უეფას ევროპის ლიგა

გორის დილას შანსი

დღეს, გორის "დილა", ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში, პორტუგალიურ "მარიტიმუს" უმასპინძლებს. პირველი მატჩი, რომელიც ერთი კვირის წინ "მარიტიმუს" სტადიონზე გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

საქართველოს თასის მფლობელი დღეს შეეცდება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე კლუბი გახდეს, ვისაც ამ პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ბადეში უასპარეზია. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს თბილისის "დინამომ" მოახერხა და გააღწია უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე (2009 წლამდე ევროპა ლიგას უეფას თასი ეწოდებოდა).

გორელები შეხვედრას, საკადრო პრობლემებით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო, "დილას" შაშიაშვილი დააკლდება, ხოლო ტრავმები აქვთ არზიანს, გვალიას, მოდებაძესა და ალადაშვილს. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა და გუნდის დასახმარებლად მზადაა მათე ვაწაძე. ეს ფეხბურთელი, მიმდინარე ევროპა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა სიაში, 5 გოლით მეორე ადგილზეა.

მატჩი გორის "დილასა" და პორტუგალიურ "მარიტიმუს" შორის, მიხეილ მესხის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.შეხვედრის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.

კომენტარები