ფოტოგრაფია

ბევრი Bensimon-ი ობიექტივს მიღმა

სერიიდან „პარიზი”

სერიიდან „პარიზი”
ინტერვიუზე კოტესთან ერთად მოდის. ეს ის ბიჭია, რომელმაც ორი წლის წინ ზენიტის კამერა აჩუქა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – კოტეს ცოლად გაჰყვა, პარიზში წავიდა, თავისი საუკეთესო ფოტო გადაიღო და ჟურნალ Vogue-ის ფურცლებზეც კი აღმოჩნდა. დღეს მის ნამუშევრებს ბევრ უცხოურ ბლოგზე ნახავთ. თბილისში მარიამ სიჭინავას ფოტოების გამოფენის ნახვა კი სულ ახლახან ხელოვნების ცენტრ artroad-ში შეიძლებოდა.

პირველ რიგში, რაც მისი ნამუშევრების თვალიერებისას თვალში მოგხვდებათ, მოდისა და პორტრეტების სინთეზია, სინათლით თამაში და ცოტა რეტროგანწყობაც. „ჩემს სტილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კლასიკურმა კინომ, – ამბობს ფოტოგრაფი, – ფირზე რომ ვმუშაობ და ასეთი ხედვა მაქვს, კინემატოგრაფის დამსახურებაა. თავიდან ეს სერიოზული ინსპირაცია იყო, ახლა, სამწუხაროდ, ფილმების საყურებელი დრო არ მრჩება”.

She Woolf Daydreaming
ფილმებისთვის ვერ მოიცლი, როდესაც ფოტოების გადაღებით ასე დაკავებული ხარ. სულ ახლახან New York Magazine-ის მოდის ბლოგისთვის თბილისის street style-ის გადაღება დაასრულა. ფიქრობს, რომ ეს შეკვეთა მისი, როგორც ფოტოგრაფის, მთავარი მიღწევაა. აქაურების სტილი ძალიან ერთფეროვნად მიაჩნია და რამდენიმე სიტყვით ახასიათებს – Bensimon-ი ფეხზე, ნეონის ფერების ზედატანი ან კაბა და clutch. „მასა ძალიან ერთნაირია, თუმცა საინტერესოდ ჩაცმული ადამიანები ქუჩაში გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღმოვაჩინე”.

მარიამ სიჭინავა ახალგაზრდა, თვითნასწავლი ფოტოგრაფია. „ყველაფერი ჩემით ვისწავლე. დღეს ფოტოკამერა გამიფუჭდა და ისიც მე თვითონ გავაკეთე”. ყოველდღიურად ქენონს ატარებს, სამუშაოდ კი ზენიტის და კიევის აპარატს ირჩევს. ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო – პირველი ფოტოები ჯერ რამდენიმე მეგობარს აჩვენა, შემდეგ კი ფოტოგრაფიის რამდენიმე საიტზე ატვირთა. კარგი შეფასებები რომ მიიღო, გადაღება მეტი ხალისით განაგრძო.

Urban Outfitters
„გადაღება ახალი დაწყებული მქონდა და 2011 წლის თებერვალში Urban Outfitters-მა ძალიან დიდი შეკვეთა მომცა. ამ დროს ჩემს პერსონალურ საიტს უკვე ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. იყო დღეები, როდესაც უნიკალური მომხმარებლების რიცხვი შვიდი ათასს აღწევდა. მაგრამ ეს შემოთავაზება ჩემთვის მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. დროში შეზღუდული ვიყავი, თან მე და კოტე პარიზში მივდიოდით. ფოტოები ხელის მოწერის დღეს გადავიღეთ. ისე გამოვიდა, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი ეს გადაღება იყო”.

მარიამი იცინის, კოტე კი ყალბად ბრაზობს და იხსენებს, რომ ეს ნამუშევრები ისე მოეწონათ, საიტზე რომ შედიოდი, სლაიდშოუ იხსნებოდა და პირველი მარიამის გადაღებული ფოტო იდო. ამის შემდეგ გადაიღო იტალიელი დიზაინერის, მარიანა როზატისთვის, რომელიც ბრენდ Twisty parallel universe-ისთვის მუშაობს. ამას მოჰყვა იაპონელი დიზაინერის ფეხსაცმლის ხაზის და Vaudeville and Burlesque-ის გაზაფხული-ზაფხულის და pre-fall კოლექციის გადაღებებიც.

Porceline
განათება მარიამ სიჭინავას ფოტოებში ყოველთვის ბუნებრივია. „ყოველთვის დავდევ ხოლმე შუქს, ძირითადად ვიღებ ან დილით, ან საღამოს, როცა მზე ჩადის. უმეტესად სპონტანურად, პროცესში ვწყვეტ, როგორ გადავიღო. ფირზე მუშაობა იმიტომ არის კარგი, რომ წინასწარ არ იცი, რა გამოვა. შეიძლება რაღაც ძალიან კარგი მიიღო, ან პირიქით, საერთოდ მთელი გადაღება ჩაგეშალოს. ციფრული ძალიან მარტივია ჩემთვის, ფირი კი ძალიან მიყვარს. სხვა ფერები აქვს, ჩემს ხასიათში ზის”.

მხოლოდ მოდაზე გაჩერებას არ აპირებს – ძალიან უნდა არქიტექტურის გადაღება. მის პორტფოლიოში ერთი ფოტოა, სადაც პარიზის სახურავები ჩანს – ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ნამუშევრის დატოვების საშუალება რომ ჰქონდეს, არჩევანს მასზე გააკეთებდა. პარიზის გარდა, უყვარს მუსიკა – French house, Nu-Disco... ერთ-ერთი ინსპირაცია კი ელენ ფონ უნვერტის ფოტოგრაფიაცაა – „მომწონს, რომ მოდას ყველასგან განსხვავებულად იღებს, თან dirty სტილი აქვს, თან ქალური. ძალიან

Twisty parallel universe
მინდა გადავიღო სემ ედელმანის ფეხსაცმელები. ერთ-ერთი კამპანია ჰქონდათ, ფოტოებს იღებდნენ სრულიად ნიუდ სტილში, ფეხსაცმელებით. სიამოვნებით გადავიღებდი რომელიმე საინტერესო თეთრეულის ბრენდსაც, მაგალითად, Agent provocateur-ს. ძალიან მომწონს Sockbox-იც, ახლები არიან, მაგრამ ძალიან მაგრები”.

მარიამს უკვე წიგნიც აქვს გამოცემული, Deep Moods, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით საზღვარგარეთ იყიდება – მხოლოდ ასი ეგზემპლარია. ახლახან კიდევ ერთი საინტერესო ფოტოპროექტი დაიწყო, რომელიც მომავალი ფოტო-წიგნისთვის სჭირდება. მობილურში პირველ ფოტოს ხსნის: „ეს არის Double exposure – ფოტოზე ფოტოა დადებული. მინდა, რომ ოცამდე ფოტოგრაფთან მქონდეს ასეთი კოლაბორაცია”. ტელეფონში რთულია გაარჩიო ამ ტექნიკით გადაღებული ფოტოს ღირსებები, თუმცა, იდეა უკვე საინტერესოა...

 

კომენტარები