ევრო 2012

გერმანია 2:1 ჰოლანდია

ხარკოვის მეტალისტის სტადიონმა ევროკლასიკას უმასპინძლა: გერმანიის ნაკრებმა ჰოლანდიას 2:1 სძლია.

ეს ამ გუნდების მეხუთე ევროპაექრობა იყო: 1980 წელს, იტალიაში, გერმანელებმა 3:2 გაიმარჯვეს; 1988 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რინუს მიხელსის ჰოლანდიამ მარკო ვან ბასტენის გოლით 2:1 დაამარცხა ბეკენბაუერის ბუნდესგუნდი; 1992 წელს, შვედეთში კვლავ ჰოლანდიამ იმარჯვა - 3:1; 2004 წელს, პორტუგალიაში კი მათი პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა.

მეტოქეები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს. ამხანაგური მატჩი იოახიმ ლიოვის გუნდმა შთამბეჭდავად მოიგო - 3:0. ჰოლანდიელთა თავკაცს ბერტ ვან მარვიიკს მატჩის წინ სამი ბურთით წაგებული ეს მატჩიც გაახსენეს, თუმცა მან თქვა, რომ ის წაგება დავიწყებულია და გუნდი გამარჯვებისთვის მზადაა.

თუ ჰოლანდიელთა თამაშს გავიხსენებთ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმს, უნდა ვთქვათ, რომ ვან მარვიიკმა აშკარად გადააჭარბა: გერმანელებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს, ვიდრე მისმა ფეხბურთელებმა და ამას მხოლოდ ორი გაშვებული გოლი არ მოწმობს. ბუნდესგუნდს მარიო გომესის დუბლის გარდა შესვენებამდე კიდევ ორი რეალური საგოლე შანსი ჰქონდა - ჯერ ჰოლგერ ბადშტუბერის თავური დარტყმა მოიგერია მაარტენ შტეკელენბურგმა, ტაიმის ბოლო წამებზე კი მანვე კიდევ ერთხელ იხსნა გუნდი გოლისგან.

მიუხენის ბაიერნის 26 წლის თავდამსხმელმა დუბლი 24-ე და 38-ე წუთებზე გაიტანა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი მისმა თანაკლუბელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მიითვალა. პირველად ჰოლანდიელებმა თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სცადეს, თუმცა შეცდნენ და გომესმა წამებში დასაჯა ისინი, მეორედ კი მარიო ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და ლამაზი გოლიც გაიტანა.

მაარტენ შტეკელენბურგის კარში შეგდებული მეორე გოლი გომესისთვის საიუბილეო, 25-ე გამოდგა. ამასთანავე, ეს იყო მისი მეოთხე დუბლი ქვეყნის პირველ გუნდში: მარიომ ორ-ორი გოლი აქამდე სან მარინოს, შვეიცარიას და ავსტრიას გაუტანა.

შესვენებაზე ბერტ ვან მარვიიკმა ორი ფეხბურთელი შეცვალა: კაპიტნის, მარკ ვან ბომელის ნაცვლად მოედანზე რაფაელ ვან დერ ვაარტი შეუშვა, აფელაი კი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირით კლაას-იან ჰუნტელაარით ჩაანაცვლა. ამ ნაბიჯმა შედეგი ტაიმის შუაში გამოიღო: ჰოლანდიელებმა ნელ-ნელა ზეწოლა გააძლიერეს და 74-ე წუთზე გოლიც გაიტანეს - ლონდონის არსენალის კაპიტანმა და ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშემ რობინ ვან პერსიმ ზუსტად და ძლიერად დაარტყა - 2:1. ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე მანუელ ნოიერმა გადაარჩინა ბუნდესნაკრები - იმავე ვან პერსის ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.

თამაშის მიწურულს გერმანელებს მესამე გოლის შეგდებაც შეეძლოთ: შტეკელენბურგი უხეშად შეცდა და გომესის ნაცვლად თამაშში ჩართულმა მიროსლავ კლოზემ ბურთს ფეხიც წაჰკრა, თუმცა ჰოლანდია გადარჩა. რომის ლაციოს 34 წლის თავდამსხმელისთვის ეს იყო 118-ე მატჩი ნაკრებში. კლოზეს ანგარიშზე 63 ზუსტი დარტყმაა და ამ შედეგით ის მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჩამორჩება.

უკანასკნელ ტურში გერმანია დანიას დაუპირისპირდება, ჰოლანდიელები კი პორტუგალიელებს გაეჯიბრებიან. ორივე თამაში ერთდროულად დაიწყება.

* * *

13 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, II ტური. ხარკოვი, მეტალისტი

გერმანია 2:1 ჰოლანდია

გოლები: 1:0 მ.გომესი (24), 2:0 მ.გომესი (38), 2:1 რ.ვან პერსი (74)

გერმანია: მ.ნოიერი, ფ.ლამი (კაპ), ჯ.ბოატენგი, მ.ჰუმელსი, ჰ.ბადშტუბერი, ს.ხედირა, თ.მიულერი (ლ.ბენდერი 90), ბ.შვაინშტაიგერი, მ.იოზილი (ტ.კროოსი 81), ლ.პოდოლსკი, მ.გომესი (მ.კლოზე 72)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

ჰოლანდია: მ.შტეკელენბურგი, გ.ვან დერ ვილი, ჯ.ჰეიტინგა, ი.მატიისენი, ჯ.ვილემსი, ნ.დე იონგი, მ.ვან ბომელი (კაპ) (რ.ვან დერ ვაარტი 46), ა.რობენი (დ.კუიტი 83), უ.სნეიდერი, ი.აფელაი (კ-ი.ჰუნტელაარი 46), რ.ვან პერსი

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

გაფრთხილება: ნ.დე იონგი, ჯ.ვილემსი

მსაჯები: ი.ერიკსონი (შვედეთი); ს.ვიტბერგი (შვედეთი), მ.კლასენიუსი (შვედეთი)

კომენტარები