ამერიკის საგარეო პოლიტიკა

რას შეცვლის საპრეზიდენტო არჩევნები

ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 6 ნოემბრის არჩევნებზე მთავარი თემებია საბიუჯეტო დეფიციტი, საჯარო ვალი, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი და ისინი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს დაჩრდილავენ. საშუალოდ, 20 ამერიკელი ამომრჩევლიდან საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ ერთისთვისაა. ორივე კანდიდატის, მოქმედ პრეზიდენტ ობამასა და რესპუბლიკელ რომნის საარჩევნო კამპანია ეკონომიკაზეა ფოკუსირებული. არჩევნების შედეგების გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე უფრო დანარჩენი მსოფლიოსთვისაა აქტუალური.

2008 წელს ობამა პრეზიდენტის პოსტზე საგარეო პოლიტიკური ამბიციებით დატვირთული მოვიდა. მას მემკვიდრეობით ერაყი და ავღანეთი ერგო, გამწვავდა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი და დადგა არაბული გაზაფხული. ობამამ საკუთარ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაძვრა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაუმატა.

რესპუბლიკელები გამუდმებით აკრიტიკებდნენ მის საგარეო ნაბიჯებს. რომნი და მისი თანაგუნდელები მოქმედ პრეზიდენტს სისუსტესა და კრიტიკული საკითხების არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. რესპუბლიკელები ამომრჩეველს უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ჰპირდებიან.

რომნიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამერიკის უპირველეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და გაპრეზიდენტების მეორე დღესვე ჩინეთს ფინანსურ მანიპულატორად გამოაცხადებს. მიმომხილველთა ნაწილის აზრით, ობამასა და რომნის საგარეო პოლიტიკებს შორის მცირე განსხვავება იქნება და რადიკალურ ცვლილებებს (მიუხედავად რესპუბლიკელთა

სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი
რიტორიკისა) არ უნდა ველოდოთ.

მომდევნო პრეზიდენტს მოუწევს ბოლო წლებში გავრცელებულ აზრთან გამკლავება, რომ ამერიკის სიძლიერე იკლებს. ექსპერტები მულტიპოლარულ მსოფლიოს, ანაც ჩინეთის ჰეგემონობას წინასწარმეტყველებენ. მიმომხილველები ვეს მიტჩელი და იაკუბ გრიგიელი აღნიშნავენ, რომ ამერიკის გავლენა სამ რეგიონში გამოიცდება – აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამ რეგიონებში ამერიკას ჰყავს მოკავშირეები, რომელთა უსაფრთხოება ვაშინგტონის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მიტჩელი და გრიგიელი განმარტავენ, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აქამდეც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან შეამოწმონ ამერიკის მზაობა.

თავდაპირველად, მიუხედავად მათი ავტორიტარიზმისა და დამოკიდებულებისა ამერიკის მოკავშირეების მიმართ, ობამა რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან საერთო ენის გამონახვას შეეცადა. ამერიკის პარტნიორებს საკუთარ უსაფრთხოებაში ეჭვი შეეპარათ, რაზეც გაზრდილი სამხედრო ხარჯებიც მიუთითებს.

2005-09 წლებში, წინა 5 წელიწადთან შედარებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამხედრო ხარჯები ორჯერ გაიზარდა (მაგალითად, მალაიზიის – 722 პროცენტით). ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, თავდაცვაზე ადრინდელზე ათეულობით მილიარდი დოლარით მეტის დახარჯვას გეგმავენ. გარდა ერთგვარი შეიარაღებათა რბოლისა, ამერიკის უკანდახევის შესაძლო შედეგი რეგიონებში თავისუფალი ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაკნინებაა.

ობამას ადმინისტრაციისადმი უნდობლობა 2012 წლის მარტში სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ გაძლიერდა. მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა ობამასა და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პირადი საუბარი. ობამა რუს კოლეგას ეუბნებოდა, რომ არჩევნების შემდეგ მას მიეცემოდა საშუალება,

ბინიამინ ნეთანიაჰუ და ლეონ პანეტა
ყოფილიყო უფრო მოქნილი ანტირასაკეტო თავდაცვის საკითხზე მოლაპარაკებებში. გაჩნდა ეჭვები, რომ ობამას მოქნილობა სხვა საკითხებსა (მაგალითად, ირანის ბირთვულ პროგრამაზე) და ამერიკის მოკავშირეებზეც გავრცელდებოდა. მის მოკავშირეებს, მაგალითად, ისრაელს, თეთრი სახლის მიმართ უნდობლობის გაღრმავების საფუძველი მიეცათ. რომნის გუნდის წევრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ელიოტ კოენი თვლის, რომ ობამასგან განსხვავებით, რომნი პირველ რიგში მოკავშირე ქვეყნების ინტერესების დაცვით დაკავდება.

ობამას ადმინისტრაციის მეორე შეცდომა ერთგვარ იმპერიულ თვითიმედოვნებას უკავშირდება. მის მოქმედებებში იმპლიციტურად გამოსჭვივის რწმენა, რომ საშინაო პრობლემებზე კონცენტრირებისა და საერთაშორისო პრობლემებისადმი ყურადღების მოდუნების მიუხედავად, ამერიკა მაინც შეძლებს გავლენის შენარჩუნებას. მიტჩელი და გრიგიელი აღნიშნავენ, რომ მართალია ამერიკას თავდაცვის ბიუჯეტი არ შეუმცირებია, მაგრამ მისი მოკავშირეები უფრო მეტად ობამას გამოსვლებს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე პენტაგონის ბიუჯეტს.

მიტ რომნი ცდილობს, ობამას პრეზიდენტობის საწყის პერიოდში დაშვებული შეცდომები გამოიყენოს. რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკური რიტორიკა და დოკუმენტები (მაგალითად, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტი An American Century) ამერიკის მიერ აქტიურ, მკვეთრად ფორმულირებულ საგარეო პოლიტიკის დაბრუნებაზე საუბრობენ. რომნის თქმით, როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია – ეს არის ექსპრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული „მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით” მიდგომა.

ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მისი ოპონენტები ჩავარდნილად თვლიან. პრეზიდენტმა ჩეხეთსა და პოლონეთში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებაც გადაიფიქრა, მაგრამ რუსეთთან საერთო ენა მაინც ვერ გამონახა. ობამას გადატვირთვას რომნი რუსეთის ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მეტოქედ დასახელებით პასუხობს. რომნის გუნდის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ავტორიტარიზმში კიდევ უფრო ჩაძირვაა. ასევე ისიც, რომ რუსეთი ამერიკის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს – ეხმარება ირანსა და სირიას, ხელს უშლის ირანზე საერთაშორისო სანქციების დაწესებას და პოსტსაბჭოთა სივრცის თავის გავლენის სფეროდ დაკანონებას ცდილობს. რომნი აცხადებს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის შემცირების New START ხელშეკრულებას გადახედავს.

ბირთვული ირანი, როგორც ობამასთვის, ისე რომნისთვისაც მიუღებელი იქნება. მაგრამ ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, უფრო მკაცრ რიტორიკას გამოიყენებს.

ობამამ ირანზე საერთაშორისო სანქციების გაფართოებას მიაღწია, თუმცა მათი ბირთვული მადა ჯერჯერობით ვერ ჩააცხრო. რომნი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საუბრობს. კანდიდატი აპირებს, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდები მუდმივად იმყოფებოდნენ.

თუ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება სანქციებით ვერ მოხერხდა, ისრაელმა, შესაძლოა, სამხედრო ალტერნატივა აამოქმედოს. ამერიკის პრეზიდენტს, რომნი იქნება თუ ობამა, მოუწევს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მდგომარეობის მართვა.

2014 წელს ავღანეთიდან გამოსვლაც იგეგმება. თარიღი წინასწარ ობამამ დათქვა, რამაც თალიბანთან და სხვა ექსტრემისტულ მოძრაობებთან ამერიკის პოზიცია დაასუსტა. რომნის კამპანიის საგარეო პოლიტიკური საკითხების დირექტორი ალექს ვონგი განმარტავს, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი ეთანხმება ავღანეთიდან ამერიკელთა გამოსვლის პერიოდს, მაგრამ თარიღის წინასწარ დასახელებას შეცდომად მიიჩნევს. რომნი საკუთარ წინასაარჩევნო საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში აღნიშნავს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანისას სამხედრო მეთაურების რეკომენდაციებს დაეყრდნობა. დაუშვებელია, რომ ამერიკელთა გამოსვლის შემდეგ თალიბანმა და სხვა ექსტრემისტულმა მოძრაობებმა ადრინდელი გავლენა დაიბრუნონ.

ობამამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის საკვანძო რეგიონად დაასახელა. რეგიონში ამერიკის ინტერესებია ჩინეთის გავლენის დაბალანსება და თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნება. ამერიკა 2,500-კაციან სამხედრო კონტინგენტს განათავსებს ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე პორტ დარვინში. გარდა ამისა, ვაშინგტონი ცდილობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ინდონეზიასთან, ფილიპინებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

რომნი აცხადებს, რომ ჩინეთს ამერიკასთან კონფრონტაციის უსარგებლობაში დაარწმუნებს და გაპრეზიდენტების პირველ დღესვე აიძულებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების პრინციპების დაცვას. ამასთანავე, რომნის წყნარ ოკეანეში ამერიკის სამხედრო ძალების გაფართოება სურს. ინდოეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება რომნის რეგიონული პოლიტიკური გეგმების კიდევ ერთი პუნქტია. ბრიტანული გამოცემა The Economist აღნიშნავს, რომ ჩინეთისადმი მკაცრი რიტორიკა უკვე 20 წელია ახასიათებთ ამერიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მათი მიდგომა შედარებით ზომიერია. ჩინეთის ფინანსურ მანიპულატორად გამოცხადება გაპრეზიდენტებამდე ობამასაც სურდა.

2008 წელს, გაპრეზიდენტების შემდეგ, ობამამ პირველად ისრაელ-პალესტინის საკითხი ამოიღო მიზანში. მისი მიდგომის არსი მოლაპარაკებების დაძვრის მიზნით ისრაელზე ზეწოლა გახლდათ – სურდა პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ეიძულებინა, დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობა შეეჩერებინა. ისე გამოვიდა, რომ რაც პალესტინელებს დათმობებით უნდა მიეღოთ, უსასყიდლოდ მიიღეს. ამერიკის პრეზიდენტის ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა. ურთიერთობები დაიძაბა ისრაელთან და ვერც პალესტინელების გული მოიგო. მიმომხილველთა ვარაუდით, რომნიც არანაკლებ გაამახვილებს ყურადღებას ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებზე.

ალექს ვონგი აღნიშნავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რომნის პირველი ვიზიტი სწორედ ისრაელში შედგება. თავად რომნი მიუთითებს, რომ ისრაელს ამერიკის მხარდაჭერაში ეჭვი არ შეეპარება და ეს ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებისთვისაც იქნება სასარგებლო. რომნი იმუშავებს თურქეთთან და ეგვიპტესთან, ამ ორ ქვეყანასა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

ობამას აკრიტიკებენ, რომ 2009 წელს ირანში საპროტესტო აქციებზე გამოსულ დემოკრატიულ ძალებს სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. პრეზიდენტის ოპონენტებს არც ის მოსწონთ, თუ როგორ მიუდგა ამერიკა არაბულ გაზაფხულსა და მის შედეგებს. ისინი მიიჩნევენ, რომ თეთრმა სახლმა მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლ რადიკალ, ისლამისტურ ძალებს (მაგალითად, მუსლიმურ საძმოს) და არა დემოკრატიულ მოძრაობებს. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, არაბული გაზაფხულის შემდგომ ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის ამერიკას ბერკეტები შეუმცირდა.

რომნი ობამაზე მეტ ყურადღებას უთმობს სამხრეთ ამერიკას. პრეზიდენტი ვენესუელას უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევს, რომნი კი ცდილობს ამომრჩეველს ანახოს, რომ აქაც პრინციპულ პოზიციას დაიკავებს. მისი თქმით, ირანის მოკავშირე ვენესუელა ავტორიტარული ძალაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასა და დემოკრატიის გავრცელებას უდგას წინ.

ობამასა და რომნის შორის განსხვავება, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობის კუთხითაც იქნება. ობამა მეტ ყურადღებას მიაქცევს საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას – მაგალითად, ჩინეთთან ურთიერთობას APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი) ფარგლებში. ითვლება, რომ რესპუბლიკელები დემოკრატებზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კონფლიქტების მოგვარების მულტილატერალისტურ მიდგომას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში,

ჯო ბაიდენი და ჰამიდ ყარზაი
მულტილატერალიზმი შეიძლება რომნისთვისაც მისაღებ პოლიტიკურ ალტერნატივად იქცეს.

რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მიერ ერთმანეთის კრიტიკის მიუხედავად, მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორივე პარტია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე თანხმდება. Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ წერილში მიმომხილველი აარონ დევიდ მილერი აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ომის შემდგომ ეპოქაში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხების შესახებ სრული ჰარმონიაა. ისინი თანხმდებიან ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებასა და ანტიტერორისტულ ტაქტიკაზე. ორი მხარე ერთ პოზიციამდე ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკამ მიიყვანა.

ბუშის კონტრტერორისტული პოლიტიკა სადაზვერვო სამსახურების გააქტიურებასა და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით ავღანეთსა და პაკისტანში თალიბანისა და ალ-ყაიდას თავშესაფრების დაბომბვას ითვალისწინებდა. მიდგომამ წარმატება მოიტანა. შეიძლება ითქვას, ამერიკელებმა მოახერხეს და თამაში მეტოქის მოედანზე გადაიტანეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტი ვერ განახორციელეს.

ობამამ, გაპრეზიდენტებამდე ბუშის კრიტიკის მიუხედავად, ტერორიზმთან ბრძოლის მისი ტაქტიკის გამოყენება გააგრძელა (დაპირების მიუხედავად, არც გუანტანამოს საპყრობილე გაუუქმებია). ობამას პრეზიდენტობისას, ამერიკელებმა მოახერხეს ჯერ მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, 2012 წლის ივნისში კი ალ-ყაიდას იერარქიაში მეორე პირი, აბუ იაჰია ალ-ლიბიც გაანადგურეს.

ბუშის ერაყული და ავღანური კამპანიები, მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად, ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა – ამერიკას ამ ქვეყნების აღმშენებლობაზე უწევს ზრუნვა. შედეგად, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის ელიტა კიდევ ერთ რისკიან საგარეო პოლიტიკურ კამპანიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დათანხმდება.

ერთია რესპუბლიკელთა და დემოკრატთა საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი, მეორე კი ამ კონსენსუსის სარგებლიანობა. Foreign Policy-ის სტატიაში ექსპერტი მაიკლ კოენი აღნიშნავს, რომ აზრთა თანხვედრა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული პრობლემის უფრო სწრაფად გადაჭრას, მეორე მხრივ კი – ისეთ საკითხებზე შეთანხმებას, როგორებიცაა მსოფლიოში ლიბერალური ეკონომიკებისა და თავისუფალი დემოკრატიების წახალისება. მაგრამ საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი თრგუნავს ალტერნატიულ აზრს, ზღუდავს სხვადასხვა პოლიტიკური ალტერნატივების განხილვას და დღის წესრიგიდან აგდებს პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელ იდეებს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიის მკვლევარი კრისტოფერ ნიკოლსი აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ წლებსა და მე-19 საუკუნეში არსებობდა. მაშინ ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა ქვეყანას ევროპული, მონარქიული ძალის პოლიტიკისგან მაგალითი არ უნდა აეღო. კონსენსუსი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც ამერიკის პოლიტიკური ელიტის საგარეო პოლიტიკურ იმპერატივად კომუნიზმის შეჩერება იქცა. მაიკლ კოენი წერს, რომ ამან დადებითი შედეგებიც მოიტანა (მარშალის გეგმა, რომელმაც ევროპის აღმშენებლობას შეუწყო ხელი და NATO), მაგრამ ამერიკა არასაჭირო სამხედრო კონფლიქტებში ჩაითრია.

ობამას თავის საგარეო პოლიტიკურ გუნდში არ ჰყავს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას საშუალება ექნება ახალი სახელმწიფო მდივანი აირჩიოს, რადგანაც ჰილარი კლინტონი თანამდებობას ტოვებს. მაიკლ კოენი ობამას (ისევე, როგორც რომნის) ურჩევს, ექსპრეზიდენტ ვუდრო ვილსონისგან აიღოს მაგალითი და საგარეო პოლიტიკისთვის ე.წ. მეტოქეთა გუნდი შექმნას. აღსანიშნავია, რომ კლინტონის შემცვლელად მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ჯონ კერი მოიაზრება. კერი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშთან დამარცხდა, 2009 წლიდან კი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უდგას სათავეში.

უცნობია რომნის სავარაუდო საგარეო პოლიტიკური გუნდი – უფრო სწორად, წამყვანი თანამდებობებისთვის მრავალი სავარაუდო კანდიდატი არსებობს. რომნის კამპანიის საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის საკითხების მრჩეველთა გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი პოლიტიკოსებით, დიპლომატებითა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით. მათ შორის გამოსარჩევია თურქეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ერიკ ედელმანი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ელიოტ კოენი, ყოფილი სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან – ჯიმ ტალენტი და ნორმ კოულმენი. რომნის ჰყავს დან სენორიც, რომელიც ერაყში კოალიციური ძალების ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო და რიჩარდ უილიამსონი, დიპლომატი, რომელსაც ჯერ კიდევ რონალდ რეიგანთან უმუშავია და ამჟამად ამერიკის სპეციალური წარმომადგენელია სუდანში.

აღსანიშნავია ასევე რობერტ კაგანი, ანალიტიკური ცენტრის Brookings Institution საგარეო პოლიტიკური მიმომხილველი. უილიამსონის მსგავსად, რეიგანის ადმინისტრაციაში მუშაობდა ჯონ ლემანიც, რომელიც 1981-1987 წლებში ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების მინისტრი იყო. რუსეთის საკითხებში რომნის მრჩევლად ჰყავს ლეონ არონი, ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute რუსეთის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი.

მიუხედავად საგარეო პოლიტიკური დოკუმენტის (An American Century) გამოქვეყნებისა, მიმომხილველთა ნაწილი რომნის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის სიმწირეს უჩივის. რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე მსჯელობა ანალიტიკურ ცენტრში American Enterprise Institute გამოსვლიდან შეიძლება (2007 წელს). მაშინ რომნიმ ახლო აღმოსავლეთისთვის ერთგვარი მარშალის გეგმის იდეაზე ისაუბრა.

2010 წელს რომნიმ გამოუშვა წიგნი No Apology: The Case for American Greatness, რომელშიც ამერიკისთვის სამ მთავარ საფრთხედ დაასახელა ჩინეთის სამხედრო გაძლიერება, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდა და გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობა. 2011 წლის ოქტომბერში კი ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის დაფინანსების გაზრდაზე, ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ერთი დიპლომატის გარშემო კოორდინაციასა და სარაკეტო თავდაცვის დაფინანსების შეკვეცის გაუქმებაზე ისაუბრა. მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე რომნი ერთხელ მაინც ილაპარაკებს ვრცლად თავის საგარეო პოლიტიკაზე.

კანდიდატების წინასაარჩევნო საგარეო პოლიტიკურ რიტორიკაში საკუთარი ადგილი უჭირავს ამერიკის გამორჩეულობის (American Exceptionalism) შესახებ საუბარს. კონცეფციას ერთი კონკრეტული განსაზღვრება არ აქვს, თუმცა ის ქვეყნის განსაკუთრებულ როლს (მაგალითად, მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად) გულისხმობს მსოფლიო პოლიტიკაში. რომნის თქმით, მას სჯერა ამერიკის გამორჩეულობის, ხოლო ობამასთვის ამერიკა ერთი რიგითი ქვეყანაა. თავად ობამა ქვეყნის გამორჩეულობის რწმენის დადასტურებად საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ასახელებს. მიმომხილველი ური ფრიდმანი აღნიშნავს, რომ ამერიკის გამორჩეულობაზე საუბარი ხშირად გადაიზრდება ხოლმე კამათში, თუ ვის უფრო უყვარს ქვეყანა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავალს არჩევნები გამოარკვევს, მაგრამ არც რომნის და არც ობამას მომავლის განჭვრეტის ზებუნებრივი უნარი არ გააჩნიათ. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველთა გუნდს ჰქონდა ხედვა, რომლის მიხედვითაც ცივი ომის შემდგომ გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის სიძლიერეს სხვა სახელმწიფოები კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამერიკის მთავარი მეტოქე არა რომელიმე ქვეყანა, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდა იყო. ამერიკის გამორჩეულობის რწმენასთან ერთად, კანდიდატებს მოვლენების არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარებისთვის მზაობაც დასჭირდებათ.

 

 

კომენტარები