ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა ხუთ შემომწირველს 315 ათას ლარს უკან დაუბრუნებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 ათას ლარს, რომელიც აუდიტის სამსახურმა კანონთან შეუსაბამო შემოწირულობად ცნო, შემომწირველებს უკან დაუბრუნებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია იმ ხუთი ფიზიკური პირის მიერ გადარიცხულ თანხებზე, რის გამოც თავად შემომწირველები გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით - 1 575 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

”ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს უწესებს და თავის დროზე მხარი დაუჭირა კანონს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. თუმცა, კანონის აღსრულების პროცესში ვერ აღმოვჩნდით დაზღვეული ხარვეზებისგან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ჩვენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, რამდენიმე პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.” - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, დღეიდან პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება საარჩევნო ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულობები.

შეგახსებნებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკანონო შემომწირველების მიმართ 1 575 ათასი ლარის ოდენობის სანქციის გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მიმართა.

 

კომენტარები