ევრო 2012

პორტუგალია 2:1 ჰოლანდია

პორტუგალიის და ჰოლანდიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 2004 წლის 30 ივნისს, ლისაბონის ჟოზე ალვალადეზე ტურნირის მასპინძელმა პორტუგალიამ ნახევარფინალში 2:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. რვა წლის წინანდელ მატჩში პირველი გოლი 26-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედის ამომავალი ვარსკვლავი იყო.

მე-11 წუთზე ჰოლანდიელები დაწინაურდნენ: გუნდის კაპიტანმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ულამაზესი დარტყმით გახსნა ანგარიში! ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის შემტევმა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან, მოჭრილი დარტყმით დალაშქრა რუი პატრისიუს კარი - 1:0. გოლი არიენ რობენის კარგ თამაშს მოჰყვა - გარემარბმა მარჯვენა ფლანგიდან ჩვეულად შეუტია, საჯარიმოს მიახლოვებულმა ბურთი ვან დერ ვაარტს დაუგორა და რამდენიმე წამში გოლიც გავიდა. პორტუგალიელთა წინააღმდეგ ვან დერ ვაარტმა 99-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში.

გაშვებული გოლის შემდეგ პაულო ბენტუს გუნდმა ორჯერ ძალიან სახიფათოდ შეუტია: კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა (თამაშის მიწურულს მან კიდევ ერთხელ შეაზანზარა ძელი), ჰოლანდიელი მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ელდერ პოსტიგამ კი ცუდად დაარტყა - ბურთი კარს ააცილა. ამას რაულ მეირელეშის და იმავე ელდერ პოსტიგას კიდევ ორი, თუმცა ნაკლებად სახიფათო იერიში მოჰყვა.

28-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ჟოაო პერეირამ ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კრიშტიანუ რონალდუ და კაპიტანმაც შანსი არ დაუტოვა შტეკელენბურგს - 1:1. ეს იყო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის პირველი გოლი ევრო 2012-ზე. საგოლე შეტევა პორტუგალიელებმა ჰოლანდიელთა მორიგი უხეში შეცდომის შემდეგ წამოიწყეს. ამ გოლის შემდეგ რონალდუ იმ იშვიათ მოთამაშეთა შორისაა, რომლებმაც ევროპის სამ პირველობაზე მოახერხეს თავის გამოჩენა: 2004 წელს, სამშობლოში მან ორი გოლი მიითვალა, ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში კი ერთი.

59-ე წუთზე პაულო ბენტუს გუნდმა გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა ელდერ პოსტიგაზე სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. პორტუგალიელთა ფორვარდმა ჰოლანდიელთა კარი კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ დალაშქრა.

66-ე წუთზე პირენეელებმა კიდევ ერთი კარგი მომენტით ვერ ისარგებლეს: რონალდუმ თანაკლუბელი ფაბიო კოენტრაუ კარგ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ რეალის ნახევარმცველის დარტყმული ბურთი შტეკელენბურგმა მოიგერია.

72-ე წუთზე ლუიშ ნანიმ ბრწყინვალე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა: რონალდუს პასის შემდეგ მაინცდამაინც იქ დაარტყა, სადაც შტეკელენბურგი იდგა. მიუხედავად ამისა, ორ წუთში პორტუგალიელმა გულშემატკივრებმა მაინც გაიხარეს: ბრწყინვალე კონტრშეტევა ესპანეთის ჩემპიონმა რონალდუმ მოხდენილი ფინტით და ზუსტი დარტყმით დაასრულა - 2:1. ამ ბურთის შემდეგ მადრიდის რეალის ლიდერი პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მესამე ბომბარდირია: მის ანგარიშზე 34 გოლია და მხოლოდ 47 გოლის გამტან პედრო პაულეტას და ლეგენდარულ ეუსებიოს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 41 ბურთია.

პირველ ტურში გერმანელებთან წაგების შემდეგ პორტუგალიელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს და მეოთხედფინალშიც გავიდნენ. პაულო ბენტუს რჩეული ფეხბურთელები ნახევარფინალის საგზურისთვის 21 ივნისს ვარშავაში ითამაშებენ. შემდეგი მეტოქე ჩეხეთია.

რაც შეეხება ჰოლანდიას, წლევანდელი კრახი ბერტ ვან მარვიიკის გუნდის ევროისტორიაში უარესი შედეგია - ნარინჯისფერები ჯგუფში პირველად ჩარჩნენ და ასევე პირველად წააგეს ზედიზედ სამი თამაში. თუ რუსეთთან ევრო 2008-ის წაგებულ მეოთხედფინალსაც მივამატებთ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა შედეგი საერთოდ დამძიმდება.

* * *

17 ივნისი, 2012. ევრო 2012 – B ჯგუფი, III ტური. ხარკოვი, მეტალისტი

პორტუგალია 1:1 ჰოლანდია

გოლი: 0:1 რ.ვან დერ ვაარტი (11), 1:1 კ.რონალდუ (28), 2:1 კ.რონალდუ (74)

პორტუგალია: რ.პატრისიუ, ჟ.პერეირა, ბ.ალვეში, პეპე, ფ.კოენტრაო, რ.მეირელეში (კუსტოდიუ 72), მ.ველოსო, ჟ.მოუტინიუ, ნანი (როლანდუ 87), ე.პოსტიგა (ნ.ოლივეირა 64), კ.რონალდუ (კაპ)

მწვრთნელი: პაულო ბენტუ

ჰოლანდია: მ.შტეკელენბურგი, გ.ვან დერ ვილი, რ.ვლაარი, ი.მატიისენი, ჯ.ვილემსი (ი.აფელაი 67), ნ.დე იონგი, რ.ვან დერ ვაარი (კაპ), ა.რობენი, რ.ვან პერსი, უ.სნეიდერი, კ-ი.ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

გაფრთხილება: ჯ.ვილემსი, რ.ვან პერსი

მსაჯები: ნ.რიცოლი (იტალია); რ.ფავერანი (იტალია), ა.სტეფანი (იტალია)

კომენტარები