აზერბაიჯანი

გაბალის რადიოლოკაციური სადგური შეიძლება დაიხუროს

0 კომენტარი

რუსეთმა და აზერბაიჯანმა გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ხოლო მოქმედ შეთანხმებას ვადა 24 დეკემბერს ეწურება. ახალი შეთანხმება ძველი კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მაქსიმუმ, 24 ივნისს უნდა შემდგარიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ფასი იყო. 2002 წლიდან რუსეთი აზერბაიჯანს გაბალის რადიოლოკაციური სადგურით სარგებლობისთვის ყოველწლიურად 7 მილიონ ამერიკულ დოლარს უხდიდა. რუსეთს შეთანხმების 2025 წლამდე გაგრძელება სურს, რისთვისაც აზერბაიჯანმა ამ ფასის თითქმის 43-ჯერ, 300 მილიონამდე გაზრდა მოითხოვა. რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ოლეგ ოსტაპენკოს განცხადებით, რუსეთი „ამ რეალობას მოწყვეტილ თანხას არ გადაიხდის, ვინაიდან გაბალის რლს-ის დატოვება რუსეთის ინტერესებს ზიანს მაინც ვერ მიაყენებს”.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ სამხედრო თვალსაზრით, ეს რუსეთისთვის დიდი დანაკლისი მართლა არ იქნება, ვინაიდან არმავირში მალე სრულყოფილად ამოქმედდება ვორონეჟის ტიპის სარადარო სისტემა. ასევე, კრემლმა მნიშვნელოვან სასაზღვრო მონაკვეთებზე უკვე აამოქმედა ადრეული გაფრთხილების რამდენიმე სარადარო სადგური.

თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, რომ გაბალის დატოვება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს – ის აზერბაიჯანში სამხედრო დასაყრდენს კარგავს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შესანარჩუნებლად იმ ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ცდილობდა. კრემლში დღესაც შიშობენ, რომ აზერბაიჯანში რუსეთის გასვლით შექმნილი ვაკუუმი შეიძლება „დასავლეთმა” შეავსოს.

პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი გაბალის სახით კარგავს მნიშვნელოვან ბერკეტს აშშ-სთან მოლაპარაკებებში (ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით). 2007 წელს კრემლმა, ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე უარის სანაცვლოდ, აშშ-ს გაბალის რლს-ის გამოყენება შესთავაზა. მაშინ ბუშის ადმინისტრაციამ ეს შეთავაზება არ მიიღო, თუმცა ობამას „გადატვირთვის” პოლიტიკისა და ირანში გართულებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს მართლაც დაკარგული ბერკეტი აღმოჩნდეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნის საფასურის გაზრდას სთხოვენ. ბოლო შემთხვევა ტაჯიკეთი იყო, რასაც რუსეთმა ტაჯიკი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციით უპასუხა. აზერბაიჯანს, ტაჯიკეთისგან განსხვავებით, მანევრირების უფრო დიდი საშუალება აქვს, რასაც მას ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული მდებარეობა აძლევს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები