირ დაგანმა სამხედრო შეტევის იდეას „სულელური” უწოდა. კოალიციის სიდიდე ნეთანიაჰუს საშუალებას აძლევს, დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი პრევენციული შეტევის მოწინააღმდეგეთა ბანაკი მარგინალურ ფენომენად გამოიყვანოს. შაულ მოფაზის სახით მთავრობაში გენერლის არსებობამ ისრაელში შეიძლება დიდი ეფექტი იქონიოს, რადგან იქ უმაღლესი სამხედრო პირების შეხედულებებს ტრადიციულად დიდი წონა აქვს.

ისრაელში ფართო კოალიციის პრეცედენტი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება. უკანასკნელად, განსხვავებული იდეოლოგიური სპექტრის პარტიები კოალიციაში გაერთიანდნენ 1984 წელს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის დროს ინფლაციამ 400%-ს მიაღწია. პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლზ კრაუტჰამერი 1967 წელთან ავლებს პარალელს, როდესაც ექვსდღიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციური და სამთავრობო პარტიები საერთო საფრთხის გამო მორიგდნენ კოალიციის შექმნაზე.

განსაკუთრებით ცხელი შესაძლოა აღმოჩნდეს შემოდგომა, როდესაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დიდი ზეგავლენა ექნება საარჩევნო კამპანიას. სტაბილური შიდა მდგომარეობის და დიპლომატიური რაუნდების გადავლის ფონზე ნეთანიაჰუს მეტი შესაძლებლობა მიეცემა, რომ ამომრჩეველზე დამოკიდებული ბარაკ ობამასგან სამხედრო მხარდაჭერა მოიპოვოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები