ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია

ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიამოვნებით შეასრულებენ პატრიარქის თხოვნას და ტაძრის რეაბილიტაციის დეტალებს როგორც საზოგადოებას, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააცნობენ.

"ავუხსნით საზოგადოებას, როგორი რუდუნებით და ტოტალური ამოცანების ამოხსნით მიმდინარეობს აქ რესტავრაცია. ის ბრალდებებიც და გამოთქმული კრიტიკაც შეგვიძლია პუნქტობრივად გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აზრს შეიცვლის. შეჩერების დრო უნდა გამოვიყენოთ მეტი შეჯერებისთვის, კონსოლოდაციისთვის და მალე, იმედი მაქვს ბაგრატის ტაძრის აღმშენებლობის ბოლო სტადია განახლდება", - აღნიშნა ნიკა ვაჩეიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელი ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის რეაბილირაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ბევრი რამ არასწორედ კეთდება და ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ საპატრიარქო და მასთან არსებული სპეციალური კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრებს გამართავს იუნესკოს წარმომადგენლებთან, ასევე იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდერობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაში ჩაწერა, რის მიზეზადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელა.

 

კომენტარები