სოციალური ქსელი

face.com სოციალური გიგანტის ნაწილი ხდება

0 კომენტარი

რამდენიმე თვის წინ Facebook-მა მოყვარული ფოტოგრაფების საყვარელი აპლიკაცია, Instagram-ი შეიძინა და ეს სიამოვნება მარკ ცუკერბერგის კომპანიას სულ რაღაც 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. Facebook-ისა და Instagram-ის შერწყმამ სოციალურ ქსელებში ახალი მოდა დაამკვიდრა, რამაც რეტუშირებული ფოტოების ნაკადი წარმოშვა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ საკმარისია თქვენი მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრს ხელის ერთი მოძრაობით Instagram-ის ფილტრები მიუყენოთ, თქვენს კედელზე ასატვირთი ფოტო მზადაა და ის პოლაროიდის კვადრატული ფოტოების ნოსტალგიას აღძრავს.

გასულ კვირას Facebook-მა კიდევ ერთი ახლადწამოჩიტული წარმატებული სტარტაპი ჩაყლაპა. ამჯერად მისი „მსხვერპლი” ისრაელში ბაზირებული კომპანია Face.com-ი გახდა. ეს უკანასკნელი ბოლო ხანებში იმით გახდა ცნობილი, რომ კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაცია დიდი წარმატებით ახერხებს Facebook-ში მომხმარებელთა მიერ ატვირთულ ფოტოებზე ადამიანების სახის იდენტიფიცირებას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანის სახის ამომცნობ აპლიკაციებს შორის Face.com-ის მიერ შექმნილი პროდუქტი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოა.

უკვე შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა გეზი აქვს აღებული Facebook-ს. ამ ორი სტარტაპის შესყიდვით მარკ ცუკერბერგმა და მისმა რაზმმა სერიოზული განაცხადი გააკეთეს იმის შესახებ, თუ რას აპირებენ მომავალში. კერძოდ, Instagram-ის და Face.com-ის წყალობით მათ საშუალება მიეცემათ, შექმნან მონაცემთა ბაზა, სადაც თითოეული მომხმარებლის პირადი მონაცემები მათ ვიზუალურ ინფორმაციასთან იქნება მიბმული. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი მონაცემთა ბაზის შექმნა ჩვენს ინტერესებში არ შედისო, ეს საკითხი პირადი ინფორმაციის დაცვაზე მზრუნველ ადამიანებს მაინც აწუხებთ, ვინაიდან მონაცემთა ბაზა, დიდი ალბათობით, მაინც შეიქმნება (სახის ამომცნობი ალგორითმის მუშაობის დროის შემცირების მიზნით).

დღესდღეობით Facebook-ი ყველაზე პოპულარული ფოტორესურსია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად სოციალური ქსელის მილიარდი მომხმარებელი დაახლოებით 300 მილიონ ფოტოს ტვირთავს. Face.com-ის შეძენამდე Facebook-ში ატვირთულ ფოტოებზე მეგობრების ავტომატური დათაგვა იყო შესაძლებელი, თუმცა სოციალური გრაფის შემქმნელებს, როგორც აღმოჩნდა, Pattern Recognition-ის ალგორითმები არცთუ ისე კარგად ხელეწიფებათ და ამიტომაც ამ სერვისმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. თანაც, მათ მიერ შექმნილი ალგორითმი იმაზე მეტჯერ ცდებოდა, ვიდრე ეს დასაშვებ ნორმაში ჯდება.

თელავიველი მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომპანიის ქმნილება კი შეცდომის ძალიან დაბალი პროცენტულობით ხასიათდება, რაც ნიშნავს – მათი აპლიკაციის Facebook-ის ჩაშენებულ სერვისად გადაქცევის შემდეგ (თუკი საგანგებოდ არ მიუთითეთ პროფილის პარამეტრებში, რომ ავტომატური დათაგვა თქვენ მიმართ არ იყოს გამოყენებული), ყველა ფოტოზე, რომელზეც თქვენ იქნებით და რომელიც Facebook-ის რომელიმე თქვენი მეგობრის, ან მეგობრის მეგობრის კედელზე იქნება ატვირთული, ავტოდათაგვის მექანიზმი ამოქმედდება.

„Facebook-ის მომხმარებლებს მოსწონთ მეგობრებისთვის ფოტოების და ბედნიერი წუთების გაზიარება, ამაში კი Face.com-ის აპლიკაცია მათ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, – განუცხადა ბრიფინგზე Facebook-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. სულ მალე ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება Facebook-ის მობილური და დესკტოპ კომპიუტერების მომხმარებელთათვის და გავიგებთ, გაამართლებს თუ არა ებრაული კომპანიის პროდუქტი მარკ ცუკერბერგის კომპანიის მოლოდინს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები