დასაქმება

კერძო საწარმოში დასაქმების ანატომია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, 2012 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანი პროდუქციის გამოშვება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.8%-ით, ხოლო მთლიანი ბრუნვა 29.6%-ით გაიზარდა. ამ ზრდის უდიდესი წილი თბილისზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის.

კვლევის თანახმად, საწარმოთა ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მთავარი მამოძრავებელი მსხვილი ბიზნესია. როგორც პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, ისე ბრუნვაში, ყველაზე დიდი წილი – დაახლოებით 83% – სწორედ მსხვილ ბიზნესს უჭირავს, რაც დაახლოებით 50%-ით მეტია მცირე და საშუალო ბიზნესთან შედარებით. აქ ხელფასებიც უფრო მაღალია – თვეში საშუალოდ 250 ლარით. წინა წელთან შედარებით, მსხვილ და საშუალო ბიზნესებში ხელფასები გაიზარდა, ხოლო მცირე ბიზნესში – შემცირდა.

2012 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დაბალი ხელფასები მცირე ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ. მეორე მხრივ, პროდუქციის მთლიან გამოშვებასა და ბრუნვაში მცირე ბიზნესს უფრო დიდი წილი აქვს, ვიდრე საშუალოს. კვლევის

მიხედვით, მცირე ბიზნესში, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.

საწარმოებში სულ 470 ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან 95% დაქირავებულია. შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა როგორც საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა, ისე დაქირავებულთა წილი. დასაქმებულების ნახევარზე მეტი თბილისშია. ყველაზე ცოტა კი – სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ყველაზე პოპულარული საქმიანობა ვაჭრობა და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის თუ პირადი საგნების რემონტია. კვლევის მიხედვით, ამ სფეროში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი. ორივე სქესისთვის საერთო საქმიანობის სფეროებში ასევე შედის დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან და იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციები. ამ სფეროებში დასაქმებული კაცების რაოდენობა ქალებისას აჭარბებს.

კვლევა ისეთ სფეროებსაც გამოყოფს, სადაც ან ერთი ან მეორე სქესის წარმომადგენლები უფრო დიდი ალბათობით

შოულობენ სამსახურს. ქალებისთვის ასეთი სფეროებია ჯანმრთელობა, სოციალური დახმარება და განათლება, ხოლო კაცებისთვის – მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.

ყველაზე პროდუქტიული საქმიანობა დამამუშავებელი მრეწველობაა. პროდუქტიულ საქმიანობებში შედის ასევე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და მშენებლობა. კვლევის მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე მცირე წილი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებას აქვს.

საქსტატს ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს, თუ რეალურად რამხელა წვლილი შეაქვს ბიზნესის სექტორს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. წინასწარი, ჯერ არაოფიციალური გათვლებით, ქვეყნის მშპ-ის 55% კერძო საწარმოებზე მოდის.

 

კომენტარები