წყალმომარაგება

როდის მოგვარდება თბილისის წყალმომარაგება

0 კომენტარი

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისის გარკვეულ უბნებს წყალი შეზღუდვით, მეტიც, რამდენიმედღიანი შეფერხებით მიეწოდებოდა, რაც, ბუნებრივია, მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, ხშირად წყალი გაუფრთხილებლად წყდებოდა ან შეწყვეტისა და მოსვლის მითითებული დრო რეალობას იყო აცდენილი. წყლის მოლოდინში დარჩენილი თბილისელები ინფორმაციის მიღებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და თბილისის მერიის ცხელი ხაზებისგან ცდილობდნენ. უწყლობით შეწუხებული მოქალაქეების საჩივრებს უხვად ნახავთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ფეისბუქ გვერდზეც. აქ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მიზეზების გაგებას ცდილობენ გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ავლაბრის მცხოვრებლები, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდაა დარჩენილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედება სალიცენზიო პირობების დარღვევაა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 5 ათასი ლარით დააჯარიმა. „ბოლო დროს გახშირდა მოქალაქეთა საჩივრები ქ. თბილისის ცალკეული უბნების სასმელი წყლით მომარაგების შეფერხების ფაქტებთან დაკავშირებით. კომისიის მიერ დამტკიცებული სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება და ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოაწესრიგოს”, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.

სემეკი-ს ინფორმაციით, 5-ათასლარიანი ჯარიმისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, კომპანიამ განმეორებით დაარღვია წყალმომარაგების სალიცენზიო პირობები – კომისიაში კვლავ შედიოდა მოქალაქეთა განცხადებები და სატელეფონო შეტყობინებები ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების გაუარესების თაობაზე, რისთვისაც კომისიამ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დამატებით 15 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, კომპანიამ კომისიისაგან კიდევ ერთხელ მიიღო გაფრთხილება – სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 45 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისის შეზღუდულად წყალმომარაგების მიზეზების გარკვევას ტაბულა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგანაც შეეცადა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე თბილისის თითქმის 90% სასმელი წყლით უწყვეტად მარაგდება, რაც კომპანიის პრივატიზებამდე (2008 წელი) არსებულ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ქალაქის ცალკეულ უბნებში გრაფიკის დაწესების მიზეზად კი ასახელებენ თბილისის რთულ რელიეფს, სასმელი წყლის არარაციონალურად მოხმარებას და უმიზნოდ დაღვრის მაღალ მაჩვენებელს (განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში), აგრეთვე, როგორც ირკვევა, არსებობს დანაკარგები წყალმომარაგების სისტემასა და მოსახლეობის კუთვნილ ქსელებში.

მათივე თქმით, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია წლების მიხედვით გაწერილი სარეაბილიტაციო გეგმის შესაბამისად მოქმედებს: „ეტაპობრივად ვატარებთ კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს, ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების (კანალიზაცია) ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ვახდენთ წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სათავო ნაგებობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას არაგვის ხეობაში, ჟინვალსა და თბილისში, ვახდენთ მარეგულირებელი სატუმბო სადგურების გადაიარაღებასა და ახლის მშენებლობას, უახლესი ტიპის ტუმბო-აგრეგატების მონტაჟს, წყალშემკრები და სამარაგო რეზერვუარების რეკონსტრუქცია-მშენებლობას და ასე შემდეგ”, – ამბობენ კომპანიაში.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში ირწმუნებიან, წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტა-აღდგენის მიზეზი ქუჩების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ყოველდღიურად ერთდროულად 30-მდე ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, თბილისის მკვებავი მაგისტრალური არტერიების რეაბილიტაციაც ხორციელდება – „ცხადია, ეს იწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას, რადგან მათ პერიოდულად უწყდებათ წყალმომარაგება, თუმცა, ამ სამუშაოების ჩატარება წყლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია”.

რაც შეეხება წყალმომარაგების სამომავლო პერსპექტივებს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში ამბობენ, რომ უკვე დასრულდა 7500 კუბური მეტრის მოცულობის სამარაგო რეზერვუარის – ვაზისუბანი I-ის – სრული რეკონსტრუქცია, რაც ახალი მშენებლობის ტოლფასი იყო, ასევე მთავრდება ლილოში ახალი 10 000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარის მშენებლობაც. კომპანია ირწმუნება, რომ ამ ორი ახალი რეზერვუარის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება: ლილოსა და მის მიმდებარე დასახლებებს, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, კაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, ცისკრის, ჩოლოყაშვილის, წულაძის, დოდაშვილის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლება კი წყალს სტაბილურად უწყვეტად მიიღებს.

თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად კომპანია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც, რაც სასმელი წყლის უმიზნოდ დაღვრისა და აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ხორციელდება. პროექტი გასული წლის ივნისში დაიწყო და ამჟამად თბილისის კერძო სახლები თითქმის გამრიცხველიანებულია, ახლახან კი მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეთა გამრიცხველიანებაც დაიწყო.

მიუხედავად ჯარიმებისა, ჯორჯიან უოთერში აცხადებენ, რომ დაკისრებული ვალდებულება სრულად აქვთ გაცნობიერებული. ამ ვალდებულების თანახმად, თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი წყალმომარაგება 2012 წლის ბოლოს განხორციელდება, დედაქალაქის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი წყალმომარაგება კი 2015 წლისთვის იგეგმება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები